Baby Bag

„თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი... კიდევ მინდა მასე, დე, გთხოვ...“- ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის დედა

„თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი... კიდევ მინდა მასე, დე, გთხოვ...“- ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის დედა

შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის შვილთან ერთად გატარებულ ბედნიერ დღეებს იხსენებს და მათ დაბრუნებაზე ოცნებობს:

„თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი. თავისი ტკბილი ხმით მეტიკტიკებოდა ხოლმე, მუსიკებს ვუსმენდით და სკეიტბორდით ვკატაობდით,ნუ ვცდილობდით მაინც. მერე რამე გემრიელობას გამოვიძახებდით და იქვე ბალახზე მივირთმევდით… კიდე მინდა მასე, დეე... გთხოვ…“- წერს დაშავებული მოზარდის დედა.

შეგახსნებთ, რომ შემთხვევა 31 მარტს მოხდა. მოზარდს, რომელიც ტროტუარზე ტრანსპორტს ელოდებოდა, ავტომობილი დაეჯახა. ბავშვს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მოგვიანებით კი ის სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც მეტს იკოტრიალებს, მით უფრო კარგად არის ბავშვი... ბავშვს არ უნდა სიწყნარე,“- ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„რაც მეტს იკოტრიალებს, მით უფრო კარგად არის ბავშვი... ბავშვს არ უნდა სიწყნარე,“- ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის განვითარებისთვის კომუნიკაციისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„კომუნიკაცია ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია. კომუნიკაციის გარეშე ბავშვის განვითარება ძალიან რთულია. მან კომუნიკაციით უნდა ჩამოაყალიბოს სოციალური ურთიერთობების ფენომენი, გაიგოს ვინ ვინ არის. გაიხსენეთ თქვენი თავი, როგორ გვიხაროდა არდადეგებზე წასვლა, მაგრამ როგორც კი მთავრდებოდა არდადეგები, გვენატრებოდა კლასელები, სკოლა კი არა, კლასელები! ეს სულ სხვა რამ არის. ჩვენი სოციუმი გვენატრებოდა. ცოტა მოზრდილ ასაკში დასასვენებლადაც კი კლასელებთან ერთად დავდიოდით.

ის, რაც ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ფიზიკური აქტივობა. სახლში ვისაც ფართი არ აქვს, უბრალოდ რამოდენიმე სკამისგან აუწყონ გასართობი ბავშვებს. იმ სკამის ქვეშ იძრომიალონ, გაძვრნენ, გამოძვრნენ, გადაგორდნენ, გადმოგორდნენ. რაც მეტს იკოტრიალებს, მით უფრო კარგად არის ბავშვი. რაც უფრო დასვამთ, მით უფრო ცუდად მიდის მერე საქმე. მისმა ხერხემალმა, მისმა კუნთებმა, მისმა ტვინმა სულ უნდა იმუშაოს. ბავშვი რეალურად უკვე აძვრა ასაძრომზე, გადმოსაგდები გადმოაგდო და ამიტომ ისევ იწყება: „დაჯექი, წყნარი თამაშები ვითამაშოთ.“ არ უნდა იმას სიწყნარე.

მუსიკითა და არტ-თერაპიით ბავშვი რეალიზაციას აკეთებს. თუნდაც ერთი პლასტელინისგან გამოძერწოს რაღაც ბეკეკა. იმ წუთას ის რეალიზებულია და ძალიან შედეგობრივია ეს. იმიტომ, რომ მან მიიღო გარკვეული შედეგი. ეს აუცილებელი პირობაა ბავშვის განვითარებისთვის. ჯერ ერთი, ის ნატიფ მოძრაობებს ავითარებს. ეს ტვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იგივეა ნებისმიერ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. ნებისმიერი მუსიკალობა ნებისმიერ ინსტრუმენტზე, მხატვრობა, ძერწვა, არის სასარგებლო. არ არის აუცილებელი ეს იყოს „წყნარი თამაშები.“ გადაკოტრიალდეს და ისე გამოძერწოს ბავშვმა, არ არის ეს პრობლემა,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის კოდი“

წაიკითხეთ სრულად