Baby Bag

„ბებიებს და ბაბუებს უნდა ჰქონდეთ ლოიალური დამოკიდებულება შვილიშვილებთან, მაგრამ მშობლის დადგენილი წესი არ უნდა დაარღვიონ“- ფსიქოლოგი რუსა სამხარაძე

„ბებიებს და ბაბუებს უნდა ჰქონდეთ ლოიალური დამოკიდებულება შვილიშვილებთან, მაგრამ მშობლის დადგენილი წესი არ უნდა დაარღვიონ“- ფსიქოლოგი რუსა სამხარაძე

ფსიქოლოგმა რუსა სამხარაძემ ბავშვისთვის „არას“ მიღების სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვები წესრიგს ჩვილობიდან უნდა ვაზიაროთ:

„ბავშვს არას პირველად 16 წლის ასაკში თუ ვეტყვით, ვერ გაიგებს, რა თქმა უნდა. ჩვილი ასაკიდან ჩვენ ბავშვს ვუქმნით გარკვეულ მოწესრიგებულ გარემოს. ამაში იგულისხმება ის, რომ მას აქვს თავის დროზე ჭამა, ძილი. მისი გარემო მოწესრიგებული და წინასწარმეტყველებადია. ბავშვის უსაფრთხოება და სტაბილურობა არის დაცული. როდესაც ბავშვი დამოუკიდებელი ხდება, ამ დროს მშობლები, სამწუხაროდ, ვიწყებთ შეცდომების დაშვებას. ჩვენ ვარღვევთ ამ წესებს და ჩარჩოებს. ბავშვს აღარ აქვს ისეთი მოწესრიგებული დღის რუტინა.“

„ბავშვი ბევრ რამეს გვთხოვს, მაგრამ ჩვენ თუ აქ არ ვიწყებთ წესების დაწესებას, შემუშავებას, რომელსაც ოჯახის ნებისმიერი წევრი თანმიმდევრულად იცავს, თუნდაც ერთი მშობლისგან დაწესებული „არა“ კარგავს მნიშვნელობას. ბავშვი საკმაოდ ჭკვიანია. ის, რა თქმა უნდა, ხვდება და კარგად იყენებს ამას. ეს ერთგვარი მანიპულირების იარაღია და უფროსები ვართ ამის ხელშემწყობი. ერთსა და იმავე რამეზე ერთი ამბობს არას, მეორე ამბობს კი. ბავშვი იწყებს ერთ-ერთი მშობლით მანიპულირებას. არათანმიმდევრული, არაშეთანხმებული აღზრდის სტილის გამოყენების დროს ძალიან ხშირია ბავშვის ემოციური და ქცევითი პრობლემები. ბებიებს და ბაბუებს უნდა ჰქონდეთ ლოიალური დამოკიდებულება შვილიშვილებთან, მაგრამ თუ მშობელი შეიმუშავებს წესს, ბებია-ბაბუამ ეს შემუშავებული წესი და ჩარჩო არ უნდა დაარღვიოს,“- აღნიშნულ საკითხზე რუსა სამხარაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად