უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- პედიატრი ანა მაღრაძე
პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში უმადობის პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:
„უმადობის პრობლემა განსაკუთრებით იწყება ხოლმე წლის შემდგომ. წლამდე ხშირად გვხვდება ძუძუზე მყოფ ბავშვებში. მათთვის ბუნებრივი კვება არის იდეალური საკვები, ამიტომ ძალიან იშვიათია ხოლმე, რომ ბავშვები სიამოვნებით იღებდნენ დამატებით კვებას. თავიდან მშობლებთან ერთად ინდივიდუალურად გავდივართ ამ ეტაპებს. წლამდე ასაკში კვება აუცილებლად უნდა დაიწყონ კოვზით. ძუძუს შემდგომ ბავშვი სოსკას არ იდებს. ბოთლიდან წარმოუდგენელია და იშვიათი გამონაკლისია, რომ ჭამონ. ნახევრად მყარი და მყარი საკვები ბავშვს უნდა მივაწოდოთ კოვზით. წლის შემდეგ ბავშვი უნდა ჩავრთოთ თვითონ კვების პროცესში. ეს მისთვის უნდა იყოს სახალისო და არა ძალადობრივი ან სტრესული.“
„მშობლებს ვაფრთხილებ ხოლმე რეჟიმზე. აუცილებელია ოთხჯერადი კვების მკაცრი რეჟიმი დაიცვათ. ვაიმე, დღეს საუზმე გამოტოვა და მოდი, ერთ ცალ ხაჭაპურს დავაჭერინებ ხელში, ამით იმხელა კალორიას იღებს ბავშვი, რომ შეიძლება სადილიც გამოგიტოვოთ. ამიტომ ბავშვი ჩასვით ოთხჯერადი კვების მკაცრ რეჟიმში და წაახალისეთ,“- აღნიშნულ საკითხზე ანა მაღრაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.