უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„რაც გინდა ალერგია ჰქონდეს ბავშვს, ახალ წელს გოზინაყი უნდა მიირთვას,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა
პედიატრმა ყარამან ფაღავამ დღესასწაულის დღეებში ბავშვის კვების რაციონში ზომიერების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„დღესასწაულის პერიოდში, რა დასამალია, რომ ძალიან ბევრს მივირთმევთ ხოლმე, განსაკუთრებით ცხოველურ ცილას. მე კი ვამბობ, რაც გინდა ალერგია ჰქონდეს ბავშვს, ახალ წელს გოზინაყი უნდა მიირთვას. აღდგომის დღეებში კი წითელი კვერცხი უნდა მიიღოს. ერთი კი არის, რომ ზომიერებაა საჭირო. ნამეტანი ნუ იქნება.“
ყარამან ფაღავას თქმით, ოპტიმალურია დღეში ხუთჯერადი კვება:
„ოპტიმალურად მიმაჩნია ხუთჯერადი კვება. ამათში სამი კვება უნდა იყოს ძირითად იჯრა და ორი უნდა იყოს წახემსება. რაც შეეხება ცილას, დაახლოებით ერთი კვება ფაფა, ერთი კვება ბოსტნეულის წვნიანი, პიურე, მცირე რაოდენობით ხორცით. საღამოს ან დილით მაწონი, ცოტა ხაჭო შეიძლება, ჩაი, პური, კარაქი, ერთი კვება ან წახემსება იქნება, ან დედის თვითშემოქმედება, ხან რა, ხან რა, ხან გოგრა, ხან ვაშლი.“
„მე ხშირად ვამბობ, გარკვეული თავისუფლება, მცირე დევიაციის უფლება უნდა მივცეთ მშობელსაც, ბავშვსაც და ყველასაც,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.