Baby Bag

პედაგოგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია იქნება

პედაგოგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია იქნება

ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად საქართველო გახდება ქვეყანა, რომლის მთავარი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება. ეს ნიშნავს, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში. ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპრეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა, პრივილეგია. საქართველოში ისეთი პროფესიული სასწავლებლები გაიხსნება, სადაც ახალგაზრდები ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს დაეუფლებიან, მიიღებენ ევროპულ სერტიფიკატებს და მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში დასაქმდებიან. ამას განაპირობებს განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდა. განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს, როცა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.“


აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენისას განაცხადა.

იხილეთ ასევე:

საქართველო გახდება მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


წაიკითხეთ სრულად