Baby Bag

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა
უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.

პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას. 

„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.

საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.

აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან ხშირად მშობელიც არის დამნაშავე იმაში, რომ ის არასრულფასოვნად კვებავს ბავშვს,“ - პედიატრი მარინა კვეზერელი

„ძალიან ხშირად მშობელიც არის დამნაშავე იმაში, რომ ის არასრულფასოვნად კვებავს ბავშვს,“ - პედიატრი მარინა კვეზერელი

პედიატრმა მარინა კვეზერელმა ბავშვებში რკინის დეფიციტის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, მოწინავე ადგილს იკავებს არაბალანსირებული კვება:

„როდესაც რკინის დეფიციტი მიზეზების მიხედვით დავალაგეთ, აღმოჩნდა, რომ ​მიზეზთა პირველ სამეულში შედიოდა არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება. ზოგჯერ ეს არის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული, ზოგჯერ კი გავლენას ახდენს დედის განათლების დონე. გასაგებია, ჩვენ რაღაც განსაკუთრებულ ცოდნას არ მოვითხოვთ დედისგან. ძალიან ხშირად მშობელიც არის დამნაშავე იმაში, რომ ის არასრულფასოვნად კვებავს ბავშვს.“

მარინა კვეზერელმა ერთ-ერთი პაციენტის მაგალითი მოიყვანა, რომელიც არაბალანსირებული კვების გამო რკინადეფიციტური ანემიის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა:

„ჩემთან მოვიდა პაციენტი. ბავშვი იყო წლის და ოთხი თვის. ის შემოვიდა და ხელში ეჭირა ბოთლი მაწვნით. დედა მეუბნება, რომ ბავშვი ჯერ იყო ბუნებრივ კვებაზე, შემდეგ დაანებებინეს თავი. როგორც დედამ მითხრა, ამის შემდეგ ბავშვი გადაიყვანეს მაწონზე. რატომ გადაიყვანეს ხუთი თვის ბავშვი მაწონზე? ეს ცოტა ადრეა. მშობლის თქმით, იმის შემდეგ ბავშვი მაწვნის გარდა არაფერს არ ჭამდა. ღამე რომ იძინებდა, მაწვნის ბოთლი ედგა გვერდით.“

„წარმოიდგინეთ წლის და ოთხი თვის ​ბავშვი, რომელიც არის მთლიანად ერთგვაროვან, არაბალანსირებულ კვებაზე. გასაგებია, რომ მას ჰემოგლობინიც ჰქონდა დაბალი და რკინაც საკმაოდ დაბალი ჰქონდა. ასე რომ, ამის მიზეზი მარტო ეკონომიკა არ არის. მშობლის „დანაშაულიც“ არის ამაში, რომ ბავშვს აქვს რკინის დეფიციტი,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კვეზერელმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად