Baby Bag

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“ - თამარ გაგოშიძე

„მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საბავშვო ბაღებში ბავშვების ენერგიაზე მოსაყვანად და გასართობად ტელევიზორის გამოყენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა ბავშვის განვითარებას ხელს არ უწყობს და პატარების გართობა ან ენერგიაზე მოყვანა ალტერნატიული საშუალებების გამოყენებითაც არის შესაძლებელი:

„ბოლო დროს მშობლებისგან ხშირად მესმის, რომ საბავშვო ბაღში არის ტელევიზორები, ალბათ, უფრო საჯაროში. მე, როგორც ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღში ტელევიზორების დანიშნულებას ვერ ვხვდები. თითქოს ეს არის ბავშვების გართობის საშუალება, ენერგიაზე მომყვანი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ცოტა გამხიარულებას. არ მგონია, რომ ეს ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას. ბავშვს ისედაც დიდი ექსპოზიცია აქვს ტელევიზორის სახლშიც. საბავშვო ბაღის გარემო მაინც უნდა იყოს ეკრანისგან თავისუფალი.“

„ტელევიზორის მაგივრად სხვანაირად შეიძლება ბავშვის სტიმულირება, თუნდაც იგივე მუსიკით, დაკვრით, აქტივობებით. არ ღირს, რომ სკოლამდელი განათლების ძვირფასი დრო დაიხარჯოს ტელევიზორის ყურებაში და რაღაც მულტფილმების ყურებაში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„დიალოგოსი“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევწყვიტოთ ყვირილი? – 5 გზა, რომელიც დაყვირებისგან თავის შეკავებაში დაგეხმარებათ

როგორ შევწყვიტოთ ყვირილი? – 5 გზა, რომელიც დაყვირებისგან თავის შეკავებაში დაგეხმარებათ

მშობლები შვილებთან ხმას ხშირად იმაღლებენ, რასაც თავადაც ძალიან განიცდიან. თუ ემოციების კონტროლი გიჭირთ და ბავშვს უყვირით, შეგიძლიათ თქვენს ქცევაში გარკვეული ცვილებები შეიტანოთ, რაც არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით გეჩვენებათ.

1. გააცნობიერეთ ზიანი, რომელსაც ყვირილით ბავშვს აყენებთ

ყვირილის დამაზიანებელი გავლენა ჩვენი ხმის ხმამაღალი ტემბრით არ არის გამოწვეული. შესაძლოა, ადამიანს ყვირილით ვუთხრათ, რომ გვიყვარს, რაც მშვენიერია, თუმცა, როდესაც ბავშვებს ვუყვირით, უმეტესად გაბრაზებულები და განრისხებულები ვართ. ყვირილით ბავშვს ვასწავლით, რომ როდესაც ვბრაზდებით, საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა ნორმალური მოვლენაა. არცერთ მშობელს არ სურს, რომ შვილს მსგავი რამ ასწავლოს.

2. გააცნობიერეთ, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ყვირილს აზრი არ აქვს

ყვირილი მანიპულაციაა. ჩვენ ბავშვისგან გარკვეული ქმედების მიღება გვსურს, რისთვისაც ყვირილს ვიყენებთ. ემოციის ინტენსივობა ჩვენს ნათქვამს შინაარსს უკარგავს. სიტყვებს თავისი ძალა აქვს, ყვირილი კი მათ ამ ძალას უკარგავს. ჩვენ გვსურს ყვირილით შვილები დავარწმუნოთ: „გაიგონე, რასაც გეუბნები!“ თუმცა საპირისპირო შედეგს ვიღებთ.

3. გაიხსენეთ, რა როლი გაკისრიათ შვილებთან ურთიერთობაში

მშობელი შვილს სიმშვიდის, რაციონალიზმისა და ზრდასრულობის მაგალითს უნდა აძლევდეს. თუ გსურთ, რომ ბავშვებთან ყვირილი შეწყვიტოთ, როდესაც დაყვირებას გადაწყვეტთ, თქვენი და თქვენი შვილების ტემპერამენტი ერთმანეთს შეადარეთ. ნუ იყვირებთ ისე, როგორც ბავშვები ყვირიან. თქვენგან მათ სიმშვიდისა და გაწონასწორებულობის მაგალითი სჭირდებათ.

4. ნუ მიიყვანთ საქმეს გაბრაზებამდე

როდესაც ბავშვებს საშუალებას აძლევთ, რომ კამათში აგიყოლიოთ, მათ ვითარების ესკალაციის საშუალებას აძლევთ. მას შემდეგ, რაც ბავშვს ეტყვით, რომ მას შეუძლია დასვას კითხვები და გამოთქვას თავისი მოსაზრებები პრობლემურ საკითხზე, რომელზეც კამათობთ, ყურადღებით მოუსმინეთ და თუ გრძნობთ, რომ ემოციებს ჰყვებით, უთხარით, რომ დისკუსია დასრულებულია. თუ კამათს განაგრძობთ, არსებობს რისკი, რომ ბავშვს დაუყვიროთ.

5. ყოველთვის გქონდეთ ალტერნატიული გეგმა, რომელიც ყვირილის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ

თუ თავს ცუდად გრძნობთ, მძიმე დღე გაქვთ და ყვირილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებთ, ბავშვები მამასთან დატოვეთ და ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. თუ სეირნობისთვის დრო არ გყოფნით, ცოტა ხნით ოთახში განმარტოვდით, შეგიძლიათ შხაპი მიიღოთ, მუსიკას მოუსმინოთ. ეცადეთ, დამშვიდდეთ და ბავშვებთან დაბრუნებისას თავს უკეთ გრძნობდეთ, რათა ყვირილისგან თავის შეკავება შეძლოთ.

წყარო:​ imom.com

წაიკითხეთ სრულად