Baby Bag

„ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ, რომ როდესაც ოჯახში პატარა წევრი ჩნდება, უფროს ბავშვს ავალებენ პასუხისმგებლობას,“ - პაატა ამონაშვილი

„ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ, რომ როდესაც ოჯახში პატარა წევრი ჩნდება, უფროს ბავშვს ავალებენ პასუხისმგებლობას,“ - პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვებში ზრუნვის უნარის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ჩემი და ჩემზე უმცროსია. მახსოვს, როდესაც სკოლაში დავდიოდი, მამაჩემმა მითხრა, ძალიან მინდა მაღაზიაში გამომყვე, შენთვის რაღაც აარჩიე, შენი დისთვისაც რამე შეარჩიე და აჩუქეო. მაღაზიაში ბედნიერი წავედი. ჩემს დას სიხარულით რაღაც ავურჩიე. მე უკვე ბედნიერი ვიყავი, რომ მეც რაღაც შემხვდა. ეს მომენტი მახსოვს, რომ ნინოს ვაჩუქე რაღაც და ის რა გახარებული იყო. მერე გავიგე, რომ ამ დროს დედამ ჩემს დას უთხრა, შეიძლება შენმა ძმამ დღეს რაღაც გაჩუქოს და ალბათ, ძალიან გაგიხარდებაო. იმის მერე დღემდე მინდა, რომ ჩემს დას რაღაც ვაჩუქო, რაღაც პატარა გავუკეთო.“

„ბავშვები ბუნებით ეგოისტები არიან. კიდევ ერთი რამ, რაც ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ არის ის, რომ როდესაც ოჯახის პატარა წევრი ჩნდება, დიდს ავალებენ პასუხისმგებლობას, რომ ახლა შენ უნდა იზრუნო, მოუარო, გამოუცვალო. პასუხისმგებლობის იძულება არ მგონია, რომ კარგი გზა იყოს. თუ ბავშვში ზრუნვა უკვე არის, ის ამას სიხარულით გააკეთებს. თავისი ნებით თუ გააკეთებს რაღაცას, სულ პატარას მაინც, მოდი, მაგრად შევაქოთ. უფროსი ძმა სულ რომ 14 წლის იყოს, სრულწლოვანი მაინც არ არის. ის, რომ ბავშვი გადასცე და შენ კინოში წახვიდე, ასე არ გამოვა არანაირად,“ - აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლოს თვითდამშვიდება და თვითჩაძინება,“ - ბავშვთა ნევროლოგი ნანა ტატიშვილი

„ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლოს თვითდამშვიდება და თვითჩაძინება,“ - ბავშვთა ნევროლოგი ნანა ტატიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა ბავშვებში ძილის დარღვევის განვითარების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნული პრობლემის გენეტიკურ ხასიათს გაუსვა ხაზი:

„ძილის დარღვევის დროს ძალიან ხშირია ოჯახური წინასწარგანწყობა, განსაკუთრებით ადრეულ ჩვილობაში. ძალიან ხშირად, როდესაც მშობელს მოჰყავს ჯანმრთელი ბავშვი, ყოველგვარი გართულების გარეშე და ჩივის, რომ ​ბავშვს არ სძინავს, წუხს, აღმოჩნდება, რომ დედა ან მამა ასეთივე პრობლემით იყო ადრეულ ჩვილობაში. თვითონ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ არ იციან, მაგრამ თუ ბებია ახლავს, ის ამბობს: „სულ ვამბობდი, რომ შენი შვილი გადაგიხდის სამაგიეროს, მე რომ მაწვალე ადრეულ ბავშვობაში.“

ნანა ტატიშვილის თქმით, ძილის დარღვევების მთავარი გამომწვევი გარემოა და არა - გენეტიკა:

