Baby Bag

„ჩვენ არ ვართ ვალდებული ყველას ყველაფერი ვაპატიოთ... ადამიანს უფლება აქვს, რაღაც ვერ აპატიოს,“- ფსიქოლოგი ნატო ბაქრაძე

„ჩვენ არ ვართ ვალდებული ყველას ყველაფერი ვაპატიოთ... ადამიანს უფლება აქვს, რაღაც ვერ აპატიოს,“- ფსიქოლოგი ნატო ბაქრაძე

ფსიქოლოგმა ნატო ბაქრაძემ წყენის გადალახვისა და საკუთარი ემოციებისთვის თვალის გასწორების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ადამიანებმა საშუალება უნდა მისცენ საკუთარ თავს, რომ იყვნენ გაბრაზებულები და ნაწყენები. თუ ჩვენ ვინმესგან რამე გვეწყინა, გვაქვს უფლება გვწყინდეს, გვტკიოდეს და გვაბრაზებდეს. აუცილებელია ამ ემოციებთან კონტაქტი. თუ გადაწყვეტილი მაქვს, რომ ადამიანს ვაპატიო, უნდა დავფიქრდე, რამდენად უსაფრთხო იქნება ჩემი შემდგომი ურთიერთობა მასთან. წყენის გადასამუშვებლად ჩვენ გვჭირდება დრო. მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც პაუზა ავიღოთ ურთიერთობაში. ჩვენ არ ვართ ვალდებულები ყველას ყველაფერი ვაპატიოთ. ადამიანს უფლება აქვს, რაღაც ვერ აპატიოს, თუ ეს ძალიან მტკივნეული რამ არის მისთვის.“

ნატო ბაქრაძის თქმით, არავინაა ვალდებული მყისიერად ვიღაცას რაღაც აპატიოს:

„არ უნდა გვეგონოს, რომ მე ვალდებული ვარ მყისიერად ვიღაცას რაღაც ვაპატიო. საკუთარ თავს დრო უნდა მივცეთ, რომ დრო დავუთმოთ საკუთარი განცდების შესწავლას და მერე ვიგრძნო, რომ მზად ვარ ეს წყენა გავუშვა. წყენა და ბრაზი ერთმანეთთან ძალიან ახლოს მყოფი ემოციებია. ხშირად არის ხოლმე, რომ ბრაზის მიღმა წყენაა. ნეგატიური ემოციების დაგუბება იწყებს რთულ შედეგებს.“

„არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაიმე არ წყინდეს. შეიძლება ადამიანს აღზრდის სტილიდან გამომდინარე ასწავლეს, რომ არაფერი უნდა ეწყინოს. ყველაზე კარგად ჩვენს რელიგიაში ჩანს პატიების მთელი სიდიადე, მაგრამ ყველას თავისი ტემპი აქვს მივიდეს ამ გზამდე. ყველას გვჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ რაღაც მოვინელოთ და მოვიშუშოთ. ჩვენ ადამიანები ვართ. ჩვენი ემოციები ძალიან ცოცხალია. ბავშვობიდანვე ჩვენს შვილებს განვუვითაროთ ემოციური ინტელექტი იმ დონეზე, რომ დაუშვან, რომ მათაც შეიძლება ეწყინოთ, გაბრაზდნენ. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ ირეაგიროს. მან არამხოლოდ პატიების თხოვნა უნდა შეძლოს, არამედ თვითონაც შეძლოს აპატიოს,“- აღნიშნულ საკითხზე ნატო ბაქრაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად