Baby Bag

„ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და ადამიანს უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ,“- თეა გოგოტიშვილი

„ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და ადამიანს უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ,“- თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა ოჯახში არსებულ კონფლიქტში ნათესავების, მეზობლებისა და მეგობრების ჩარევის შემთხვევებზე ისაუბრა:

„შანსები შეიძლება ნათესავების დახმარებაშიც იყოს. ცალმხრივი მიდგომაა, რომ ვიღაცას ვერ შველის მეგობრის რჩევა. ერთი უკიდურესობაა დასავლეთის ქვეყნებში, სადაც არის ისეთი დისტანცირება, რომ ფორმალური ღიმილის იქით ურთიერთობა აღარ მიდის. ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ. შეიძლება ამან ისეთი ტრავმატიზაცია გამოიწვიოს ადამიანის, რომ სჯობდა საერთოდ არ ჩარეულიყო.“

„პრინციპი „არ ავნო“ ფსიქოთერაპიაში ამოსავალია. ამიტომაა აქ საჭირო კვალიფიკაცია. ყველა მეზობელი და მეგობარი რომ ფსიქოთერაპევტი იყოს დაბადებიდან, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა ამის მოთხოვნა. როდესაც ადამიანები ვერ გრძნობენ ტაქტს და უფრო შორს მიდიან ვიდრე მათ ეს ევალებათ, პასუხისმგებლობა არის მასზე, ვინც აძლევს მას ამის უფლებას. სრულიად თავისუფლად შეიძლება ღიმილით და კეთილგანწყობით ვუთხრათ, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება და თუ შეიძლება, ნუ ჩაერევი, იმიტომ, რომ მე ამას განვიცდი, არ მაქვს ამის სურვილი, რომ ვინმემ განიხილოს ეს თემა,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა გოგოტიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საქართველოს პირველი არხი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

წაიკითხეთ სრულად