Baby Bag

„​არის ხალხი, ვისაც რაღაც უცნაური, დაჟინებული ვნებით აინტერესებს, ხვალ როგორი ამინდი იქნება“...

„​არის ხალხი, ვისაც რაღაც უცნაური, დაჟინებული ვნებით აინტერესებს, ხვალ როგორი ამინდი იქნება“...

„​არის ხალხი, ვისაც რაღაც უცნაური, დაჟინებული ვნებით აინტერესებს, ხვალ როგორი ამინდი იქნება. ხალხი რა, ერთი ჩემი მეზობელი კაცია ასეთი, რომელიც ნათესავადაც მეკუთვნის. ოთხმოცდაათიანების უყველაფრო გარიჟრაჟზე, ისე დაკვირვებით უყურებდა ხოლმე ჩემთვის იმ სახლში გაუგებრად აღმოჩენილ ბარომეტრს, თითქოს მეორე დილით, დიდი-დიდი, საღორეში არ იყო მისასვლელი, ტახისთვის ქატოს დასაყრელად. დეტალურად იწერდა ქარის სავარაუდო სიჩქარეს და მერე ამოწმებდა. ახლო-მახლო მცხოვრები ადამიანები, თუ ყანაში წასვლის ჟამი აწევდა, გასძახებდნენ ხოლმე - უუ, ელგუჯიე, რაფერი ამინდი იქნება ხვალ? და ელგუჯია დიდი სიამაყით და საგანგებო სიდინჯით მოახსენებდა. რადიოში, ამინდის გამოცხადების წუთები სახარების კითხვის რიტუალივით წმინდა იყო მისთვის. ყველა რაიონის ამინდის პროგნოზს უსმენდა გაფაციცებით, ინიშნავდა და ადარებდა. თითქმის წარმოუდგენელი საქმე იყო იმ დროს ხმის ამოღება, ჩახველებასაც კი ვერ გაბედავდი.

ამასწინ ვნახე. შვილიშვილის ტელეფონში, მისივე რეკომენდაციით, რაღაც პროგრამა გადმოუწერიათ, ამინდს აჩვენებს მსოფლიო რუკაზე. დღეში სამჯერ ამოწმებს. უკვე მოხუცი. კბილნაკლული და ცოტა კოჭლი. თუმცა ამ საქმეში მხნე და შეუდრეკელი. ჰოდა, ვნახე და მითხრა, ძალიან მიკვირსო. რა მეთქი? - ვკითხე. უკვე ერთი წელია ვაკვირდები და ჩრდილოეთ აფრიკის თავზე ღრუბელი არ დამინახავსო.
ჰოდა, გაუმარჯოს ელგუჯიას. ამ ახირებულ კაცს, გურიის ერთ პატარა სოფელში, რომელიც აფრიკის ზეცის ამბავზე დარდობს. მე ასეთი ადამიანი მიყვარს.“

ავტორი: მწერალი გიორგი კეკელიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სიმართლე პანდემიაზე: ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ...“ - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია

„სიმართლე პანდემიაზე: ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ...“ - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პანდემიის შესახებ შეულამაზებელ სიმართლეს გვაცნობს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სიმართლე პანდემიაზე - ​ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ: პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას- წავაგეთ! ვერ ვაშენებთ იმ სიმაღლის ზღუდეს (აცრილთა პროცენტს ვგულისხმობ), რომ თავი სრულად დავიცვათ. რაც შევქმენით კი შეაკავებს მტერს ნაწილობრივ, მაგრამ არასრულფასოვნად. წავაგეთ არა მე, არა ნებისმიერმა პასუხისმგებელმა მოქალაქემ, არა გამყრელიძემ ან მთავრობამ, წააგო ქვეყანამ და წააგო გაუნათლებლობის, უმეცრების, სიბნელის, უბრალოდ- რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო!

ჩემმა სათაყვანებელმა ქვეყანამ, რომლის განათლებულობითაც, თუნდაც 3 ათეული წლის წინ ისე ვამაყობდი, რომ მზად ვიყავი ნებისმიერ ქვეყანას შევდარებოდი! განათლებაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ტესტი ვერ ჩავაბარეთ... კი ბატონო, კარგია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გავცდით ადამიანის უფლებების ჩარჩოებს, მაგრამ ვერც ალტერნატიული ეფექტური მოტივატორები მოინახა. არც ლოტომ უშველა და ვერც კარდაკარ სიარული შველის. ჩემთვის მიუღებელია ასეთი შედარება, რომელსაც ხშირად ჩემი მეგობრებიც იყენებენ- „ის მთავრობა რომ ყოფილიყო, ეს ლიდერი რომ ყოფილიყო ყველანი 3-3ჯერ ვიქნებოდით აცრილები!!" . ასეთი შედარება ჩემთვის ერთ საერთო ნიშნულამდე მიდის- "სტალინი რომ ყოფილიყო"-მდე. წარმოვიდგენ რა მეთოდებითაც ვიქნებოდით სამ-სამჯერ აცრილები და ამის მთქმელი მეგობრებისგან განსხვავებით, კმაყოფილების ნაცვლად მზარავს!

მოკლედ დასკვნა ასეთია: დემოკრატიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის განათლება-სირეგვენის მაჩვენებელი ისეთია, როგორიც პროცენტებში გამოისახა..

რა არის ბრძოლის მეორე ეტაპი? რა ახალი რედუტებია მტერთან საბრძოლველად? ესაა მედიკამენტები, რომელსაც კაცობრიობა ნელ- ნელა იგონებს და წლის ბოლომდე სხვადასხვა მოქმედების იქნება წარმოდგენილი. ახლავე ვამბობ: ​მედიკამენტები იქნება დეფიციტური მთელი მსოფლიოსთვის და საშინლად ძვირი! ახლაც ვხმარობთ ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ გარკვეულ მედიკამენტებს, რომელიც ერთი სრულყოფილი გადასხმა (წონის გათვალისწინებით) 7-8 ათასი ლარი ჯდება. ქვეყანამ დონაციით შემოიტანა ტაბლეტური, შედარებით ცოტა სუსტი სხვა მედიკამენტი, რომელსაც ასევე სტაციონარულად ვიყენებთ და კურსი 7 ათას დოლარამდე უჯდება ქვეყანას. შემოვა მონოკლონური ანტისხეულების შემცველი მედიკამენტები, რომელთა მიღება ამბულატორიულად შეიძლება და ერთ კურსს უცხოელი ფარმკომპანიები 5-6 ათას დოლარზე ნაკლებად არ გაყიდიან. წლის ბოლოსთვის კი ანტივირუსული მედიკამენტიც უნდა იყოს, რომლის ფასიც ალბათ ამ რეესტრში, ანუ რიგითი მოქალაქისთვის მიუწვდომელი იქნება!

რაში ადარდებს ფასი უპასუხისმგებლო ობივატელს??! „კეთილი ინებოს და სახელმწიფომ იზრუნოს, მეკუთვნის!" არანაირი განცდა იმისა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, რომ ასე უყაირათოდ დახარჯული ფული ჩვენს შვილებს ან ჩვენს მშობლებს,თუნდაც ჩვენ გვაკლდება არაა! ის რაც სსრკ-ს დროს შეიძლება გამართლებული იყო- „დიდი ამბავი, თუ რუსეთის ფინანსებს გამოვჭამთ", საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში მავნებლობაა. „რატომაა ქვეყნის მიერ წამლების ყიდვა უყაირათობა?"- იკითხავს რეგვენი ანტივაქსერი. იმიტომ, რომ ბევრად უფრო იაფად და ურისკოდ შეიძლებოდა დაავადების თავიდან აცილება! ახლა ამ ძვირფასმა წამლებმაც შეიძლება არ გვიშველოს. მე არ მინახავს არცერთი აუცრელი მძიმე ავადმყოფი, რომელიც ჩაუკირკიტებდა ამ საკმაოდ მძიმე მედიკამენტების ანოტაციას და წარმოშობას- ვინ დაეძებს, ოღონდ იყოს! მაშინ, როცა ვაქცინების მოლეკულურ დონეზე ანალიზს ითხოვენ. ეს მედიკამენტები არაა ახალი შექმნილი, ასე რომ ენდობით? თუ გგონიათ, რომ მედიკამენტის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ვაქცინის და იგივე დროში შექმნილი ვაქცინა არ ინდობა?

ჩვენს დაუცველობას ემატება უახლოეს სამეზობლოში კატასტროფული ეპიდსიტუაცია, ახალი შტამები.. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში გადმოვა ეს მდგომარეობა ჩვენთან იმ ქვეყნიდან, სადაც მილიონამდე ჩვენი ნათესავ მეგობარია? არაფერს ვამბობ ტურიზმზე, რომელიც ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის ძირითადი საარსებო წყაროა,“- აღნიშნავს დავით გადელია. 

წაიკითხეთ სრულად