Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სკოლაში ბავშვს გარდა იმ პირბადისა, რომელიც უკეთია, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათადარიგო პირბადეც,“ - მარი მალაზონია

„სკოლაში ბავშვს გარდა იმ პირბადისა, რომელიც უკეთია, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათადარიგო პირბადეც,“ - მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მშობლებს უსაფრთხოების ის წესები გააცნო, რომელიც ბავშვმა სკოლაში პირბადის ტარებისას უნდა დაიცვას:

„როდესაც ჩვენ ბავშვს ვუშვებთ ​სკოლის გარემოში, სადაც ყველაზე მცირე ასაკის ბავშვსაც კი პირბადე მოეთხოვება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათადარიგო პირბადეც, გარდა იმ პირბადისა, რომელიც უკეთია. ბავშვს შეიძლება დაუსველდეს პირბადე, გაოფლიანდეს, პირბადის ეფექტიანობა დაიკარგოს, არასწორად მოიხმაროს.“

მარი მალაზონიას თქმით, ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპეციალური სათავსო პირბადეებისთვის:

„ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ მან არასწორი პოზიცია მოუძებნა პირბადეს, ჩამოუვარდა პირბადე, ის უნდა გამოცვალოს. შევთანხმდით, რომ გვაქვს სათადარიგო პირბადეები. ამ პირბადეებისთვის აუცილებლად უნდა გვქონდეს სათავსო. სათავსო არ ნიშნავს, რომ ყუთი უნდა გვქონდეს ან უჯრა. ამისთვის უნდა გვქონდეს თუნდაც ერთჯერადი უსაფრთხო პაკეტები, საიდანაც ბავშვი შეძლებს მხოლოდ საყურეზე ხელის მოკიდებით ამოაცუროს და გამოიყენოს ნიღაბი.“

„პირბადე ბავშვმა ყველაზე უსაფრთხო ზონაში უნდა გამოიცვალოს. თუ მეგობრები ერთად არიან და ბევრ მათგანს ერთდროულად უწევს პირბადის მოხსნა, ეს რისკის შემცველი ზონაა. განმარტოვებული, შედარებით განიავებადი სივრცე არის სასურველი. ​ბავშვმა პირბადე შეიძლება გამოიცვალოს ფანჯარასთან ახლოს. ბავშვი დაბინძურებულ და სუფთა პირბადესაც მხოლოდ ყურებზე ეხება,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად