უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის გასეირნება,“- პედიატრი მაია ხერხეულიძე
პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვის მშვიდად ჩაძინებისა და მისი უსაფრთხო ძილისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:
„ახლა არის ბავშვის ზურგზე დაწოლის რეკომენდაცია, გვერდზე მობრუნებული თავით. გვერდზე წოლისას ისევ არის საფრთხე, რომ მუცელზე დაწვეს ბავშვი. როდესაც ბავშვი ფხიზელია, რეკომენდაციაა, რომ მუცელზე დავაწვინოთ ბავშვი. სულ ერთ პოზიციაში წოლის დროს თავის ფორმის პრობლემები შეიძლება იყოს. როდესაც ბავშვი არის ფხიზელი, თამაშის დროს, კი ბატონო, დავაწვინოთ მუცელზე.“
„კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადი. ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც შეხვალთ თუნდაც საავადმყოფოში, პალატაში პაციენტთან, გგონიათ, რომ უნდა დაეცეთ. საერთოდ უჟანგბადო გარემოა. თვლიან, რომ მთავარი არის სითბო, ამის მეტი არაფერი არ სჭირდებათ. ამ დროს ჟანგბადი მისთვის არის აბსოლუტურად აუცილებელი. მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ ჟანგადის ნაკლებობაც იწვევს აღგზნებას. ამიტომ ხშირად უნდა გაანიავონ ოთახი და ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის გასეირნება,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბრა.