Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლის ლექსიკა წყვეტს ბავშვის მომავალს. სიტყვებით სულიერ სასახლეს ვაშენებთ ან ვანგრევთ ჩვენშიც და ბავშვშიც,“ - შალვა ამონაშვილი

„მშობლის ლექსიკა წყვეტს ბავშვის მომავალს. სიტყვებით სულიერ სასახლეს ვაშენებთ ან ვანგრევთ ჩვენშიც და ბავშვშიც,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის მომავალზე მშობლის ლექსიკის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოთქმული სიტყვა ადამიანისთვის ან სიკეთის მომტანია, ან უბედურების:

„მშობლის ლექსიკა წყვეტს ბავშვის მომავალს. წარმოთქმული სიტყვა ან სიკეთის მომტანია, ან უბედურების. თუ სიტყვაში ჩავდე ჩემი ალერსი, სიყვარული, პატივისცემა, თანაგრძნობა, იმედი, რწმენა, ეს გამოიწვევს იმას, რომ ბავშვი უფრო გაბედულად გადადგამს ნაბიჯს. ასეთი რაღაცაა სიტყვა. რომ გავიგონებ ხოლმე „მეხი კი დაგაყარეო,“ მთელი ბალანი მებურძგლება. თითქოს მე მეუბნებიან ამას, როდესაც ბებია ან დედა ბავშვს ეუბნება: მეხი კი დაგაყარეო. ​როგორ უნდა დააყარო მეხი ბავშვს?!

შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ხშირად მოეფერონ:

„ბავშვებს უნდა ვეფეროთ. ​ბავშვს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ის კარგია, მშვენიერია, ლამაზიცაა. მას უნდა მივაწეპოთ ის სიტყვები, რაც შეიძლება მასში არ არის. არ არის გამბედავი, მაგრამ უნდა უთხრა: „შენ როგორი გამბედავი ხარ!“

„სიტყვები, რომლებიც ჩვენგან გამოდის, ჩვენც გვაშენებს, როგორც ადამიანებს. სიტყვებით ჩვენს სულიერ სასახლეს ვაშენებთ, ან ამავე ​სასახლეს ჩვენშიც ვანგრევთ და სხვაშიც. ბილწსიყვაობა ოჯახში დამანგრეველი ძალაა. ამ დროს ჩვენი სისხლი იცვლება. ჩვენს სისხლში აღმოჩნდება  მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც აღარ გადის სისხლიდან,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა „ამონაშვილის აკადემიის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად