Baby Bag

„ოდესღაც ნანა, ეს უჩვეულოდ ლამაზი ქალი, იმდენად თავდაჯე­რებული იყო, რომ ეჭვებს, ზოგჯერ მტკივნეულსაც, ჩემს გულში თვითონ ნერგავდა...“

„ოდესღაც ნანა, ეს უჩვეულოდ ლამაზი ქალი, იმდენად თავდაჯე­რებული იყო, რომ ეჭვებს, ზოგჯერ მტკივნეულსაც, ჩემს გულში თვითონ ნერგავდა...“

„ოდესღაც ნანა, ეს უჩვეულოდ ლამაზი ქალი, იმდენად თავდაჯე­რებული იყო, რომ ეჭვებს, ზოგჯერ მტკივნეულსაც, ჩემს გულში თვითონ ნერგავდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მას ქალ­-ვაჟი უკვე შეეძინა და ვალმოხდილი, ერთგვარი მოლოდინითა და ინტერესით, მეტიც, სახიფათო ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა მომავალს. ეს ყველაზე არამყარი დროა ცოლ­ქმრულ ურთიერთობებში – ციკლი დამთავრდა და ცვლილება თითქოს გარდუვალია. ამ დროს მოხდა ის, რაც, შესაძლოა, ათწლეულების შემდეგ ნანას უეცარი სიკვდილის მიზეზად იქცა. ტროტუარზე მდგარს მანქანა დაეჯახა. ხელ-ფეხის მოტეხილობასთან ერთად მას მუცლის აორტაც დაუ­ზიანდა. ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ კვლავ შესძლებო­და ცეკვა, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა და რომელშიც მე ჯეროვან პარტნიორობას ვერ ვუწევდი, ჩვილობაში გადატანილი პოლიომიელიტის გამო. და მაინც ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას – იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ, იმავე დროს ვიძინებ. თუმცა ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ, მთლიანად მე ვიღებ. მართალია, სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისა­თვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს. ლამაზი ნანა, ერთი შეხედვით, დიდი ბავშვი იყო – ბავშვურად ეშმაკი და თავკერძა. ნებისყოფის ნატამალი არ გააჩნდა და არც მიიჩნევდა საჭიროდ, რომ ჰქონოდა. არათუ მომავალი სიკეთეების ხიბლით, სიკვდილის მუქარითაც ვერ ათქმევინებდი უარს მყისიერ სიამოვნებაზე. ოჯახის ბიუჯეტის მართვას თუ ანდობდი, ერთი თვისას ერთ დღეში დაგიხარჯავდა. სიცოცხლის ბოლო თვეებშიც კი, დიდად შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედა­ვად, მზად იყო ნებისმიერ დროს წასულიყო სტუმრად. დაპატიჟების დრო და თარიღი ერთადერთი რამ იყო, რაც არ ავიწყდებოდა. გამუდმებით თამბაქოს ეწეოდა და ბოდიში მინდა მოვუხადო იმ სა­მედიცინო ფაქტებისა და დიდაქტიკური სისულეების გამო, უხვად რომ ვახვევდი თავს იმ იმედით, რომ წევას მოეშვებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ნანა ამას ვერასდროს შესძლებდა. ინტელექტუალურ საუბრებს გაურბოდა. მისტიკური ბუნების უტყუარი ინტუიციით იკვლევდა გზას. ყოველ წამს იცოდა, რას ფიქრობდი. შეუმცდარად განასხვავებდა ბოროტსა და კეთილს, მტერსა და მოყვარეს. სიტ­ყვაძუნწი იყო. მეგობრებთან ერთად სუფრასთან მჯდომს, შეეძლო სამი საათის განმავლობაში ერთხელ არ ამოეღო ხმა. ამიტომაც მის ბოლომდე ამოცნობას ვერავინ შესძლებდა და ვერც მე შევ­ძელი ორმოცდათოთხმეტწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად. იქნებ მისი ჭეშმარიტი რაობის მიუწვდომლობა ასაზრდოებდა და დღენიადაგ განაახლებდა ჩემს სიყვარულს. ნანა სფინქსი იყო და, ალბათ, სულის რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა. ეს აზრი არ მასვენებს და ისღა დამრჩე­ნია, ვიოცნებო, რომ ოდესმე, უკვე იქ, უფრო მაღალი რიგის რეა­ლობაში, კიდევ შევეხები მას, თუკი ჩვენ, მოკვდავებს იმ რეალო­ბაზე ხელი მართლაც მიგვიწვდება. მაგრამ, თუ ჩვენი საყვარელი სიყრმისშვილის, ირაკლის არ იყოს, ვართ უბრალოდ „მიგდებულე­ბი დარვინის ანაბარა“, მაშინ ჩემს მბჟუტავ სასოებას უმოწყა­ლოდ წაშლის და შეენაცვლება ადამიანური ლექსიკონის ყველაზე დაუნდობელი და შემზარავი სიტყვა – „არასდროს“. Nevermore.“ 


გელა ჩარკვიანი

„ნაგერალა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, უთხარი მათ თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი...“

„გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, უთხარი მათ თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი...“

„შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რადგან არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა. მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი.

გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, უთხარი მათ თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი. გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ. დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა “ვწუხვარ”, “მაპატიე”, “გეთაყვა”, “გმადლობ”, და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცი.

შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატად, უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.

დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ამის დროა!..“

კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი გაბრიელ გარსია მარკესი

წაიკითხეთ სრულად