Baby Bag

​„გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ, ტელეგასაუბრებისას ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით-მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება“

​„გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ, ტელეგასაუბრებისას ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით-მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება“

ავტორი: მწერალი გიორგი კეკელიძე

გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ, ტელეგასაუბრებისას ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით-მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება. მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, ისეთი საშინელი დამნაშავე - მე რა უნდა ვუთხრაო. კამერებს მიღმა კიდევ გავცვალეთ ამაზე ორი სიტყვა და მას მერე ვფიქრობ. განა მხოლოდ გურამზე. სხვებიც მინახავს - ნაკლები - სახელგანთქმული და მეტი - სრულიად უცნობი ადამიანი. მორწმუნეც და ურწმუნოც. საკუთარი ქცევით და წესით სულ დარჩეული ხალხი. მინახავს და ვიცი - დანაშაულის განცდა ყველაზე მეტად ასეთებს სტანჯავს ხოლმე, თითქმის უდანაშაულო ადამიანებს. მამაჩემი ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება ბავშვობაში მოკლული ბუს გამო ისჯებოდა. სიზმრად ნახულობდა და კანკალით იღვიძებდა. ბაბუაჩემი, 1971 წელს რომ წისქვილიდან მეზობლის ფქვილის ნაწილი წამოიღო, იმას აბრალებდა ყველა უბუდრებას. სხვები, ასეთ ამბებს მეხსიერებასაც არ გააკარებდნენ და თუ შეიტყობდნენ, რომ სხვა დარდობს, იმ სხვას აუცილებლად მოუწყობდნენ სასამართლოს. თანამედროვე სამყარო ხომ ისედაც სხვის თვალში დირეს ძებნის სპორტის დიდი მოედანია, სადაც არც პატიების თხოვნა ფასობს და არც შენდობის სურვილი აქვს ვინმეს. ვირტუალურ გილიოტინად აღმართული ახალი ,,ლინჩის სასამართლო" კითხვებს არ სვამს - მას მხოლოდ პასუხები აქვს და ეს პასუხები უკვე გულისხმობენ საშინელ განაჩენს. დიდი და ნამდვილი დამნაშავეები, სადღაც, მოედანს მიღმა ხითხითებენ, გურამისმაგვარებს კი, საკუთარი, უმცირესი ცოდვები რომ ისედაც სტანჯავთ, იოლად ვერევით და ვქოლავთ. ვიცი არაერთი - ერთმანეთს ასმენდა, სცემდა, კლავდა და ძარცვავდა - კი, მეორე ადამიანის ფიქრს ვერასდროს გაიგებ, მაგრამ მაინც ღრმად მწამს - მათი დარდი და ქენჯნა მეათასედია გურამის სევდასთან, რომელიც მხოლოდ ადამიანად დაბადებას ინანიებდა.

ჩვენი ჭორაობა, რაც ცხადია, ქვეყნად ყოფნის მთავარ ნიშანთაგანია, მხოლოდ მესამის ლანძღვას და ცოდვების ძებნას გულისხმობს. აბა, წარმოიდგინეთ სადმე, სამზარეულოში მსხდარი ან ვირტუალურ სოციალურ ჯგუფში შეკრებილი ორი ჩვენგანი, ვინმეს აქებდეს და მასზე კარგ ამბებს ყვებოდეს - ხომ გაგეცინათ? რა თქმა უნდა - კი. ან გაგეცინათ, ან მაღალი ,,ლიბერალური" კვარცხლბეკიდან დაიქირქილეთ: ,,რა მორალიზმია". გურამი, სწორედ ამ ქირქილს ემალებოდა. რადგან მას სიყვარულის არ რცხვენოდა და სწორედ ამგვარი სიყვარულის გამო შეარცხვენდა ბევრი - საჯაროდ და ხშირად რომ ელაპარაკა.
მამაჩემზეც გითხარით. კი, მამაჩემი მთელი ცხოვრება ნანობდა, 16 წლისამ გეკოს თოფით ბუ რომ მოკლა. მიყვებოდა ცრემლგამხელილი თვალებით: თავიდან გამიხარდა და ყიჟინით გავიქეცი. მივედი. დავხედე. ამომხედა და თვალებით მითხრა, შვილებთან მივდიოდიო. მამაჩემის ფიქრით ამაზე მოუნანიებელი ცოდვა არ არსებობდა. ასე მგონია, სიკვდილისას ეს ბუ მოფრინდა მასთან და უთხრა: გამომყევი. მამაჩემს შეეშინდა, მაგრამ ბუ არ ჩანდა ბოროტი: „გამომყევი, მე გაპატიე“ - მაშინ მამაჩემი შეაჯდა ბუს და გაფრინდნენ ბუ და მამაჩემი. გურამს კიდევ ბუც არ მოუკლავს. ჰოდა, ღმერთი ალბათ კეჟერაძეების ამბავს თუ აყოლებს, აყოლებს და იცინიან.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''
,,ეს დღეებია, რამდენ სიკვდილს შევეჩეხეთ და არაერთი ახალგაზრდისას. მერე იყო მიშვერილი კამერები და თვალებდაუფსკრულებული ქალების მიწას დაბჯენილი მზერა. და კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".

შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.''

ავტორი: გიორგი კეკელიძე


წაიკითხეთ სრულად