Baby Bag

„ვეხმაურები პოპულარულ ფრაზას: „რა ვერ დამთავრდა ამათი დევნილობა; არ გამიგია თაობებით დევნილები...“- ეკა წივწივაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„ვეხმაურები პოპულარულ ფრაზას: „რა ვერ დამთავრდა ამათი დევნილობა; არ გამიგია თაობებით დევნილები...“- ეკა წივწივაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

TV პალიტრანიუსის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა წივწივაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბოლო დროს საზოგადოებაში დევნილების მიმართ გაკეთებულ ნეგატიურ კომენტარებს გამოეხმაურა:

„ვეხმაურები ბოლო დღეებში ძალიან პოპულარულ ფრაზას „რა ვერ დამთავრდა ამათი დევნილობა; არ გამიგია თაობებით დევნილები.“

ბებიაჩემი გარდაიცვალა, მამაჩემი გარდაიცვალა, მე რომ გარდავიცვლები თუ ჩემ შვილს დევნილის სტატუსი არ ექნება ჩემი გვარიდან აფხაზეთიდან დევნილი არავინ იქნება.

ასე იქნება ყველა აფხაზეთიდან დევნილის შემთხვევაში. აფხაზეთში რომ გვეცხოვრა ჩვენი შვილებიც იქ დაიბადებოდნენ და რა გასაკვირია დევნილების შვილებს დევნილის სტატუსი ჰქონდეთ?!

და თუ დევნილები არ ეყოლება სახელმწიფოს - შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაბრუნებელიც არავინ ეყოლება მთავრობას, რომელიც თავის ნომერ პირველ პრობლემად ოკუპაციას ასახელებს !!!

წლებია სახელმწიფოსგან „იმ 45 ლარიან" დახმარებასაც არ ვიღებ, არც დევნილების კორპუსში ვცხოვრობ,რაც გავთხოვდი, მაგრამ ამ სტატუსს არასდროს მოვიხსნი,მიუხედვად იმისა, რომ ჩემთვის ხშირად დამცირების მომტანია საკუთარ სამშობლოში მისი ტარება. იმიტომ ,რომ ეს ერთადერთია,რაც აფხაზეთიდან დამრჩა, ეს ერთადერთია, რაც სოხუმიდან წამოვიღე.

და კიდევ მავან ჭკუისდამრიგებელთა საყურადღებოდ - 30 წელია ვერ გაგირჩევიათ ლტოლვილი თუ დევნილი!!!

ლტოლვილი ჰქვია ერთი ქვეყნიდან მეორეში გადმოსახლებულ პირს.

ჩვენ იძულებით ადგილნაცვალი პირები ვართ.

ი ძ უ ლ ე ბ ი თ !!! ამ სიტყვას კარგად გაგება უნდა.

ძალიან მიყვარს თბილისი. ხუთი წლიდან აქ ვცხოვრობ, მთელი ჩემი სამყარო ახლა აქ არის, მაგრამ ხვალ რომ იყოს დაბრუნება არცერთი წუთი არ დავრჩები. ჩემ ბევრი თაობით თბილისელ შვილებთან ერთად დავბრუნდები, ჩემთან, სოხუმში, ჭავჭავაძის 48 ნომერში, ჩემს სახლში.

და კიდევ ერთი დეტალი - ხშირად დევნილებს „ეტენებათ" ყველა მანკიერი ქმედება, ბინების გასხვისება, შენობებში შეჭრა და ა.შ...

აქვე ცნობისთვის ყველა სოციალურად დაუცველი დევნილი არ არის, ისევე როგორც ყველა დევნილი არ არის სოციალურად დაუცველი.

და თუ ვინმე დევნილს ზედმეტი ბინა მისცა ხელისუფლებამ, მიზეზები გაურკვეველ კომისიებში მოიკითხეთ და დასვით კითხვა რატომ!!!

აფხაზეთში ღარიბი არ არსებობდა!!! ყველამ იცის რომ აფხაზეთი უმდიდრესი მხარე იყო და ძალიან დიდი ბოდიში ყველა ადგილობრივთან თუ ახლა, სამ სართულიანი სახლების მაგივრად 36 კვადრატულს გვაძლევს სახელმწიფო (აი ვისაც ეს გშურთ მთელი გულით გისურვებთ,რომ თქვენც დაგჭირდეთ სახელმწიფოსგან 36 კვადრატული).

პ.ს მე ეგეც არ მინდა, ჩემი და ჩემი ქმრის შრომით ვიყიდე უკვე!!!“- აღნიშნავს ეკა წივწივაძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად