უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები მშობლებს
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებისთვის ბოსტნეულის შეყვარების ხრიკებზე ისაუბრა:
„თუ ბავშვს რაღაც პროდუქტი უკვე არ უყვარს და ამას გამოხატავს, ძალიან რთულია ამაზე მუშაობა. შვენ შეგვიძლია ბავშვთან ერთად ავირჩიოთ პროდუქტები ვიზუალური კომპონენტის გათვალისწინებით. მაღაზიაში თვითონ მოჰკიდოს ხელი ბავშვმა, თვითონ აარჩიოს ფერი. დავიხმაროთ ბავშვი მის მომზადებასა და დამუშვებაში. ძალიან ეფექტიანია, როდესაც ბავშვი კერძის მომზადების პროცესში თვითონ არის ჩართული და მერე ვთხოვთ დაგემოვნებას, ან ვთხოვთ ჩვენთვის გააკეთოს ეს.“
მარი მალაზონიას თქმით, ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ, როდესაც საკვებს მეგობრებთან ერთად ამზადებენ და მიირთმევენ.
„ძალიან გვეხმარება მეგობრებთან ერთად კერძის მომზადება და დაგემოვნება. ბავშვებს ძალიან უყვართ, როდესაც მეგობრებთან საერთო ტრაპეზი აქვთ. არის კიდევ საშუალება, როგორ შეიძლება მშობლებმა პროდუქტი გამოიყენონ კომპოზიციის შესაქმნელად. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 90% ინფორმაციისა, რომელიც ჩვენში შემოდის, ვიზუალურია. ეს არ არის მარტივი სატყუარა, მაგრამ ძალიან გვეხმარება იმაში, რომ ბავშვთან ურთიერთობა ავაწყოთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.