Baby Bag

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა
უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.

პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას. 

„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.

საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.

აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებს წითელი მელანი მწვანე მელნით შევუცვალე, ხაზი გავუსვი იმას, რაც მომწონს, რაც კარგია,“ - შალვა ამონაშვილი

„ბავშვებს წითელი მელანი მწვანე მელნით შევუცვალე, ხაზი გავუსვი იმას, რაც მომწონს, რაც კარგია,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებსა და მასწავლებლებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა:

„ბავშვებს არ უყვართ, როდესაც შეცდომაზე მიუთითებ. მასწავლებლები ამაზე არიან ნავარჯიშები. თვალები მომართული აქვთ, რომ საკონტროლოს გასინჯვისას წითელი მელნით სულ ხაზები უსვან. ბავშვი რომ გადაშლის რვეულს და ათ წითელ ხაზს დაინახავს შიგნით, შეუყვარდება ეს მასწავლებელი ან რწმენა გაუჩნდება თავისი თავისა?! ჩვენ რა გვინდა ბავშვში? გაუჩნდეს საკუთარი თავის რწმენა. ეს რწმენა რომ ექნება, რაც არ შეუძლია, იმასაც შეძლებს.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მან ბავშვებთან წითელი კალმის გამოყენება შეწყვიტა და მათთან სხვა მიდგომებს იყენებს:

„ავდექი და ბავშვებს წითელი მელანი მწვანე მელნით შევუცვალე. ხაზი გავუსვი იმას, რაც მომწონს, რაც კარგია. შეცდომები ჩემთვის ამოვწერე, ​კრიტიკული აზროვნება მე დამჭირდა. სად შემეშალა მე? რატომ დაუშვეს ამდენი შეცდომა ბავშვებმა? ბავშვმა გაიხარა: „თურმე შემძლებია,“ მე კი გავიგე, რა უნდა გამოვასწორო.“

„მსოფლიო ტრადიციაა ეს, რომ ბავშვი უნდა აღზარდო სიმკაცრეში. წკეპლას არ ავიღებ ჩემი შვილებისა და შვილიშვილების აღსაზრდელად და არც ვინმეს ვურჩევ. ამაღლდი შვილამდე. შვილი სუფთაა, შენ აღარა ხარ სუფთა. ცხოვრებამ გაგაფუჭა, იქითკენ გაგახედა, აქეთ გამოგახედა, ფული შეგაყვარა. რომ დაუყვირებ ბავშვს და დაგიყვირებს ისიც, ხომ გაბრაზდები, როგორ მიბედავო?! შენ ხომ გაბედე, შენ ხომ დაუყვირე უკვე და მაგალითი უჩვენე. დედა კი ხარ, მაგრამ მყვირალა და გაბრაზებული დედა კი არ უნდა იყო. არ შეიცვლება აღზრდა?! ჩვენი ცხოვრება ჩიხებში შევა, ხან გაგვიჭირდება გამოსვლა და ხან იქ დავრჩებით,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის კოდი“

წაიკითხეთ სრულად