Baby Bag

„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა, სხვისას არ ჰგავდა“ - გიორგი კეკელიძე საზაფხულო არდადეგებზე

„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა, სხვისას არ ჰგავდა“ - გიორგი კეკელიძე საზაფხულო არდადეგებზე
„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადის კარაქიანს. არ იყო ეს უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე არ იყო. არც მწუხარება და არც სიხარული. არც ტყვეობა და არც თავისუფლება. სადღაც შუაში გაჩხერილები ვიდექით მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში ნაკლეიკებით და რუმინეთიდან, ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ რეზინებს ვღეჭავდით. და ვბერავდით. მაგრამ, ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ამოვარდნა გვეგულობოდა იმ დროს - საზაფხულო არდადეგები. განა რამე იცვლებოდა კალენდარში რიცხვების გარდა. იგივე ხიდი იდგა და მდინარეში იგივე ხიდიდან ვხტებოდით. იგივე მდინარე ჩამოდიოდა. იგივე ღობეები და იგივე ლოგინები და იგივე სიზმრები. და წვიმის ხმა ოჭვათოში - ძალიან იგივე. მაგრამ ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, რადგან ეს შეუმჩნეველი ოცნება იყო ნამდვილ არდადეგებზე. მოგზაურობებით და თავგადასავლებით სავსე არდადეგებზე. სიახლეებით და გაკვირვებით სავსე არდადეგებზე. და გვიხაროდა, რადგან ვიცოდით ან უფრო ზუსტად: ვგრძნობდით, რომ ზაფხულის არდადეგები გულისხმობდა სხვა ამბებს, რომელიც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ვერასოდეს მომხდებოდა. ამ უცხო ტვირთით მოვედით ჩვენ. სხვა ვერ გაიგებს ამ სიმძიმეს და სიმსუბუქეს. გაუგებარ სიხარულს. შეიძლება ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგოთ ჩვენი ნელ-თბილი ბავშვობა, დიდი ამოვარდნით, დიდი სიცხით - საზაფხულო არდადეგებით.“

გიორგი კეკელიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედაჩემი სკოლის პედაგოგი იყო, ნამდვილი ანგელოზი... მედიცინა სწორედ დამჭკნარი და დაავადებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და პირობა მივეცი, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი სახელით უამრავ ადამიანს გადავარჩენდი“

„დედაჩემი სკოლის პედაგოგი იყო, ნამდვილი ანგელოზი... მედიცინა სწორედ დამჭკნარი და დაავადებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და პირობა მივეცი, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი სახელით უამრავ ადამიანს გადავარჩენდი“

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე დედაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ​Momsedu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„დედაჩემი სკოლის პედაგოგი იყო, ნამდვილი ანგელოზი... მიუხედავად იმისა, რომ ის წლების წინ გარდაიცვალა, მისმა დაკარგვამ საბოლოოდ შეცვალა ჩემი, ჩემი დის და მამის ცხოვრება! ჩვენ არასოდეს ვსაუბრობთ დედაზე, მაგრამ მის არარსებობას წლებია უმძიმესად განვიცდით! დრო მკურნალია? - ალბათ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ყოფილა... წლების მერე ისევ მესიზმრება და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ის აღარ არის! სიზმრებში ის ისეთი ცოცხალია, ისეთი ნამდვილია... მედიცინა სწორედ დამჭკნარი და დაავადებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და გასვენების დღეს პირობა მივეცი, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი სახელით უამრავ ადამიანს გადავარჩენდი... ამ გვერდის ვიდეოებით დატვირთვა სწორედ მის გამო გადავწყვიტე და იმედია, რომ მოგეხმარებათ... მეც, მართალია, ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება მქონდა და ჯერ ისევ მაქვს, მაგრამ არანაირი დანებება! ბოლომდე! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების გამო და ამისთვის ბევრი უნდა ვისწავლოთ! უფრო ძლიერები და უფრო ჭკვიანები ვიყოთ! ისინი იმსახურებენ ამას!“ - წერს გიორგი ღოღობერიძე.

წაიკითხეთ სრულად