Baby Bag

„ვილოცოთ, რომ არ დაიღვაროს არცერთი წვეთი სისხლი, ვისიც არ უნდა იყოს, არ დაზარალდეს არცერთი ბავშვი, სადაურიც არ უნდა იყოს,“- შალვა ამონაშვილი

„ვილოცოთ, რომ არ დაიღვაროს არცერთი წვეთი სისხლი, ვისიც არ უნდა იყოს, არ დაზარალდეს არცერთი ბავშვი, სადაურიც არ უნდა იყოს,“- შალვა ამონაშვილი

„ამონაშვილის აკადემია“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება:

„ძვირფასო მეგობრებო, ის, რაც ახლა ხდება, თანაბრად ეხება ყველას და ყოველი ადამიანის ტკივილია. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. მინდა ვუსურვო ყველა ჩვენს უკრაინელ მეგობარს მშვიდობა და ერთიანობა. ჩვენ სიკეთისა და კეთილდღეობის შემქმნელი საზოგადოება ვართ და ნათლად ვაცნობიერებთ, რომ მეგობარი გაჭირვებაში იცნობა. დავეხმაროთ ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ვუთანაგრძნოთ ყველას, ვისაც ეს ძალებს შეჰმატებს. გავუგზავნოთ სიყვარული ყველას, რადგან ჩვენს გულს უსაზღვრო სიყვარული შეუძლია.

ვილოცოთ, რომ არ დაიღვაროს არცერთი წვეთი სისხლი, ვისიც არ უნდა იყოს. ვილოცოთ, რომ არ დაზარალდეს არცერთი ბავშვი, სადაურიც არ უნდა იყოს.

ნებისმიერი ომი კლავს და ანადგურებს სინათლეს, სამყაროს ჰფენს მტრობასა და სიძულვილს. ომს არ აქვს გამართლება, ის ბოროტებაა, ის უგუნურებაა, მაგრამ დღეს ომი მოვიდა და უმოწყალოდ პარპაშებს. ხელისუფლებებს არ ეყოთ გონიერება გადაეწყვიტათ გაუგებრობა ტყვიებზე უფრო ძლიერი იარაღით - ღვთის უდიდესი საჩუქრით - სიტყვით და გონებით.

დადგება დრო, როდესაც ყველაფერი ცუდ სიზმარს დაემსგავსება, მაგრამ ახლა აუცილებელია გადარჩენა, ბავშვების მოფრთხილება, ერთმანეთის მხარდაჭერა. არ მივცეთ მიმდინარე მოვლენებს უფლება დაბომბოს ჩვენი ადამიანურობის საყრდენები - რწმენა, იმედი და სიყვარული.

მხოლოდ ამ სამშია მომავლის გამარჯვება.

ძვირფასო მეგობრებო, მიყვარხართ ყველა, გითანაგრძნობთ ყველას, მესმის ყოველი თქვენგანის ტკივილის. შევეცადოთ ამ არეულ, გაურკვეველ, რთულ დღეებში ჩავაბაროთ ადამიანობის გამოცდა, რისკენაც მოგვიწოდებენ წმინდა წერილები. დავეხმაროთ ერთმანეთს, დავიცვათ ბავშვები. ამ ბნელ დროში დავრჩეთ სინათლის ადამიანებად და არ დავნებდეთ წყვდიადის ძალებს.

ჩემი გული ტირის. უყვარხართ თქვენ და ლოცულობს თქვენთვის,“- წერს შალვა ამონაშვილი.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფიზიოლოგიური ხსნარის დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ," - პედიატრი მაია ჩხაიძე

„ფიზიოლოგიური ხსნარის დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ," - პედიატრი მაია ჩხაიძე

პედიატრმა მაია ჩხაიძემ მშობლებს ურჩია ჩვილებთან სურდოს შემთხვევაში ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენონ. მისი თქმით, ხსნარის დამზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია:

​ფიზიოლოგიური ხსნარი არის ჩვეულებრივი 0,9%-იანი მარილხსნარი, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებშიც დაამზადოთ. ახლა არ არის პრობლემა, გამოიძახებთ და მოგიტანენ, მაგრამ ჩემი ახალგაზრდობის დროს ასე არ იყო ხელმისაწვდომი. პროპორციულად ხსნარი 0,9 %-იანი უნდა გამოგვივიდეს, როდესაც თბილ წყალში ჩავყრით მარილს და გავამზადებთ ხსნარს.“

„ფიზიოლოგიური ხსნარი იყიდება ყველგან. ეს არ არის მედიკამენტი, ჩათვალეთ, რომ ბავშვს მარილწყალს ასხამთ. ყოველ ერთ საათში ერთხელ შეგვიძლია რამოდენიმე წვეთი ჩავასხათ ბავშვს. ​ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენება ცხვირის დასასველებლად და ლორწოვანი სეკრეტის გასათხელებლად, რომელიც უფრო ადვილად წამოვა ცხვირის ღრუდან,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად