Baby Bag

„მიმაჩნია, რომ საწყისთა საწყისიდან უნდა მოვყვეთ, ანუ ბავშვებიდან!“ - ასტრიდ ლინდგრენის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელმაც ბავშვზე ძალადობა კანონით აკრძალა

„მიმაჩნია, რომ საწყისთა საწყისიდან უნდა მოვყვეთ, ანუ ბავშვებიდან!“ - ასტრიდ ლინდგრენის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელმაც ბავშვზე ძალადობა კანონით აკრძალა

ყველასთვის უსაყვარლესმა საბავშვო მწერალმა ასტრიდ ლინდგრენმა 1978 წელს, როდესაც მას გერმანიაში პრესტიჟულ „მშვიდობის პრემიას" გადასცემდნენ წარმოთქვა სიტყვა, რომელსაც ​Momsedu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

„კაცობრიობა თავისი არსებობის დღიდან იბრძვის და ომობს. ჩვენი მსხვრევადი, მყიფე სამყარო გამუდმებით საფრთხის ქვეშაა. იქნებ დადგა დრო, ვკითხოთ საკუთარ თავს, თავად ხომ არ ვაკეთებთ ყოველდღე ისეთ რამეს, რასაც მუდმივი კონფლიქტებისკენ მივყავართ? როგორ გავხდეთ უკეთესები და როგორ დავივიწყოთ აგრესია?

მიმაჩნია, რომ საწყისთა საწყისიდან უნდა მოვყვეთ, ანუ ბავშვებიდან! ძალიან მალე სწორედ ისინი გახდებიან ამ პლანეტის მმართველები და მათი გადასაწყვეტი იქნება, განაგრძონ აგრესია თუ სიხარულსა და მშვიდობაში იცხოვრონ.

მახსოვს, როგორ შოკში ვიყავი, როცა გავაცნობიერე: ჩვენ გვმართავენ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ ღვთაებრივი წინასწარმეტყველებისა და სიბრძნის უნარი. ისინი ჩვენნაირები არიან — თავიანთი სისუსტეებითა და ვნებებით, მაგრამ ხელთ უპყრიათ ძალაუფლება. რატომ იღებენ ეს ადამიანები ესოდენ უვარგის გადაწყვეტილებებს? ბუნებითი ბოროტების გამო ხომ არა?

მე ასე არ მგონია. ბავშვი დაბადებისას არც კარგია და არც ცუდი. მაშ, ვინ წყვეტს, როგორი იქნება ის შემდგომში — კეთილი და გულისხმიერი თუ სასტიკი და გულქვა მარტოხელა მგელი?

ამას ჩვენ, მათი მშობლები ვაკეთებთ — ადამიანები, რომლებმაც ბავშვებს სიყვარული უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ზოგჯერ, ჩვენივე სურვილის წინააღმდეგ, საპირისპიროს ვჩადით.

ერთხელ ერთი პასტორის მეუღლეს შევხვდი, რომელმაც მითხრა, პირველი შვილი რომ შემეძინა, ცემის სიკეთისა საერთოდ არ მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბავშვების გაროზგვა ძალიან გავრცელებული მეთოდი იყოო.

მაგრამ მერე, როცა ბავშვი 4 თუ 5 წლისა გამხდარა, რაღაც ისეთი ცელქობა ჩაუდენია, რომ პასტორის ცოლს პრინციპებისთვის უღალატია და შვილის გემოზე გაროზგვა გადაუწყვეტია — პირველად ცხოვრებაში. ბავშვი თავად გაუშვია ეზოში წკეპლის მოსატანად.

ბიჭს კარგა ხანს დაგვიანებია და როცა დაბრუნებულა, სახე ერთიანად ცრემლებით ჰქონია სველი. მისულა და დედისთვის უთქვამს:

„დედიკო, წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ ქვა მოგიტანე და შეგიძლია მესროლო“.

და ამ დროს დედას ცხოვლად შეუგრძვნია ბავშვის თვალით აღქმული ვითარება: თუ დედას უნდა ტკივილი მომაყენოს, მაშ, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებს ამას — წკეპლით თუ ქვით.

გულშეძრულ დედას შვილი კალთაში ჩაუსვამს და ერთად უტირიათ. მერე კი ბიჭის მოტანილი ქვა სამზარეულოს თაროზე შემოუდია, როგორც მუდმივი შეხსენება იმისა, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის.

ახლა თქვენ მკითხავთ: რა გამოდის, თუკი ბავშვების დასჯას შევწყვეტთ, ჰომო საპიენსის ახალ სახეობას გამოვზრდით, ყველა ერთბაშად გაკეთილშობილდება და ომები შეწყდებაო? რა თქმა უნდა, არა. ამგვარი უტოპიისა მხოლოდ საბავშვო მწერლებს შეიძლება სჯეროდეთ. სინამდვილეში ჩვენი საბრალო სამყარო უამრავ რეფორმასა და ცვლილებას მოითხოვს. მაგრამ ჩვენი შვილები უყურებენ ტელევიზორს და ხედავენ, როგორ მძლავრობს აგრესია დედამიწაზე და შესაძლოა ფიქრობენ, რომ ეს ერთადერთი გზაა ყველა პრობლემის გადასაჭრელად. და ჩვენ საკუთარ სახლებში, ახლავე შეგვიძლია დავანახოთ მათ, რომ არსებობს სხვა გზა. ეს ისაა, რაც ჩვენ მშვიდობისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ.

არცერთ ჩვენგანს არ აწყენდა ქვა სამზარეულოს თაროზე, რათა მუდამ გვახსოვდეს:

„არა ძალადობას!“

ამ სიტყვების შემდეგ შვედეთში ბავშვების ფიზიკური დასჯა ოჯახებსა და სკოლებში კანონმდებლობით სრულად აიკრძალა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მლანძღველები მხოლოდ საკუთარ თავს ილანძღავენ, ძლიერი ადამიანები კი მიზნისკენ უფრო მეტად ილტვიან და მაგინებლებს სალაპარაკოს არასდროს გამოულევენ...''

,,მლანძღველები მხოლოდ საკუთარ თავს ილანძღავენ, ძლიერი ადამიანები კი მიზნისკენ უფრო მეტად ილტვიან და მაგინებლებს სალაპარაკოს არასდროს გამოულევენ...''

,,როცა ადამიანს არ იცნობ, როცა მასთან შეხება არ გქონია, როცა შენთვის მას არაფერი დაუშავებია, რომ დგახარ და ილანძღები, რატომ გაქვს იმის იმედი, რომ ცხოვრება დაგინდობს და ყველაფერი კარგად გექნება.


აქ არ არის საუბარი რელიგიაზე და არც სულიერ ცხოვრებაზე... უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კულტურა უნდა გაგაჩნდეს, თუ კარგს არ იტყვი, არავინ გალანძღო და მითუმეტეს ამ ფერხულში სხვებიც არ ჩააბა, თორემ შენც იგივე ფაქტის წინაშე აღმოჩნდები...


გავიგე, ყველა არ მოგეწონება, ეს გემოვნების სფეროა, მაგრამ ვინც არ მოგწონს, ის მიწასთან არ უნდა გაასწორო, მაინც ვერ გაასწორებ, მხოლოდ საკუთარ ბუნებას და არაჯანსაღ მიდგომებს ავლენ...


იმდენი ვინმე არ მომწონს, თან სამართლიანად არ მომწონს, ლანძღვას კი არ ვიწყებ, ჩუმად ვარ, თუ აზრი მკითხეს, ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ ლანძღვის გარეშე.


პრობლემა უფრო კომპლექსურია, ჩვენ უკუღმართ ქვეყანაში უმეტესად იმას ლანძღავენ, ვინც მართლა ძალიან მოსწონთ, უბრალოდ უჭირთ აღიარება და საკუთარ ეგოს შეურაცხყოფით იკმაყოფილებენ...


მლანძღველები მხოლოდ საკუთარ თავს ილანძღავენ, ძლიერი ადამიანები კი მიზნისკენ უფრო მეტად ილტვიან და მაგინებლებს სალაპარაკოს არასდროს გამოულევენ...


არადა, ყველაზე საბრალო ის არის, ვინც სხვის ცხოვრებას დიდ დროს უთმობს და საკუთარი ხელიდან ეცლება!..''


ავტორი: მამა პეტრე კოლხი






წაიკითხეთ სრულად