უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„დაშინება არის ჩვენი კომფორტისთვის და არა ბავშვზე ზრუნვისთვის,“ - ბაკურ კოტეტიშვილი
ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის დაშინების მანკიერ მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლები ასე საკუთარი კომფორტის გამო იქცევიან:
„საბოლოოდ ვებრძვით იმ ბიოლოგიურ ფენომენს, რომელსაც ჰქვია დაცულობა. თუ ბუა წამიყვანს, თუ მეტკინება, თუ დავეცემი, მაშინ როგორღა მიცავ?! ეს დაშინება არის ჩვენი კომფორტისთვის და არა ზრუნვისთვის. მაგალითად, კარადაა ოთახში. როგორ გავიგო კარადის თავზე რა არის, თუ არ ავძვერი. ამიტომ ვიწყებ რაღაც ფორმით იქ აძრომას. გვერდით მყოფი მოზრდილი აუცილებლად უნდა დამეხმაროს, ამწიოს, ცოცვაში მომეხმაროს, რომ დავიკმაყოფილო მოთხოვნილება და გავიგო რა არის იქ. ნაცვლად იმისა, რომ ავდგე და ბავშვს მივეხმარო, არ მინდა, რომ ავდგე და ბავშვს ვეუბნები: „არ ახვიდე.“ ბავშვი შეძვრა ავეჯის ქვეშ, მეუბნება, რომ შევძვრე. მე მიჭირს დაკუზვა, ამიტომ ვეუბნები: „გამოდი მანდედან, ეს არ არის სათამაშო ადგილი." ჩვენს კომფორტზეა ეს აწყობილი და არა ბავშვის.“
„რომ ვირბინო, არაფერი მოხდება, მაგრამ უცებ ყურში მესმის: „არ ირბინო, თორემ დაეცემი, გაოფლიანდები." ნეგატივით ხდება შეზღუდვა რაღაც ქმედების. მე თავს ვიბევებ წინასწარ, რომ ბავშვი სადღაც, როდესღაც აუცილებლად დაეცემა. როგორც კი დაეცემა, მაშინვე მზად ვარ, რომ ვუთხრა: ხომ გეუბნებოდი,“ - აღნიშნულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.