Baby Bag

„რამდენიმე ფრაზა ჩემი მომავალი მოსწავლისთვის... არანაირ ცოდნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ იცხოვრე იმის მიხედვით, რაც კარგი და სასარგებლო გისწავლია“

„რამდენიმე ფრაზა ჩემი მომავალი მოსწავლისთვის... არანაირ ცოდნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ იცხოვრე იმის მიხედვით, რაც კარგი და სასარგებლო გისწავლია“

ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

რამდენიმე ფრაზა ჩემი მომავალი მოსწავლისთვის:

ცხოვრების სკოლაში ყველაზე სამართლიან და ობიექტურ ნიშანს ადამიანი საკუთარ თავს უწერს - სხვებისთვის შერჩეული ნიღბით სარკეს ვერ მოატყუებ.

შემდეგ ღმერთთან მიდის ამ ნიშნით და მხოლოდ ის წყვეტს, შემდეგ კლასში გადაიყვანოს თუ არა. კლასი სულ ორია. პირველი მთავრდება, მეორეს ვერასდროს დაასრულებ.

ყველა თვითონ არის საკუთარი თავის განაჩენი.

არ უნდა იცხოვრო ისე, რომ მთავარ ზღურბლთან მცირე საგზალი არ მიგყვებოდეს და მხოლოდ უმიზეზო გულმოწყალების იმედი გქონდეს.

არ გაიხადო არსებით საფიქრალად კითხვა: „როგორ ვცხოვრობ?“

ამაზე იფიქრე: „რისთვის ვცხოვრობ?“

მხოლოდ ფიქრიც არ შველის საქმეს, თუ კიდევ ორი რამ არ ახლავს: თქვი და აღასრულე.

და ბოლოს:

არანაირ ცოდნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ იცხოვრე იმის მიხედვით, რაც კარგი და სასარგებლო გისწავლია.

ყველა ეს ფრაზა თუ შეგონება ისეთივე ძველია, როგორიც ვარსკვლავი ცაზე. უბრალოდ, განგებამ ახლა შენ და მე შეგვარჩია გამგონედ და წარმომთქმელად.

ეს სიტყვები ჩვენს სულებსაც გაივლიან და გააგრძელებენ თავიანთ მარადიულ მოგზაურობას.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მათთან (მოსწავლეებთან) შეხვედრის ნებისმიერი დღე ღმერთის საჩუქარია, რომელიც თუ სრულად არ შეიგრძენი, შენი ფასი ერთი თეთრიც არ იქნება“ - გია მურღულიას საახალწლო მილოცვა მოსწავლეებს

„მათთან (მოსწავლეებთან) შეხვედრის ნებისმიერი დღე ღმერთის საჩუქარია, რომელიც თუ სრულად არ შეიგრძენი, შენი ფასი ერთი თეთრიც არ იქნება“ - გია მურღულიას საახალწლო მილოცვა მოსწავლეებს

ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია თავის მოსწავლეებს ახალ წელს ულოცავს. გთავაზობთ მის მილოცვას უცვლელად:

„ჩემს ყველა მოსწავლეს, რომელთათვისაც ერთი გაკვეთილი ან ლექცია მაინც ჩამიტარებია, დამდეგ ახალ წელს ვულოცავ.

ახალი წელი ჩვენი ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღეა, რომელიც ყველას ხელახალ შობას გამოხატავს - ჰო, ეს დედამიწის დაბადების დღეა.

ამ დღეს შეიძლება რაღაც განახლდეს, რაღაც შეიცვალოს, ან...იგივე დარჩეს, რაც მანამდე იყო. თუმცა ერთიც არის - სულ რომ არაფერი შეცვალო, მეორე დღეს მაინც განსხვავებული იქნები, ვიდრე წინა დღეს იყავი. ერთი ფიქრით, ერთი შეგრძნებით, ერთი მზერით ან ერთი ამოსუნთქვით მაინც სხვა იქნები.

თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში ბევრი ვესაუბრე ჩემს მოსწავლეებს. ყველაფერზე ვლაპარაკობდით, რაც კაცს ადამიანად აქცევს. ცხადია, ყოველ ჯერზე მინდოდა, ისინი კიდევ უფრო უკეთესნი ყოფილიყვნენ - ვსწავლობდით, განვიხილავდით, ვაფასებდით, ვფიქრობდით, ვწერდით, ვცდილობდით დაგვენახა, რა არის ნამდვილი და გადარჩენის ღირსი ცხოვრებაში. მათი განვითარებისთვის არაფერი დამიშურებია - როცა საქმე ბავშვებთან გაქვს, სიტყვები "სიზარმაცე" ან "გულგრილობა" სამუდამოდ უნდა დაივიწყო.

ხანდახან გაგაბრაზებენ, ხან თითქოს უყურადღებობას გაგრძნობინებენ, ხანაც შეიძლება ნაღველი შეგყარონ იმის გამო, რომ "არაფერი არ გამოდის", მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მათთან შეხვედრის ნებისმიერი დღე ღმერთის საჩუქარია, რომელიც თუ სრულად არ შეიგრძენი, შენი ფასი ერთი თეთრიც არ იქნება.

ზოგი მათგანი მეტად დამამახსოვრდა, ზოგი - ნაკლებად, თუმცა ერთი გაელვებით ყველანი აქ არიან - ჩემს ცნობიერებაში. ბევრის სახე მახსოვს, ხმა, მზერა, მიმიკა, სევდაცა და ღიმილიც. უფრო ცოტასი ფიქრისა და გემოვნების "სიმაღლე" დამრჩა გონებასა და გულში. ისეთი შეგრძნება და განწყობა მაქვს, თითქოს ყველა მათგანით სამყარო მელაპარაკებოდა ჩემსავე ცხოვრებაზე.

თქვენ ყველანი შეუცვლელები ხართ. ერთი თქვენგანიც რომ არ შემხვედროდა, შესაძლოა ჩემი ცხოვრება სხვანაირი ყოფილიყო. არ ვიცი, უკეთესი თუ უარესი, მაგრამ - განსხვავებული. ყველანი მიყვარხართ და ეს არ არის უბრალოდ ორი სიტყვა.

თქვენ შორის უკვე კარგა ხანია არიან ბებია-ბაბუებიც, ზოგი კი ამ წუთისოფელსაც გამოეთხოვა. დიდი დრო გავიდა. მისგან წაღებულ ღიმილებს სხვა მოსწავლეთა სახეები ანაცვლებენ. მადლობა ღმერთს, რომ ეს ერთი დიდი გაკვეთილი მასწავლებლისთვის არასდროს სრულდება.

გილოცავთ ახალ წელს - ბევრი სიხარული მოეტანოს თქვენთვის და თითოეული თქვენგანის ცხოვრება დაეცვას ავი გამოხედვისა თუ ქმედებისგან.

​ერთად ყოფნის ბევრი დღე იყო თუ ცოტა, ისინი ჩვენი შეხვედრებისთვის თენდებოდა. ჩვენ ისეთ სიტყვებს ვამბობდით, რომლებიც, წარმოთქმის მომენტიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში, არსად გამქრალან. ის სიტყვები გვაერთიანებს და ერთმანეთისთვის ძვირფას ადამიანებად გვაქცევს - ჩემთვის თქვენ ყველანი ასეთები ხართ.

დაე, 2021 წელიც შეემატოს ჩვენს საერთო მახსოვრობას - ერთხელ მაინც თუ ვიფიქრებთ ერთად გატარებულ დღეებზე, ამ მოლოცვას დამატებითი აზრი შეეძინება.

გილოცავთ!

ბოლოს კი ერთი ფრაზა სამახსოვროდ:

ზარის დარეკვის შემდეგ არაფერი არ მთავრდება.

არის ამქვეყნად რაღაცები, რომლებიც ჩვენში იბადებიან, მაგრამ არ კვდებიან“, - წერს გია მურღულია სოციალურ ქსელში.

წაიკითხეთ სრულად