„გენეტიკაზე დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, წესების დაცვას. თუ ბავშვის ძილი დამოკიდებულია ჩვენს დროზე, როდესაც ჩვენ მოვიცლით, სტუმრებს გავუშვებთ, საქმეებს მოვრჩებით და ბავშვს მერე დავაძინებთ, ეს არის ხან ადრე, ხან უფრო გვიან, ასეთ ბავშვებს დარღვეული აქვთ ძილი. ჩემთან მოსულან მშობლები, რომლებსაც გამოცდილი აქვთ ძალიან მძიმე და სერიოზული წამლები, რომელთაც არავითარი ზეგავლენა ბავშვის ძილზე არ მოუხდენია. გაცილებით ძნელია მშობელი დავარწმუნოთ, რომ ​ძილის რუტინის მოწესრიგება არის ერთადერთი საშუალება ბავშვის ძილის მოწესრიგებისთვის. რეჟიმის დაცვის გარეშე არ არსებობს მედიკამენტი, არ არსებობს საშუალება, რომელიც ძილს გამოასწორებს.“

ნანა ტატიშვილმა მშობლებს მოუწოდა არ ინერვიულონ, თუ ბავშვი ძილში ხშირად წამოიყვირებს და დღისით დაძინებაზე უარს იტყვის:

„ძილში ბავშვის წამოყვირება არ არის საშიში. ერთი წლიდან სკოლამდელ ასაკამდე, ან უფრო გვიანაც, არის ღამის შიშები და კოშმარები. ეს არის ძილის მომწიფების სტადია, არის ასაკობრივი დარღვევა, რომელიც თავისით მოწესრიგდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვის დღის რეჟიმს. მშობლები ჩივიან ხოლმე, რომ ბავშვმა გაიღვიძა ერთხელ, ორჯერ. წლამდე 4-6 გამოღვიძება ღამის განმავლობაში არის ნორმა. მშობლისთვის ეს ძალიან ძნელია, რადგან ის დაღლილია. ერთი წლის მერე ბევრი ბავშვი იღვიძებს ღამის პირველ საათზე, დილის ოთხამდე თამაშობენ. ესეც ძნელი მოსათმენია, მაგრამ ნორმაა. დღის ძილს რაც შეეხება, ბევრი ბავშვი ორი წლის შემდეგ ანებებს დღის ძილს თავს. თუ მათი ძილის ხანგრძლივობა, რომელიც 11-12 საათი უნდა იყოს, სრულდება ღამის ძილით, მაშინ შესაძლებელია, რომ ჩვენ არ ვინერვიულოთ. სამი წლიდან უმეტესი ბავშვი ანებებს დღისით დაძინებას თავს. როგორც წესი ეს ძილის დარღვევა ​ბავშვების ნერვულ სისტემას არ აფუჭებს, როგორც მშობლებს ჰგონიათ ხოლმე. ის არც რაიმე რთულ პრობლემებს არ იწვევს.“

„ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლოს თვითჩაძინება და თვითდამშვიდება. როდესაც მშობელი ამოიყვანს ბავშვს საწოლიდან, ანჯღრევს, ეს არ აძლევს მას თვითდამშვიდების საშუალებას. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ თუ ბავშვი იღვიძებს, ამოვიყვანოთ, მოვეფეროთ, მივიკრათ გულზე, ვაგრძნობინოთ, რომ მასთან ვართ, შემდეგ ისევ ჩავაწვინოთ საწოლში და ​არ შევიმჩნიოთ მისი ჭირვეულობა. დავაცადოთ ბავშვს, რომ თვითონ დამშვიდდეს და დაიძინოს. თუ ბავშვობის ასაკში არ ჩამოუყალიბდა ბავშვს ნორმალური ძილის რეჟიმი, შემდეგ მთელი ცხოვრება ეს იქნება პრობლემა. მას მოუწევს უამრავი მედიკამენტის მიღება. ხშირად ვითარდება ძილის კიდევ უფრო რთული პრობლემები და სერიოზული პრობლემების წინაშე დგება ადამიანი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად