Baby Bag

„20 წუთი ან ნახევარი საათი ერთობლივი კითხვა არის განუზომელი წვლილი ბავშვის ემოციურ რეგულაციაში,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„20 წუთი ან ნახევარი საათი ერთობლივი კითხვა არის განუზომელი წვლილი ბავშვის ემოციურ რეგულაციაში,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში ემოციური რეგულაციისა და ემოციური განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს ურჩია, რომ შვილებთან ერთად ზღაპრები ხშირად წაიკითხონ:

„XXI საუკუნეში ყველაზე მთავარი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება. დეჰუმანიზაციის პერიოდში, როდესაც ტექნოკრატიულ, ტექნოლოგიური რევოლუციები ხდება, როდესაც გაუცხოვება კიდევ უფრო ძლიერია, როდესაც ხდება გახლეჩვა საზოგადოებების, ამ პირობებში განსაკუთრებულ როლს იძენს ემოციური განვითარება და ემოციური რეგულაციის განვითარება. ეს არის მთავარი საზრუნავი დღევანდელ საზოგადოებაში. ინგლისის სასწავლო გეგმებს ვეცნობოდი ამას წინათ. იქ ემოციური რეგულაცია შეტანილია ერთ-ერთ მიზნად. ამერიკის შეერთებულ შტატებში საბავშვო ბაღებში ემოციური რეგულაცია შეტანილია ერთ-ერთ სასწავლო მიზნად, რომ ბავშვებს ეს სპეციალურად ასწავლონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის.“

„ძალიან ბევრი ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ზღაპარი კათარზისის საშუალებაა. ზღაპრის საშუალებით შემოდის ჩვენში ცხოვრებისეული რეალობები. ბავშვი ადაპტირდება და რეალობებს ასე ეჩვევა. ზღაპარი მნიშვნელოვანია ბავშვის წარმოსახვის, მეტყველების, ემოციური განვითარებისთვის, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებისა და მშობელთან ურთიერთობისთვის. 20 წუთი ან ნახევარი საათი ერთობლივი კითხვა არის განუზომელი წვლილი ბავშვის ემოციურ რეგულაციაში. მეტი შეგიძლია არაფერი არ გააკეთო. ერთად იკითხოთ მობილურის, აქეთ-იქით სირბილის გარეშე, ჩართული იყო ამ ზღაპარში, ეს არის უებარი საშუალება მომავალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. როდესაც მოუცლელი მშობლები არიან და დანაშაულის განცდა აქვთ, ეს დრო არის სრულიად საკმარისი პატარა ბავშვის შემთხვევაში, რომ 20 წუთი, ნახევარი საათი ერთად იკითხონ,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად