Baby Bag

„შენ რომ შენმა ცოლმა გაგხადოს ბედნიერი, ის შენ უნდა გააბედნიერო...“

„შენ რომ შენმა ცოლმა გაგხადოს ბედნიერი, ის შენ უნდა გააბედნიერო...“

„​სამსახურიდან დაღლილი მოვდიოდი სახლში. თან სახლში ახლადმოყვანილი ცოლი ბასტი მელოდებოდა. ბასტი კი ბასტი და ბუბუს პონტში შევარქვი, ძალიან უხდება. ხოდა იქნებოდა ასე 3 საათი, მიხაროდა სახლში მოსვლა, რადგან სახლში უკვე ზრუნვა და მყუდროება მელოდებოდა.(ამდენი წლის შემდეგ საფრანგეთის ეულ მომთაბარეს). ვიჯექი ტაქსში და ვფიქრობდი ბედნიერებაზე, ალბათ, ამ სტადიაზე ჯამრთელად მხოლოდ ამავე სტადიაში მყოფი ადამიანი ფიქრობს. აზრები მომდიოდა, მაგრამ ვერ ვუყრიდი თავს, ამოვიღე ტელეფონი და დავიწყე ტელეფონში წერა, ამ დროს კი უკვე ჩემი კარების წინ გავჩერებულვართ და ტაქსის მძღოლი ფრანგულად მეუბნება, ბატონო მოვედით და თუ არ შეწუხდებით 12 ევრო და 70 ცენტია თქვენზეო. ამოვყვინთე ტელეფონიდან და და გაღიმებული სახით მივაწოდე ჯერ ათიანი შემდგომ კი ორ და ერთევროიანი, ერთიც 50 ცენტიანი და რაღა ძნელი გამოსაცნობია ბოლოს 20 ცენტიანი. შემოვედი სადარბაზოში, ძველი ხუთსართულიანი ტიპიური პარიზული სახლია. 1800 წლის მიწურულს აშენებული, ლიფტიც კი არ არის. ხოდა სად ვიყავით? - დაღლილი ჩამოვჯექი  პირველი სართულის მეოთხე საფეხურზე. თითქოს მიცდიდა და გეტყვით, რაც მომაფიქრდა, ხო ხო ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, რომ შენ რომ შენმა ცოლმა გაგხადოს ბედნიერი, ის შენ უნდა გააბედნიერო, ამისთვის კი შენ თვითონ უნდა იყო ბედნიერი იმ ფაქტით, რომ ვიღაცა შენზე ფიქრობს, ნერვიულობს და შენზე ძალადობს ქალური სიეშმაკით, მართლაც რომ ამის დედაც...თითქოს ბერმუდის ჩაქცეული სამკუთხედივითაა, ოღონდ კარგ პონტში. მე-5 სიგარეტი ჩავწვი იქვე მეოთხე კიბის ქვემო მესამე კიბეზე, მოკლედ და კონრეტულად კი უბრალოდ მაქსიმალურად უნდა აჩუქო შენს ცოლს ვარდები, დაპატიჟო კინოში, წერილიც კი უნდა მისწერო კონვერტზე დახატული ბევრი ბავშვური წითელი გულებით და არ უნდა მოგერიდოს მადლობის გადახდა ყოველ ყავის მორთმევაზე. 

მოკლედ მე მიყვარს ჩემი ცოლი და არ მიტყდება, რომ ის ჩემზე მაღლა დგას, შეუძლებელია გიყვარდეს და არ აღმერთებდე, მალავდე და ადიდებდე. სიყვარულს მალვა კი არა ყვირილი უნდა ბოლო ხმაზე, ქართველი კაცივით კი არა, შექსპირულად აი, რომეო რომ დააკვდა ჯულიეტას... ეგ კი არა, დილით ყავა და კრუასანი, კრუასანი თუ არა,უბრალო „ბულკი“ უნდა მიუცუნცულო ახალგაღვიძებულ ლამაზ თვალება შენს ცოლს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი ცოლი ახალგაღვიძებული,უმაკიაჟო, პიჟამოებში უფრო მიზიდავს, მომწონს, მიყვარს და ვჭედავ, ვიდრე ისინი ოთხი თითის სისქეზე გათხაპნილები, ტიპიური ბეტმენის ჯოკერივით პომადა რომ აქვთ გადაზიპნული, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე კი არა, ყურიდან ყურამდე. ეხლა ის დროა, რომ უნდა ავდგე ამ წლების მანძილზე ნაცვეთი მეოთხე საფეხურიდან და ავირბინო მეხუთე სართულამდე და გულამოვარდნით ჩავუკოცნო ის ლამაზად დახატული ცხვირ-პირი, რომელიც ახალ გაღვიძებულზე პირველი მეჩხირება თვალებში და რაც ჩემს დღეს დილიდან ხდის შემდგარს. 

ყველა კაცს ვუსურვებ ისეთ მუზას, როგორიც ჩემთვის საამაყოდ წამოძახებული ჩემი ცოლი ნინიკოა.

და ძმობას გაფიცებთ, თქვენც გაუფრთხილდით, გიყვარდეთ და დააფასეთ...

ეს რაღაც ახალია, ვწერ ცოლზე, რომელიც მიყვარს და სიტყვების ძებნაც არ მჭირდება და თუ გაინტერესებთ, ის იქნება ყველაზე ბედნიერი ქალი, ცოლი, დედა და ბებია, რადგან ეს ყველაფერი ეგოისტურ დონეზე მყავს აყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ჩემს ბედნიერებას მასში ვხედავ"

წყარო: სოციალური ქსელი 

შეიძლება დაინტერესდეთ

ჩახუტების მნიშვნელობა ოჯახის ცხოვრებაში - რატომ უნდა ჩავეხუტოთ ერთმანეთს ყოველდღიურად?

ჩახუტების მნიშვნელობა ოჯახის ცხოვრებაში - რატომ უნდა ჩავეხუტოთ ერთმანეთს ყოველდღიურად?

ჩახუტებას ოჯახში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა. ჩახუტება ერთმანეთთან გვაახლოვებს. ის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვაში გვეხმარება. ჩახუტება უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდას აძლიერებს. ის ადამიანს კომფორტის განცდას უქმნის და ემოციური ხასიათის ზიანის განკურნებაში ეხმარება.

ადამიანები ხშირად ბევრ რამეს გარანტირებულად თვლიან, რის გამოც ზოგიერთ საკითხს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, მათ შორის, ჩახუტებასაც. ნუ დაელოდებით იდეალურ შემთხვევებს იმისთვის, რომ ოჯახის წევრებს ჩაეხუტოთ, იდეალური შემთხვევები თავად შექმენით. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.

თანამედროვე ცხოვრების ტემპის გამო ოჯახის წევრები დილით სამსახურებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში გარბიან, ისე, რომ გამომშვიდობებასაც ვერ ასწრებენ. საღამოს კი გაღიზიანებულები და დაღლილები საკუთარ სამყაროში იკეტებიან. ზოჯერ ისინი ძილის წინ ოჯახის წევრებს სოციალური ქსელებით ემშვიდობებიან და მათთან ფიზიკური შეხება არ აქვთ.

ყოველდღიური რუტინის პირობებში, ადამიანები კოცნას ერთმანეთს დისტანციურად უგზავნიან და იმის შიშით, რომ ერთმანეთს პირადი სივრცე არ დაურღვიონ, სიყვარულს იშვიათად გამოხატავენ. სხვისი პირადი სივრცის დაცვა არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს სიყვარული არ აგრძნობინოთ. თუ შვილებს ამ დამოკიდებულებით გაზრდით, მათ გრძნობების გამოხატვის უნარი არ ექნებათ.

ერთი უბრალო ჩახუტება ისეთი ჰორმონების გამომუშავების სტიმულაციას უწყობს ხელს, როგორებიცაა: ოქსიტოცინი, სეროტონინი და დოფამინი. ჩახუტება სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნასაც ასტიმულირებს, რაც იმუნიტეტს აძლიერებს. ჩახუტებით თქვენ შეგიძლიათ ადამიანის დღე უკეთესი გახადოთ.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანს საკუთარ პასუხისმგებლობებთან გასამკლავებლად დღეში 4 ჩახუტება ესაჭიროება,  ხოლო პიროვნული განვითარების ხელშეწყობისთვის - 12.

არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრებს მოეფეროთ. ნუ აქცევთ ჩახუტებას მექანიკურ ქმედებად და ის მთელი გულით შეიგრძენით. ოჯახში დაძაბულობის ან კამათის შემდეგ, როდესაც დამშვიდდებით, აუცილებლად ჩაეხუტეთ ერთმანეთს, რათა სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ. თუ თქვენი შვილი მოწყენილია, ჰკითხეთ, რა აწუხებს. შესაძლოა, მან უარი თქვას თავისი საიდუმლოს გამხელაზე, მაგრამ გამამხნევებელ ჩახუტებაზე უარს არ გეტყვით. ნებისმიერი წარმატება, თუნდაც მცირედი, ჩახუტებით აღნიშნეთ. გამამხნევებელი სიტყვები ჩახუტებით განამტკიცეთ და არასდროს თქვათ უარი ჩახუტებაზე, როდესაც ამის სურვილი გექნებათ.

წყარო: ​youaremom.com

წაიკითხეთ სრულად