Baby Bag

„ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და ადამიანს უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ,“- თეა გოგოტიშვილი

„ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და ადამიანს უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ,“- თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა ოჯახში არსებულ კონფლიქტში ნათესავების, მეზობლებისა და მეგობრების ჩარევის შემთხვევებზე ისაუბრა:

„შანსები შეიძლება ნათესავების დახმარებაშიც იყოს. ცალმხრივი მიდგომაა, რომ ვიღაცას ვერ შველის მეგობრის რჩევა. ერთი უკიდურესობაა დასავლეთის ქვეყნებში, სადაც არის ისეთი დისტანცირება, რომ ფორმალური ღიმილის იქით ურთიერთობა აღარ მიდის. ჩვენი კულტურისთვის სამწუხარო პრობლემაა, რომ არავინ არ თხოვს და უვარდებიან სულში, ხელებს აფათურებენ. შეიძლება ამან ისეთი ტრავმატიზაცია გამოიწვიოს ადამიანის, რომ სჯობდა საერთოდ არ ჩარეულიყო.“

„პრინციპი „არ ავნო“ ფსიქოთერაპიაში ამოსავალია. ამიტომაა აქ საჭირო კვალიფიკაცია. ყველა მეზობელი და მეგობარი რომ ფსიქოთერაპევტი იყოს დაბადებიდან, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა ამის მოთხოვნა. როდესაც ადამიანები ვერ გრძნობენ ტაქტს და უფრო შორს მიდიან ვიდრე მათ ეს ევალებათ, პასუხისმგებლობა არის მასზე, ვინც აძლევს მას ამის უფლებას. სრულიად თავისუფლად შეიძლება ღიმილით და კეთილგანწყობით ვუთხრათ, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება და თუ შეიძლება, ნუ ჩაერევი, იმიტომ, რომ მე ამას განვიცდი, არ მაქვს ამის სურვილი, რომ ვინმემ განიხილოს ეს თემა,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა გოგოტიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საქართველოს პირველი არხი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ გინდათ, რომ ბავშვს რამე უხაროდეს, უყვარდეს და სიამოვნებას ანიჭებდეს, თქვენ უნდა გიხაროდეთ ამ რიტუალის გაკეთება,“ - თამარ ედიბერიძე

„თუ გინდათ, რომ ბავშვს რამე უხაროდეს, უყვარდეს და სიამოვნებას ანიჭებდეს, თქვენ უნდა გიხაროდეთ ამ რიტუალის გაკეთება,“ - თამარ ედიბერიძე

​​ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ დღესასწაულების დროს ოჯახური რიტუალების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მარტივ რიტუალებში ბავშვების ჩართვა აუცილებელია, რადგან ეს მათ ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს:

„ჯანსაღ ფსიქიკას აყალიბებს მოლოდინების გამართლება. ადეკვატური მოლოდინი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ ის გაგვიმართლდეს და იმედები არ გაგვიცრუვდეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ​ყველაზე პატარა ბავშვის ჩართულობა რიტუალსა და ტრადიციაში იყოს გათვალისწინებული. რაც უფრო მარტივად შესასრულებელია ეს რიტუალი, მით უფრო ადვილია, რომ მასში პატარა ასაკის ბავშვებიც თამამად ჩავრთოთ. როდესაც დღესასწაული ერთხელ გავიარეთ, შემდეგ ისევ, ეს აყალიბებს განცდას, რომ „აი, კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ,“ ეს არის უკვე განცდა იმისა, რომ გავიზარდე. რაც მთავარია, წლიდან წლამდე ბავშვი იზრდება და მისი შესაძლებლობებიც იზრდება. რიტუალებსა და ტრადიციაში მისი წვლილიც შეიძლება ნელ-ნელა გავზარდოთ.“

თამარ ედიბერიძის თქმით, მარტივი კომპონენტებისგან შემდგარი კერძების მომზადებაში ბავშვების ჩართვა მათთვის ძალიან სასარგებლოა:

„ძალიან მიყვარს საშობაო ტრადიცია, გურული ღვეზელები, ნაძვის ხის აწყობა. ყველა ოჯახს შეიძლება ჰქონდეს ​კერძი, რომელიც მარტივი კომპონენტებისგან მზადდება. გურულ ღვეზელსაც თუ ჩავუღრმავდებით, იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მარტივი კომპონენტებისგან აწყობილ, მაგრამ თავისებურად აწყობილ კერძს, რომელიც ერთ კონკრეტულ დღეს უკავშირდება, მაგ. ლობიანები ბარბარობას, ბავშვთან ერთად თუ მოვამზადებთ, კარგია. ცომის მოხვევაში, გულსართის ჩადებაში ან მსგავს რაღაცებში მონაწილეობისას მას ექნება თანაზიარობის, ჩართულობის განცდა. ის სწორედ ამ ეშხით დაელოდება ახალ ღონისძიებას.“

​თამარ ედიბერიძემ მშობლებს მოუწოდა თავადაც სიხარულით ჩაერთონ რიტუალებში, რომლებსაც ბავშვებთან ერთად ასრულებენ:

„თუ გინდათ, რომ ბავშვს რამე უხაროდეს, უყვარდეს და სიამოვნებას ანიჭებდეს, თქვენ უნდა გიხაროდეთ ამ რიტუალის გაკეთება. თუ თქვენ იძულებით აკეთებთ რამეს, ასხივებთ, რომ ახლა არ გაქვთ ამის ნერვები, ეს ბავშვის დამოკიდებულებასაც ასუსტებს. ​თუ ბავშვი ხედავს, რომ დედა წვალობს ამ ყველაფრის გაკეთებაზე, მას არ მოეწონება ეს რიტუალი და ცუდად დაამახსოვრდება. ამას სჯობს რაღაც შევცვალოთ ან იმ ეტაპზე უარი ვთქვათ. მშობლებს ეს პირიქით ეხმარებათ ხოლმე. როდესაც ხვდებიან, რომ ეს ბავშვისთვის კარგია, უფრო ნახულობენ თავის თავში ძალას, რომ თუნდაც იმ ერთი დღით სიხარული, ბედნიერება და ბავშვისადმი მხარდაჭერა გამოხატონ.“

„ბავშვის ტრადიციაში ჩართულობა და რეგულარულად განმეორებადობა მას ძალიან დადებით მოლოდინს შეუქმნის. მისთვის ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ მართლა გაიზარდა, რადგან კიდევ ერთი დღესასწაული მოვიდა. მე ბავშვობიდან მახსოვს ნაძვის ხის აწყობისას წლიდან წლამდე როგორ ნაკლებად და ნაკლებად მაღალი იყო ის ჩემთან შედარებით. ნაძვის ხე წლიდან წლამდე მიდასტურებდა, რომ „შენ უფრო დიდი გოგო ხარ, ვიდრე იყავი!“ ეს მე ძალიან კარგად მახსოვს. ასეთი მარტივი ფენომენები უკეთესად ქმნის კარგ ფსიქიკას და მომავალს, ვიდრე ​ძალიან ძვირადღირებული სათამაშო. მეტისმეტად ძვირადღირებული რიტუალები მოლოდინს ქმნის და ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ამას წლიდან წლამდე. ეს ბავშვს არარაციონალურ მოლოდინებს უჩენს. თანატოლებში არარაციონალური შეჯიბრი ყალიბდება. დიდი შანსია, რომ ბავშვს შემდეგ წელს იმედი გავუცრუოთ. მარტივი შინაარსის რიტუალი ყოველთვის შესრულებადი იქნება, ნებისმიერ პირობებში,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად