Baby Bag

„ვილოცოთ, რომ არ დაიღვაროს არცერთი წვეთი სისხლი, ვისიც არ უნდა იყოს, არ დაზარალდეს არცერთი ბავშვი, სადაურიც არ უნდა იყოს,“- შალვა ამონაშვილი

„ვილოცოთ, რომ არ დაიღვაროს არცერთი წვეთი სისხლი, ვისიც არ უნდა იყოს, არ დაზარალდეს არცერთი ბავშვი, სადაურიც არ უნდა იყოს,“- შალვა ამონაშვილი

„ამონაშვილის აკადემია“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება:

„ძვირფასო მეგობრებო, ის, რაც ახლა ხდება, თანაბრად ეხება ყველას და ყოველი ადამიანის ტკივილია. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. მინდა ვუსურვო ყველა ჩვენს უკრაინელ მეგობარს მშვიდობა და ერთიანობა. ჩვენ სიკეთისა და კეთილდღეობის შემქმნელი საზოგადოება ვართ და ნათლად ვაცნობიერებთ, რომ მეგობარი გაჭირვებაში იცნობა. დავეხმაროთ ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ვუთანაგრძნოთ ყველას, ვისაც ეს ძალებს შეჰმატებს. გავუგზავნოთ სიყვარული ყველას, რადგან ჩვენს გულს უსაზღვრო სიყვარული შეუძლია.

ვილოცოთ, რომ არ დაიღვაროს არცერთი წვეთი სისხლი, ვისიც არ უნდა იყოს. ვილოცოთ, რომ არ დაზარალდეს არცერთი ბავშვი, სადაურიც არ უნდა იყოს.

ნებისმიერი ომი კლავს და ანადგურებს სინათლეს, სამყაროს ჰფენს მტრობასა და სიძულვილს. ომს არ აქვს გამართლება, ის ბოროტებაა, ის უგუნურებაა, მაგრამ დღეს ომი მოვიდა და უმოწყალოდ პარპაშებს. ხელისუფლებებს არ ეყოთ გონიერება გადაეწყვიტათ გაუგებრობა ტყვიებზე უფრო ძლიერი იარაღით - ღვთის უდიდესი საჩუქრით - სიტყვით და გონებით.

დადგება დრო, როდესაც ყველაფერი ცუდ სიზმარს დაემსგავსება, მაგრამ ახლა აუცილებელია გადარჩენა, ბავშვების მოფრთხილება, ერთმანეთის მხარდაჭერა. არ მივცეთ მიმდინარე მოვლენებს უფლება დაბომბოს ჩვენი ადამიანურობის საყრდენები - რწმენა, იმედი და სიყვარული.

მხოლოდ ამ სამშია მომავლის გამარჯვება.

ძვირფასო მეგობრებო, მიყვარხართ ყველა, გითანაგრძნობთ ყველას, მესმის ყოველი თქვენგანის ტკივილის. შევეცადოთ ამ არეულ, გაურკვეველ, რთულ დღეებში ჩავაბაროთ ადამიანობის გამოცდა, რისკენაც მოგვიწოდებენ წმინდა წერილები. დავეხმაროთ ერთმანეთს, დავიცვათ ბავშვები. ამ ბნელ დროში დავრჩეთ სინათლის ადამიანებად და არ დავნებდეთ წყვდიადის ძალებს.

ჩემი გული ტირის. უყვარხართ თქვენ და ლოცულობს თქვენთვის,“- წერს შალვა ამონაშვილი.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

5 არაჩვეულებრივი საახალწლო ფილმი, რომელიც არასდროს ძველდება

5 არაჩვეულებრივი საახალწლო ფილმი, რომელიც არასდროს ძველდება

ახალი წლის დღეებში ოჯახურ გარემოში კარგი ფილმების ყურება ყველას უყვარს. ჩვენს სტატიაში 5 არაჩვეულებრივ საახალწლო ფილმს გაგაცნობთ, რომელიც არასდროს ძველდება და ნებისმიერი ასაკის მაყურებელს ხიბლავს.

1. „მარტო სახლში“

მარტო სახლში ერთ-ერთი საუკეთესო საახალწლო ფილმია, რომელიც ნამდვილად არასდროს ძველდება. საახალწლო განათებებით, მომხიბლავი ოჯახური ატმოსფეროთი და მთავარი გმირის საინტერესო თავგადასავლებით ყველა მოჯადოებული რჩება. მაკოლეი კალკინის მონაწილეობით გადაღებულ ამ საოცარ სურათს საახალწლო ფილების ნუსხაში კონკურენტი არ ჰყავს.

2. „ელფი“

საოცარი ფილმი, რომელშიც მთავარ როლს უილ ფერელი ასრულებს კომედიური ჟანრის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი ფილმია. ის ელფების სამყაროში მოხვედრილი ბავშვის თავგადასავლს გვიამბობს. თუ „ელფი“ აქამდე არ გინახავთ, გირჩევთ, ახალი წლის დღეებში ოჯახთან ერთად ამ საოცარი კომედიით გახალისდეთ.

3. „კლაუსი“

2019 წლის ანიმაცია მაყურებლებში დღემდე უდიდესი პუპულარობით სარგებლობს. ცნობილი ესპანელი რეჟისორის სერხიო პაბლოსის უნიკალური სურათი საახალწლო განწყობას შეგიქმნით და სანტა კლაუსის შესახებ ყველაზე ორიგინალურ ისტორიას გიამბობთ.

4. „თეთრი შობა“

მიუზიკლების მოყვარულებს 1954 წლის ამერიკული ფილმი ნამდვილად მოეწონებათ. ფილმში მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. რეჟისორ მაიკ კერტისის რომანტიკული ფილმი ორი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც დები უყვარდებათ. ფილმი მუსიკალური სცენებით არის დატვირთული.

5. „ეს მშვენიერი ცხოვრება“

ფრენკ კაპრას „ეს მშვენიერი ცხოვრება“ ყველა დროის საუკეთესო საშობაო ფილმად არის აღიარებული. განსაცდელში ჩავარდნილ მთავარ გმირს მფარველი ანგელოზი სიცოცხლის ხალისის დაბრუნებაში ეხმარება. ეს საოცარი ფილმი ყველა თაობისთვის ერთნაირად საყვარელი და საინტერესო სურათია.

წყარო: ​bgr.com

წაიკითხეთ სრულად