Baby Bag

„ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი...“ - ჩარლი ჩაპლინის წერილი შვილს

„ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი...“ - ჩარლი ჩაპლინის წერილი შვილს

ჩემო გოგონა,

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.
შენ ისე შორს ხარ ჩემგან … მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.

ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე .მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!

…იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: „გამშორდი“! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: „ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?“ ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა.

დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის.
გაფრინდი, გაფრინდი იქით … მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება – ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ!

მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?“ შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა … იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია … ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი!

მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.
შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…

… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსთვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე.

დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი: „მეც ერთ-ერთი ამათგანი ვარ!“ დიახ, შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ ჩემო გოგონა.

ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს … როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს – შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისთვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს …

ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ … მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა …

ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა … ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე .

შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.
ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…

სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი … სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე …
მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ

რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს … ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო …

მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, – ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა
შენი ჩარლი
1965 წლი დეკემბერი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კიდევ ერთხელ გავწბილდი. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე მოგიყვეთ...''

,,კიდევ ერთხელ გავწბილდი. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე მოგიყვეთ...''

,,ახლობელმა, ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა, ორი დღის წინ შევიტყვე და უსაშველოდ ვიდარდე, ვერ დავიძინე. კიდევ ერთხელ გავწბილდი. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე მოგიყვეთ. მაშინ ოცი წლის ვიყავი, ახლა ორმოცის ვარ, ამ ოცი წლის მანძილზე ბევრი შემეშალა ალბათ მაგრამ ღალატით, ღმერთია მოწამე არვისთვის მიღალატია.

სტუდენტი ვიყავი, გაეროს ელჩად ქალბატონი ჰაიდი ტალიავინი დაინიშნა, თბილისში ჩამობრძანდა, კერძო სახლი დაიქირავა ვერაზე და თავისი დროებითი საცხოვრებლის ბაღის მოწესრიგება და მოვლა ჩემს ნაცნობ ქალბატონ ცისანას სთხოვა. ცისანაც იმ დროისათვის არნახული ხელფასის საფასურად უვლიდა ბაღს. მძიმე და საკაცო საქმეებში დამიხმარდა ხოლმე, დღიურად მიხდიდა თავისი ხელფასიდან 20 ლარს. ყველა კმაყოფილი ვიყავით.

ბაღში მუშაობისას რამდენჯერმე გამომელაპარაკა ქალბატონი, დაინტერესდა სად ვსწავლობდი, რითი ვცხოვრობდი და რა ინტერესები მქონდა. 

რამდენჯერმე ყურადღებაც გამოიჩინა, ძვირფასი, ბოტანიკური ალბომიც ჩამომიტანა საჩუქრად. მოსწონდა მშობლიურ, გერმანულ ენაზე რომ ვპასუხობდი მის შეკითხვებს. ერთ დღეს საუზმეზე მიმიპატიჟა, შემაქო, მითხრა რომ ერთი სიამოვნებაა როცა ხედავს როგორ გულიანად და სიყვარულით ვშრომობ და ვეხმარები ცისანას. ამიხსნა, რომ მას ერჩივნა თუ ბაღის მოვლას მე გადავიბარებდი, ცისანას დაითხოვდა და ჩემთვის აქამდე არგაგონილ და არნახულ ცისანას ხელფასს მე დამინიშნავდა. დაუფიქრებლად უარი ვუთხარი.. გაიკვირვა და უარის მიზეზი გამომკითხა. ვუპასუხე, რომ მისიის დასრულების შემდეგ, თითონ წაბრძანდებოდა სამშობლოში, ჩვენ კი ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ. შევატყვე ესიამოვნა. მითხრა, რომ დღეიდან შენც იგივე ხელფასი გექნება რაც ცისანას და დამავალა მასთან ერთად მეზრუნა ბაღზე. ხუთი წელი ვიმუშავეთ ცისანამ და მე მხარდამხარ, ავაყვავეთ იქაურობა. დიდი შვება იყო მაშინ, ბევრი რამ შევძელი მიღებული ხელფასით.

ქალბატონი ტალიავინის გამგზავრებიდან სამ თვეში მოზრდილი საქაღალდე მივიღე ფოსტით. გერმანული ჟურნალისთვის ინტერვიუ მიუცია, საქართველოზე და ქართველებზე შეყვარებული ქალის, მეტად ემოციური ტექსტი ქართველი, ახალგაზრდა მებაღის სიტყვებით იწყებოდა "თქვენი წაბრძანების შემდეგ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ..."

ხშირად როცა გაწბილებული ვრჩები მახსენდება ცისანა, ქალბატონი ტალიავინი, ეს ამბავი, ჩემი გამზრდელი ბებიაც მახსენდება რატომღაც და მომწონს თავი...''


ავტორი: ზურა შევარდნაძე

წაიკითხეთ სრულად