Baby Bag

„ადამიანები, რომლებსაც მატერიალური კეთილდღეობა აქვთ, ისინიც ჩემთან დადიან, ისინიც ცუდად გრძნობენ თავს,“- ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

„ადამიანები, რომლებსაც მატერიალური კეთილდღეობა აქვთ, ისინიც ჩემთან დადიან, ისინიც ცუდად გრძნობენ თავს,“- ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ მატერიალური კეთილდღეობის მიღწევის მიზნებსა და იმ ნეგატიურ ზეგავლენაზე ისაუბრა, რომელსაც ადამიანებზე მსგავსი მიზნის დასახვა ახდენს:

„თუ ვამბობ: „მე ბედნიერი ვიქნები, როდესაც მილიონი მექნება,“ ფსიქიკამ ეს აკრიფა, დადო ზღვარი მილიონზე და მილიონის ქვემოთ მე ბედნიერებას ვერ განვიცდი. მე დავაწესე ზღვარი ჩემსავე ფიქრებში. მიზანი არის, რომ თქვენ ცუდად იყოთ თუ კარგად იყოთ? რატომ უნდა დავისახო ის მიზანი, რომელიც ცუდად მხდის? მაზოხისტი ვარ?! რა არის მატერიალური კეთილდღეობა? ეს არის აბსოლუტური ილუზია. იცით, რატომ ჩაგიდეს თავში, რომ ეს არის მნიშვნელოვანი?! მატერიალური კეთილდღეობით ადამიანი ადვილად იმართება. მე თუ გითხარი, რაღაც რომ გააკეთებ, ამას მოგცემ-მეთქი, ამას დაგიკიდებ სადმე და გმართავ. თუ შენთვის ეს არ გახდება წამყვანი, მართული არ ხარ.“

„შეიძლება მე შენ სამსახურში აგიყვანო, გიხადო 60 000 დოლარი და ცხოვრება გაგიხადო რად, იცი?! ფული გექნება, მაგრამ ყველაფერს დაკარგავ. რა არ არის ასეთი სამსახურები?! მატერიალურად კარგად ხარ, მაგრამ ამ მატერიალურს ახმარ იმას, რომ რაც დაკარგე, იმის შევსებას აკეთებ. ცხოვრებას უნდა ჭკუა. შენ რომ ამბობ, რაღაცას მივაღწიეო, კი, მიაღწიე, მაგრამ რა არის ის, რაც შენ გინდა?! ფული და ფინანსები არის რესურსი, რომ კარგად იყო. თუ ეს გახდა მიზანი, ხარ ცუდად, მაგრამ ფული გაქვს, უკვე აგრევია ცხოვრება. ადამიანები, რომლებსაც ეს აქვთ, ისინიც ჩემთან დადიან. ისინიც ცუდად გრძნობენ თავს. მათთვის მანამდე ურთიერთობები იყო ნამდვილი. მეგობარი იყო ნამდვილი მეგობარი, ქალს ნამდვილად უყვარდი. ყველა ურთიერთობა გაფუჭდა. ეს მათი ტექსტებია. ძალიან ბევრი ფული თუ გაქვს, შვილს დაცვა უნდა აუყვანო, რომ არ მოგპარონ. რამდენ რამეში იზღუდები, რამდენ რამეს კარგავ... შენ კარგავ ყველაზე ძვირფასს, რაც არის თავისუფლება. თუ კარგად გაიაზრებ, ამ რაღაცების დევნამ, შეიძლება მთელი ცხოვრება გაუშვას გვერდზე,“- აღნიშნა ზურაბ მხეიძემ.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად