უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„არ არსებობს უკეთესი იმუნოსტიმულატორი, ვიდრე არის ბავშვის მოფერება,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე
პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვებში სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:
„კვება არ არის მარტო საკვების მიღება. კვება არის პროცესი, კვებასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. ის არ უნდა იყოს წახალისების მექანიზმი. როდესაც კვება ხდება წახალისების მექანიზმი, სტაფილოს ხომ არ აჩუქებთ ბავშვს?! აძლევთ შოკოლადს. პედიატრიაში არის გამოთქმა: „ონლაინ ძალადობა.“ ონლაინ ძალადობაა, როდესაც თქვენ იმისთვის, რომ ბავშვმა ჭამოს, ჩაურთავთ ტელევიზორს ან მისცემთ ტელეფონს. თქვენ ძალადობთ თქვენს საკუთარ შვილზე.“
ქეთი ნემსაძემ განმარტა, თუ რა არის ნატურალური და ბუნებრივი გზა სწორი კვების დასაწყებად:
„რა არის ნატურალური, ბუნებრივი გზა სწორი კვების დაწყების? ეს არ არის მარტო ძუძუთი კვება. ეს არის კანის კანთან კონტაქტი, მოფერება და ძუძუს სიყვარულით მიწოდება. ბავშვებს უვითარდებათ კორტიზოლური ტოქსიური შოკი, როდესაც დედას აცილებენ. დედა არის მთავარი ადამიანი. არ შეიძლება, ბავშვს ასწავლო, რა არის ჯანსაღი კვება და შენ არ იკვებებოდე ჯანსაღად. ჯანსაღი კვება გულისხმობს ფიზიკურ აქტივობასაც. დედის ნებისმიერი შეხების დროს ქვეითდება კორტიზოლი, რომელიც ტოქსიურ შოკს იწვევს ბავშვებში.“
„ვისაც არ აქვს რძე, მოეფეროს ბავშვს და ისე აჭამოს. თქვენი ერთი შეხება ბავშვში იწვევს იმუნიტეტის სტიმულაციას. ეს არის ყველაფერი მისთვის. ხშირად მეუბნებიან: „იმუნიტეტის სტიმულატორი დაგვინიშნეთ, ექიმო.“ არ არსებობს უკეთესი იმუნოსტიმულატორი, ვიდრე არის ბავშვის მოფერება. ჩვენ უნდა ვერიდოთ ნახშირწყლებს. თუ ბავშვის წონა ჭარბი არ არის, პირველი კვების დაწყება შეიძლება დაცეხვილი ფაფებით და ხილით. თუ ბავშვი ჭარბწონიანია, კვება დავიწყოთ ბოსტნეულის წვნიანით. პირველი საკვები მარტო ხილი არ შეიძლება იყოს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ჯანსაღ კვებას მივაჩვიოთ ბავშვი, არაფერი გამზადებული სახლში არ უნდა მოვიტანოთ. ყველაფერი უნდა გამზადდეს სახლში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ნემსაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.