უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა - ზაზა თელიას რჩევები ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით
დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა:
„ჩუტყვავილა ბავშვებში იწყება გამონაყრით, რასაც თან შეიძლება დაერთოს ტემპერატურა. მოზრდილებში პირიქით არის. არის ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება და შემდგომში შეიძლება დაერთოს გამონაყარი. გამონაყარი იწყება თავის არიდან და შემდეგ ვრცელდება ქვეევით. შეიძლება შეგვხვდეს ბუშტები და ჩირქოვანი ტიპის გამონაყარი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქავილი. ქავილის გამო შეიძლება დარჩეს ნაწიბური. უნდა ვეცადოთ, რომ ხელით მისი მექანიკური დაზიანება არ მოხდეს.
ჩუტყვავილა მიეკუთვნება თვითგანკურნებად ინფექციას. მკურნალობა, როგორც წესი, არის სიმპტომური. თუ ტემპერატურაა მაღალი, ვსვამთ სიცხის დამწევს. ქავილის დროს ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები, რა თქმა უნდა, დასალევი სახით. შეიძლება დაინიშნოს გარეგანი გამოყენების მალამოებიც. შხაპის მიღება შეზღუდული არ არის. ბანაობა უნდა მოხდეს თბილი წყლით.
ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში. მოზრდილებში მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდეს დიაგნოზის დადგენა. თუ დადასტურებიდან 12 საათის განმავლობაში დავიწყეთ ანტივირუსული პრეპარატის მიღება, ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მიმდინარეობას. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით გეგმიური ვაქცინაციის კალენდარში ვარიცელას აცრა არ შედის. იმედი მაქვს, მალე შევა, იმიტომ, რომ განვითარებულ ქვეყნებში 90-იანი წლებიდან უკვე დანრეგილია ვაქცინაცია,“- მოცემულ საკითხზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.