საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ახალ ქვეშტამთან მიმართებაში პანიკის საფუძველი არ არსებობს,“ - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ კორონავირუსის ახალი ქვეშტამის გავრცელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რუსეთსა და დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული:
„კორონავირუსსაც ახასიათებს მუტაცია. დელტა ვარიანტის ახალი ქვეშტამი მუტაციის შედეგად წარმოიქმნა. ის არის შესწავლის ქვეშ, მეცნიერები მას აკვირდებიან. ახალი ქვეშტამი გავრცელებულია დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში. მან ყურადღება იმით მიიქცია, რომ ამ ქვეშტამით გამოწვეული ინფიცირების ზრდა მოხდა.“
ალექსანდრე გოგინავას თქმით, ახალ ქვეშტამზე დაკვირვება და მისი შესწავლა მიმდინარეობს:
„ამ ქვეშტამის მიმდინარეობის სირთულესთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნების გაკეთება რთულია. ჩემი აზრით, ახალ ქვეშტამს სხვა შტამებისგან დიდი სხვაობა არ ექნება. ჯერ მაინც დავაკვირდეთ და ვნახოთ. რაც მთავარია, პირველადი მონაცემებით ამ ქვეშტამზეც ძალიან ეფექტიანია ვაქცინა.“
„დელტა შტამს აღმოაჩნდა უნარი, რომ უფრო ადვილად გავრცელებულიყო ბავშვებში. ჯერ არ არის ახალი ინფორმაცია როგორ მიმდინარეობს ბავშვებში ახალი ქვეშტამი. მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი ქვეშტამის გავრცელებაც და მიმდინარეობაც ბავშვებში არის იგივე, რაც დელტა შტამის დროს იყო. პანიკის საფუძველი ახალ ქვეშტამთან მიმართებაში არ არსებობს,“ - აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.