Baby Bag

„ბოლო რიგში მჯდომი მოსწავლე, შეიძლება სკოლის დამთავრების შემდეგ კლასიდან ყველაზე ნიჭიერი და მაგარი ტიპი გამოვიდეს,“ - ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ საინტერესო მეთოდის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ადამიანის თვისებების მიხედვით შეგვიძლია გამოვიცნოთ, თუ რომელ მერხზე იჯდა ის სკოლაში:

„ადრე ვაკეთებდი და ხანდახან შემეძლო გამომეცნო, ვინ რომელ მერხზე იჯდა სკოლაში. თუ თქვენი სკოლა უცნაური არ იყო, როგორც წესი სამი რიგია კლასში. მე რომ კითხვა დავსვა, განსხვავდებოდნენ თუ არა წინა რიგში მსხომები ბოლო რიგში მსხდომებისგან, აშკარად განსხვავდებოდნენ. პირველ მერხზე, მეტყვით, რომ ბეჯითები ისხდნენ.“

ზურა მხეიძის თქმით, ბოლო მერხზე მსხდომი მოსწავლეები ხშირად სკოლის დამთავრების შემდეგ ყველაზე დიდ წარმატებას აღწევენ:

„ბოლო მერხზე მჯდომ და ბოლოდან წინა მერხზე მჯდომ ადამიანს შორის განსხვავება არის? დავაკვირდეთ, მასწავლებელი როდესაც დგება ფეხზე, ყურადღების ცენტრში ხვდება ბოლო რიგი და არა - პირველი. ბოლო რიგში ადამიანი ვერ იმალება, მით უმეტეს, თუ მასწავლებელი მკაცრია. იმალება ბოლოდან მეორე-მესამე რიგში. შესაძლოა, ბოლო რიგში ნაკლებად ბეჯითი მოსწავლე ტიპი იყოს, მაგრამ რომ დაამთავრეს სკოლას, ყველაზე მაგარი ტიპი გამოვიდეს კლასიდან, ყველაზე ნიჭიერიც და ვინც წინ არის, იმას აჯობოს.“

„პირველი რიგი არის, რომ მასწავლებელს ვუყურებ და კლასს ვერ ვხედავ. როდესაც შენ გაიცნობ ადამიანს, რომლისთვის უფროსი ყველაფერია და კოლეგა არაფერი, სავარაუდოდ ის იჯდა პირველ რიგში და ჩარჩა პირველ რიგში. ეს არ ნიშნავს, რომ ვინც პირველ რიგში იჯდა, ეგეთია, არა, ვინც ეგეთია, პირველ რიგში იჯდა. რა თქმა უნდა, შეიძლება შევცდე, მაგრამ დიდი ალბათობაა ამის. მეორე-მესამე მერხზე ლიდერი არ ზის. აქ ზის ოთხეული, დაქალები, ძმაკაცები, რომელიც ოთხივე ერთად წონას წარმოადგენს ჯგუფში, ცალ-ცალკე არა. ეს ლოგიკა არის. არა 100%-იანი დამთხვევით, მაგრამ 70-80%-ით ზუსტად იტყვი,“ - აღნიშნულ საკითხზე ზურაბ მხეიძემ „აზროვნების აკადემიაში“ ისაუბრა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის 10 მცნება, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს

მასწავლებლის 10 მცნება, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს
გაბრიელა მისტრალი ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი და ქალთა უფლებების დამცველი იყო. იგი 16 წლიდან პედაგოგად მუშაობდა, 1945 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში.

გთავაზობთ გაბრიელა მისტრალის „მასწავლებლის 10 მცნებას“, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

1. თუ მთელი გულით შეყვარება არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე მარტივად, გასაგებად, ისე, რომ მთავარი არ გამოგრჩეს.

3. გაიმეორე, ისევე როგორც ბუნება იმეორებს, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევს.

4. ისე ასწავლე, რომ გახსოვდეს სილამაზე, რადგან მშვენიერებაა ყველაფრის საწყისი.

5. სანთლები რომ აანთო, თავად უნდა ატარებდე გულით ცეცხლს.

6. ყველა გაკვეთილზე სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, როგორც ცოცხალ არსებაში.

7. იზრუნე სულიერ განვითარებაზე, რომ გასცე, ბევრი უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, რომ შენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია.

9. სანამ ყოველდღიურ გაკვეთილს დაიწყებ, გულში ჩაიხედე და ნახე, სუფთაა თუ არა.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა მოგმადლა ხვალინდელი დღის შექმნის ნიჭი.

წაიკითხეთ სრულად