Baby Bag

ფსიქოლოგი ნინო ბუაძე დაწყებით კლასებში არსებულ პრობლემებზე და მათი დაძლევის ხერხებზე

ფსიქოლოგი ნინო ბუაძე დაწყებით კლასებში არსებულ პრობლემებზე და მათი დაძლევის ხერხებზე

დაწყებით კლასებში არსებულ პრობლემებზე და მათი დაძლევის ხერხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნინო ბუაძე, რომელმაც რამდენიმე მაგალითი გვაჩვენა, რაც მშობლებსა და მასწავლებლებს დაეხმარებათ სირთულეების დაძლევაში:

- გვითხარით რამდენიმე ნიშანი, რა პრინციპითაც მშობლებმა პირველი მასწავლებელი უნდა აარჩიოს?

- პირველ რიგში, მშობელსა და მასწავლებელს შორის უნდა შედგეს კარგი კომუნიკაცია, რომ ბავშვმა ეს იგრძნოს. ბავშვი ძალიან კარგად ხვდება, როგორი დამოკიდებულება აქვთ მასწავლებელს და მშობელს, თუ იგრძნო, რომ მასწავლებელი მშობლისთვის ახლობელია და სიამოვნებს მასთან კომუნიკაცია, ბავშვის დამოკიდებულებაც უკვე სხვანაირი ხდება. შემდეგი ეტაპები არის ის, რომ მშობელიც და მასწავლებელიც თანაბრად უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ ბავშვმა თავი კარგად იგრძნოს ახალ გარემოში, ეს ეხება სასკოლო გარემოს. დაინტერესებული უნდა იყოს მასწავლებელი და ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს ბავშვის შესაძლებლობები, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მშობლისგან მიღებული ინფორმაციით და შემდეგ უკვე თავისივე დაკვირვების საფუძველზე უნდა გადაამუშაოს და გაანალიზოს ეს ყველაფერი. როგორი კომპეტენციისაც უნდა იყოს, აუცილებელია ბავშვი უყვარდეს უპირობოდ. უპირობო სიყვარული ნიშნავს, რომ მიყვარხარ განურჩევლად სქესისა, წარმომავლობისა, შესაძლებლობისა და ა.შ. ბოლოს კი, მასწავლებელი უნდა იყოს დაინტერესებული, მაქსიმალურად წაახალისოს ყველა მისი შესაძლებლობა და გამოწვევა, გამოირჩეოდეს პოზიტიური კომუნიკაციით. პედაგოგს უნდა ესმოდეს პოზიტიური სამოტივაციო ენა როგორც ბავშვთან ურთიერთობისას, ისე მშობელთან.

- ექვსი წლის ასაკში ერთი და იმავე კითხვა შეიძლება, ბევრჯერ დასვას ბავშვმა. როგორ უნდა გაუმკლავდეს მასწავლებელი ამას?

- პირველი, რაც უნდა გააკეთოს მასწავლებელმა ეს არის, რომ გაარკვიოს მოტივები. მოტივი შეიძლება სხვადასხვა იყოს. შეიძლება მართლაც ვერ გაიგო მან პასუხი კითხვაზე, მეორე მოტივი შეიძლება იყოს, რომ ეს პასუხი არაა ამომწურავი მისთვის, შეიძლება მიზეზი ის იყოს, რომ ამით ყურადღებას იქცევს, შეიძლება მას არ უნდა სხვა, მისთვის არასასურველ თემაზე საუბარი (შეიძლება იყოს დავალების შემოწმებაზე გადასვლა და ამისთვის თავის არიდება). შეიძლება მისი მოტივი მასწავლებლის გაღიზიანება იყოს, ამითაც რაღაც სურვილს იკმაყოფილებს ბავშვი. ნეგატიური ყურადღებაც ყურადღებაა და შეიძლება სულ უყურადღებობას ნეგტიური ყურადღება ერჩივნოს მოსწავლეს. შეიძლება საერთოდ ქცევის დარღვევასთან გვაქვს საქმე. მასწავლებელმა, პირველ რიგში, უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვას, თუ არ წყვეტს კითხვის დასმას, შემდეგ უნდა სთხოვოს, რომ უკეთ აუხსნას, მაგალითად უთხრას, რომ დახატოს ის, რა კითხვასაც სვამს. მასწავლებელი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ცხადი გახადოს კითხვა. საბოლოოდ, თუ მაინც ვერ გაუმკლავდა მასწავლებელი ამას, მაშინ უნდა სთხოვოს, რომ გაკვეთილის დასრულების შემდეგ განიხილავს მასთან ერთად. თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ დაადგინოს მოტივი, რა მიზნით აკეთებს ამას.

- რა რჩევებს მისცემთ დამწყებ მასწავლებელს, როგორ დააბალანსოს დისციპლინა და მეგობრული გარემო ერთად?

- დისციპლინასა და დასჯას შორის სხვაობა არის ძალიან საინტერესო. დასჯა არის, როდესაც მე არ ვიცი ჩემს ქცევას რა შეიძლება მოჰყვეს, ხოლო დისციპლინა არის, როდესაც ვიცი ჩემს ქცევას სასურველს თუ არასასურველს, რა შეიძლება მოჰყვეს. დისციპლინა არის წესები. ხანდახან ჩვენ კი გვგონია, რომ მეგობრულ გარემოში არ უნდა იყოს საერთოდ დისციპლინა. ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტულ სასურველ თუ არასასურველ ქმედებას კონკრეტული რაღაც მოჰყვება. დისციპლინაში ჩადებულია ლოგიკა და არგუმენტები, თუ რატომ ვიცავთ კონკრეტულ წესებს (რატომ ვზივართ გაკვეთილზე ჩუმად, რატომ ვიწევთ ხელს და სხვა). პირველი, რაც უნდა ესმოდეს პედაგოგს არის ის, რომ შეიძლება შესთავაზო რაღაცა ალტერნატივები, მაგრამ ამ ალტერნატივებსაც მე ვთავაზობ. არ ვარ დირექტიული, მაგრამ ვთავაზობ ორ სხვადასხვა რაღაცას, რომელთა შორისაც შეუძლია არჩევანის გაკეთება. ასეა შესაძლებელი, რომ დემოკრატიული აღზრდა არ გადაგვივიდეს ავტორიტარულ სტილში. მეგობრობასაც აქვს წესები და ლოგიკა და არგუმენტები. ყველაფრის უფლება, რომ რასაც მინდა გავაკეთებ, არ არის მეგობრობაში დაშვებული.

- როდესაც ბავშვი არ გვაქცევს ყურადღებას გაკვეთილის მსვლელობისას, როგორ ვიმოქმედოთ?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელს ბავშვის ინტერესებსა და ქცევებზე ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია. მან უნდა იცოდეს, როგორი ტიპის ბავშვთან იწყებს ურთიერთობას. ამიტომ, როდესაც ბავშვი არ გვაქვცევს ყურადღებას, მნიშვნელოვანია ისევ და ისევ მოტივები. შეიძლება ის გადაიღალა, შეიძლება ნაკლებად აინტერესებს ან სულაც უფრო საინტერესო რაღაც მოძებნა. შეიძლება, მას ყურადღების დეფიციტი ჰქონდეს (მას უნდა, მაგრამ ყურადღების კონცენტრაცია არ შეუძლია). ბავშვი ყურადღება შეიძლება მარტო დაფით, ცარცით ან ფურცლით და კალმით ვერ მივიპყროთ, რადგან ახალი ტექნოლოგიების გარემოში ვცხოვრობთ. ამიტომ, შეიძლება ეკრანზე თუ ვაჩვენებთ მისთვის საინტერესო რამეს, მოგვაქციოს ყურადღება. ახლანდელი ბავშვები ეკრანს ძალიან აქტიურად იყენებენ, ამიტომ მათთვის ფურცელი და კალამი აღარ არის შთამბეჭდავი, უფრო მეტი სჭირდებათ, ან ისეთი ფორმით და მეთოდით შეთავაზება, რაც საინტერესო იქნება. მაგალითად, თამაშით შეთავაზება, რომ მეტად საინტერესო და მიმზიდველი იყოს ეს პროცესი. ესე იგი, მასწავლებელმა ჯერ თავისი თავიდან უნდა დაიწყოს ამოსვლა. მეტად მშრალი და ერთფეროვანი ხომ არ არის მისი მიწოდების ფორმები ბავშვებისთვის.

ესაუბრა ელენე ოვაშვილი

„ბავშვები, რომლებიც სისტემატურად ეკრანთან არიან, ნაკლებად ითხოვენ სხვა ჩამნაცვლებელ აქტივო...
რა გავლენას ახდენს ონლაინ სწავლება, საათობით ეკრანთან ყოფნა და ჩაკეტილობა ბავშვებზე, როგორ შევუმსუბუქოთ მათ შექმნილი პრობლემები? - ამ საკითხზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნინო ბუაძე...
„აუცილებელია, მშობლებმა გადავლახოთ შინაგანი სტრესი და შფოთვა იმისა, რომ ბავშვმა შეიძლება ი...
​ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ მშობლებს მოუწოდა გადალახონ შინაგანი სტრესი იმის გამო, რომ შეიძლება ბავშვმა მათთან განშორებისას იტიროს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში წასვლამდე მშობელი შვილს დაემშვ...