Baby Bag

„ცოტა გავაიშვიათოთ ამ მოვლენების მოსმენა, წუთში ერთხელ ნუ მოვისმენთ,“- ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის რეკომენდაცია

„ცოტა გავაიშვიათოთ ამ მოვლენების მოსმენა, წუთში ერთხელ ნუ მოვისმენთ,“- ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა ადამიანებს ურჩია ომთან დაკავშირებით სიახლეებს უწყვეტად არ გაეცნონ და ტვინი ჭარბი სტრესისგან დაიცვან:

„საყოველთაო რჩევაა, რომ ცოტა გავაიშვიათოთ ამ მოვლენების მოსმენა. რა თქმა უნდა, ეს ყველას გვაინტერესებს, მაგრამ წუთში ერთხელ ნუ მოვისმენთ. როდესაც თქვენ ფეხდაფეხ მიყვებით მოვლენებს, საკუთარ ტვინს გაბმულ, მუდმივ სტრესში ამყოფებთ. ამბების გაცნობას შორის შუალედების გაზრდა საკუთარი ფსიქიკის დაცვაა.“

ხათუნა მუზაშვილის თქმით, ადამიანებს შორის მზარდი აგრესია ომის პირობებში შემთხვევითი არ არის:

„ერთმანეთზე აგრესიაც არ არის შემთხვევითი. ამას საფუძვლად სულ სხვა რამ უდევს, ვიდრე გვგონია. საბრძოლო მოქმედებების დროსაც კი დაცულობის განცდა არის უმთავრესი. ამას ომში მყოფი ადამიანი იღებს გვერდზე მდგომებისგან, თანამოაზრეებისგან. ადამიანს ამ მდგომარეობაში უნდა შემოიკრიბოს თანამოაზრეები. ამიტომ არის ამდენი: წაგშლით, ჩემს გვერდზე მარტო თანამოაზრეები უნდა იყვნენ.“

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტრესის დროს მართლა შემოვიკრიბოთ თანამოაზრეები. მივცეთ საშუალება ერთმანეთს, რომ თანამოაზრეებს ვესაუბროთ. დავკავდეთ რაიმე ისეთით, რითაც დახმარება შეგვიძლია. თუ ჰუმანიტარული დახმარება გროვდება ომში მყოფი ადამიანებისთვის, ხომ კარგი. თუ არა, უბრალოდ გაჭირვებულ ადამიანებს რომ დავეხმაროთ გარშემო, ეს ძალიან სერიოზულ შვებას გვაძლევს, იმიტომ, რომ რაღაცას ვაკეთებთ,“- აღნიშნულ საკითხზე ხათუნა მუზაშვილმა ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფიქრობენ, რომ „დელტაკრონმა“ არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ფიქრობენ, რომ „დელტაკრონმა“ არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ახალი შტამის „დელტაკრონის“ შესახებ ისაუბრა:

„თუ ომიკრონის სისწრაფეს გავითვალისწინებთ, ხანმოკლე პერიოდში ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა თითოეულ ქვეყანაში. ახალ ვარიანტთთან დაკავშირებით ასეთი თვისება არ დაფიქსირებულა. რამდენად შეიძლება ეს იყოს შემაშფოთებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით უმრავლესი შეფასება არის ნეგატიური. ფიქრობენ, რომ ამ ვირუსმა არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა. ამ მხრივ მოლოდინი არ არის, რომ ეს ვირუსი იქნება იმის მსგავსი რაც იყო ან დელტა, ან ომიკრონი. გარკვეულწილად ფიქრობენ, რომ ასეთი მუტაციების შექმნა პანდემიის ბოლო პერიოდში უფრო ვითარდება. ჰიბრიდული მუტაციები, როგორც წესი, შემდეგ უკვე აღარ ვითარდებიან. ესეც დადებითი მაჩვენებელია.“

„იაშვილში ჩვენ ძირითადად აქცენტს ვაკეთებთ პოსტკოვიდური გართულებების მკურნალობაზე. ბოლო პერიოდში ამ რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. ჩვენ ამის პროგნოზს ვაკეთებდით ჯერ კიდევ 4-5 კვირის წინ. საქართველოში ყოველ ათას ინფიცირებულ ადამიანში ორასი ბავშვია. ამ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარების ალბათობა არსებობს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ყოველ დღე შემოდის ჩვენთან ერთი პაციენტი ამ დიაგნოზით. ამ პაციენტების შემოსვლის ალბათობა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში რჩება,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად