Baby Bag

​„გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ, ტელეგასაუბრებისას ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით-მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება“

​„გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ, ტელეგასაუბრებისას ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით-მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება“

ავტორი: მწერალი გიორგი კეკელიძე

გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ, ტელეგასაუბრებისას ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით-მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება. მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, ისეთი საშინელი დამნაშავე - მე რა უნდა ვუთხრაო. კამერებს მიღმა კიდევ გავცვალეთ ამაზე ორი სიტყვა და მას მერე ვფიქრობ. განა მხოლოდ გურამზე. სხვებიც მინახავს - ნაკლები - სახელგანთქმული და მეტი - სრულიად უცნობი ადამიანი. მორწმუნეც და ურწმუნოც. საკუთარი ქცევით და წესით სულ დარჩეული ხალხი. მინახავს და ვიცი - დანაშაულის განცდა ყველაზე მეტად ასეთებს სტანჯავს ხოლმე, თითქმის უდანაშაულო ადამიანებს. მამაჩემი ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება ბავშვობაში მოკლული ბუს გამო ისჯებოდა. სიზმრად ნახულობდა და კანკალით იღვიძებდა. ბაბუაჩემი, 1971 წელს რომ წისქვილიდან მეზობლის ფქვილის ნაწილი წამოიღო, იმას აბრალებდა ყველა უბუდრებას. სხვები, ასეთ ამბებს მეხსიერებასაც არ გააკარებდნენ და თუ შეიტყობდნენ, რომ სხვა დარდობს, იმ სხვას აუცილებლად მოუწყობდნენ სასამართლოს. თანამედროვე სამყარო ხომ ისედაც სხვის თვალში დირეს ძებნის სპორტის დიდი მოედანია, სადაც არც პატიების თხოვნა ფასობს და არც შენდობის სურვილი აქვს ვინმეს. ვირტუალურ გილიოტინად აღმართული ახალი ,,ლინჩის სასამართლო" კითხვებს არ სვამს - მას მხოლოდ პასუხები აქვს და ეს პასუხები უკვე გულისხმობენ საშინელ განაჩენს. დიდი და ნამდვილი დამნაშავეები, სადღაც, მოედანს მიღმა ხითხითებენ, გურამისმაგვარებს კი, საკუთარი, უმცირესი ცოდვები რომ ისედაც სტანჯავთ, იოლად ვერევით და ვქოლავთ. ვიცი არაერთი - ერთმანეთს ასმენდა, სცემდა, კლავდა და ძარცვავდა - კი, მეორე ადამიანის ფიქრს ვერასდროს გაიგებ, მაგრამ მაინც ღრმად მწამს - მათი დარდი და ქენჯნა მეათასედია გურამის სევდასთან, რომელიც მხოლოდ ადამიანად დაბადებას ინანიებდა.

ჩვენი ჭორაობა, რაც ცხადია, ქვეყნად ყოფნის მთავარ ნიშანთაგანია, მხოლოდ მესამის ლანძღვას და ცოდვების ძებნას გულისხმობს. აბა, წარმოიდგინეთ სადმე, სამზარეულოში მსხდარი ან ვირტუალურ სოციალურ ჯგუფში შეკრებილი ორი ჩვენგანი, ვინმეს აქებდეს და მასზე კარგ ამბებს ყვებოდეს - ხომ გაგეცინათ? რა თქმა უნდა - კი. ან გაგეცინათ, ან მაღალი ,,ლიბერალური" კვარცხლბეკიდან დაიქირქილეთ: ,,რა მორალიზმია". გურამი, სწორედ ამ ქირქილს ემალებოდა. რადგან მას სიყვარულის არ რცხვენოდა და სწორედ ამგვარი სიყვარულის გამო შეარცხვენდა ბევრი - საჯაროდ და ხშირად რომ ელაპარაკა.
მამაჩემზეც გითხარით. კი, მამაჩემი მთელი ცხოვრება ნანობდა, 16 წლისამ გეკოს თოფით ბუ რომ მოკლა. მიყვებოდა ცრემლგამხელილი თვალებით: თავიდან გამიხარდა და ყიჟინით გავიქეცი. მივედი. დავხედე. ამომხედა და თვალებით მითხრა, შვილებთან მივდიოდიო. მამაჩემის ფიქრით ამაზე მოუნანიებელი ცოდვა არ არსებობდა. ასე მგონია, სიკვდილისას ეს ბუ მოფრინდა მასთან და უთხრა: გამომყევი. მამაჩემს შეეშინდა, მაგრამ ბუ არ ჩანდა ბოროტი: „გამომყევი, მე გაპატიე“ - მაშინ მამაჩემი შეაჯდა ბუს და გაფრინდნენ ბუ და მამაჩემი. გურამს კიდევ ბუც არ მოუკლავს. ჰოდა, ღმერთი ალბათ კეჟერაძეების ამბავს თუ აყოლებს, აყოლებს და იცინიან.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბევრი კაცისგან გამიგია, რომ ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებს - ასეთებს, ყოველთვის დაფიქრებისაკენ მოვუწოდებ ხოლმე...''

,,ბევრი კაცისგან გამიგია, რომ ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებს - ასეთებს, ყოველთვის დაფიქრებისაკენ მოვუწოდებ ხოლმე...''

,,ბევრი კაცისგან გამიგია, რომ ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებს. ასეთებს, ყოველთვის დაფიქრებისაკენ მოვუწოდებ ხოლმე. 

ჭკვიანი ქალები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ, საკუთარი სურვილები აქვთ და საზღვრებს თავად აწესებენ.

შენ არასოდეს იქნები მისი ცხოვრების ცენტრი, რადგან მას საკუთარი ცენტრი აქვს. ჭკვიანი ქალი არასოდეს მოგცემს არც მისით მანიპულირების და არც შანტაჟის უფლებას. ის პასუხისმგებლობას იღებს.

ჭკვიანი ქალები კამათში ერთვებიან, აანალიზებენ, ჩხუბობენ. ერთ ადგილზე არ ჩერდებიან, წინ მიიწევენ.

ჭკვიან ქალებს ცხოვრება შენამდეც ჰქონდათ და იციან, რომ მას შემდეგაც ექნებათ, როცა შენ წახვალ. ის გაფრთხილებთ, ნებართვას არ გთხოვთ.

ჭკვიანი ქალები წყვილში არც ლიდერს ეძებენ, რომელსაც გაჰყვებიან, არც მამას, რომელიც ცხოვრებისეულ პრობლემებს მოუგვარებს, არც შვილს, რომელიც უნდა აღზარდონ. მათ არ უნდათ უკან მოგყვებოდნენ, არც წინ სიარული და შენთვის გზის გაკვალვა სურთ. მათ შენს გვერდით სიარული უნდათ.

მათ იციან, რომ ცხოვრება ძალადობის გარეშე, უფლებაა და არა პრივილეგია, ან ფუფუნება.

ისინი გამოხატავენ სიბრაზეს, სევდას, სიხარულსა და შიშს, რადგან იციან, რომ შიში მათ არ ასუსტებს და არც სიბრაზე აქცევთ "კაცურებად". ორივე ეს ემოცია, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მათ ადამიანურს ხდის. სულ ესაა.

ჭკვიანი ქალი თავისუფალია, რადგან იბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის. ის მსხვერპლი არ არის, ის გადარჩენილია.

არასოდეს სცადო მისი დაჭერა, რადგან აუცილებლად ეცოდინება როგორ გაიქცეს.

ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მისი ფასი სხეულის ფორმებით არ განისაზღვრება. ამიტომ კარგად დაფიქრდი, ვიდრე მის ასაკზე, სიმაღლეზე, ფორმებსა და სექსუალობაზე იტყვი რამეს. რადგან ეს ემოციური ძალადობაა და მან ეს იცის.

მოკლედ, ვიდრე იტყვი, რომ ,,ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებ", საკუთარ თავს ჰკითხე, მზად ხარ თუ არა მის ცხოვრებაში ადგილის დასამკვიდრებლად".

ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი, თარგმანი - ნანა ზარდიაშვილი.
წაიკითხეთ სრულად