უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
რატომ სტკივათ ბავშვებს ძვლები? - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები
ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვებში ძვლების ტკივილის ერთ-ერთ ხშირ გამომწვევ მიზეზზე ისაუბრა:
„როდესაც ბავშვები იზრდებიან, ძვალი იზრდება უფრო ჩქარა, ვიდრე კუნთები და მყესები, რომელიც მასზე არის მიმაგრებული. რაღაც მომენტში დგება დისბალანსი, როდესაც ძვალი დიდია, კუნთები შედარებით დაჭიმული. ის თავისი მიმაგრების ადგილებზე ქაჩავს და იწვევს გარკვეული სახის ტკივილებს. კარგი არის ის, რომ ეს არ არის პათოლოგია, მას არ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა.“
„ცუდია ზუსტად ის, რომ მას არ აქვს სპეციფიკური მკურნალობა. კიდევ ერთი, როდესაც ბავშვი მოდის, როგორც უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მას აქვს ზრდის ტკივილი, მე უნდა გამოვრიცხო ყველა შესაძლო ვარიანტი, ყველა შესაძლო პათოლოგია. თუ იქ ყველაფერი წესრიგშია, მერე ვეუბნები მშობლებს: „თქვენს შვილს ზრდის ტკივილი აქვს.“ ცოტა მეტი სპორტი, ცოტა მეტი აქტივობა, ცოტა მეტი მოთმინება და ეს ყველაფერი გაივლის,“- აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.