Baby Bag

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

რატომ ვერ მეცადინეობს გაკვეთილებს ბავშვი, რომელსაც სტრესი აქვს? - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სტრესი ბავშვს უქმნის. მისი თქმით, სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს სასკოლო მასალის ათვისება უჭირს:

„ბოლო პერიოდში ჩემთან მოდიან ხოლმე მშობლები ჩივილით, რომ ბავშვი ვერ სწავლობს. ის ვერ სწავლობს ჩვეულებრივ სასკოლო პროგრამას. ეს არ მიკვირს, იმიტომ, რომ ჩვენთან ძირითადად ამ ტიპის ბავშვები მოდიან, მაგრამ მიკვრის ის, რომ ამ ბავშვებს პრობლემა არ აქვთ ინტელექტუალური. მათ აქვთ ემოციური პრობლემები.“

„ამ ბავშვების მშობლების ნაწილი არის მარტოხელა, დაშორებული, ნაწილი კი არ არის, მაგრამ ოჯახებში არის დაძაბულობა. მშობელი ამბობს: „მასწავლებელი მეუბნება, რომ ბავშვი გაშტერებული ზის.“ გაშტერებული ჯდომა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის სტრესულ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ, სტრესულ სიტუაციაში რომ ჩავარდებით, ხომ არ გესმით და არც ფიქრობთ არაფერზე. ძალიან დაძაბულები არიან ბავშვები. ეს გარედან კი არ ჩანს. ბავშვი არასდროს არ იტყვის მშობელთან, რომ შეწუხდა, გაბრაზდა. ამას არ გამოხატავს. მას ეშინია, რომ არასწორად გაუგებენ. სხვათა შორის, ეს არის ძალიან საინტერესო კიდევ: ბავშვები ყოველთვის თვლიან, რომ მშობლების დაშორებისას დამნაშავეები თვითონ არიან. პატარა ბავშვებზეა საუბარი,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნუ დათმობთ თქვენს შვილებს და ნუ წაგვართმევთ ჩვენსას!“- ევგენი კომაროვსკის მიმართვა რუს მშობლებს

„ნუ დათმობთ თქვენს შვილებს და ნუ წაგვართმევთ ჩვენსას!“- ევგენი კომაროვსკის მიმართვა რუს მშობლებს

ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

„მე ხარკოვში ვარ, ჩემი შვილები, შვილიშვილები და მეგობრები ხარკოვში არიან. დილიდან წარუმატებლად ვცდილობ პირდაპირ ეთერში საუბარს, ინტერნეტს არ აქვს ისეთი ძალა, რომ ვიდეო ჩავრთო. აქ უკრაინაში ყველას ყველაფერი ესმის. არ სჯერათ, არ სურთ, რომ დაიჯერონ. არ უნდათ, რომ საღი გონებით ეს ყველაფერი მიიღონ. უკვე 7 საათი გავიდა, რაც დაიწყო და ეს მივიღეთ.

ახლა ამას ჩვენებისთვის არ ვწერ. მე ვწერ რუსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის. თქვენ ათობით მილიონი ხართ, ათობით მილიონი ის ადამიანი, ვინც ჩემს წიგნებს კითხულობს, ჩემს გადაცემებს უყურებს, ვისაც მე ნამდვილად ვეხმარები 40 წლის განმავლობაში, ვმკურნალობ ბავშვებს, ვასწავლი მშობლებს, ვპასუხობ ათასობით კითხვას.

ახლა ათასობით ბიჭი, რომელიც თქვენ ჯანმრთელები გაზარდეთ, ხელს აჭერს გამშვებ ღილაკს, იღუპებიან და მომავალშიც დაიღუპებიან. თქვენ, ყველას, ვინც ჩვენსავით შეშინებულები უყურებთ ეკრანებთან, თუ რა ხდება, შეგიძლიათ სცადოთ მაინც, რომ ეს ყველაფერი შეაჩეროთ. რომელი დედა დათანხმება თავისი ძვირფასი შვილის დათმობაზე?! ნუ დათმობთ თქვენს შვილებს და ნუ წაგვართმევთ ჩვენსას! გამოდით ქუჩაში! ახლა არამხოლოდ ჩემი, არამედ თქვენი ქვეყნის მომავალიც წყდება.

ისინი, ეს ბავშვები, ახლა აქ არიან. აქ მოვიდნენ, რომ თავიანთი სიცოცხლე გაწირონ და ჩვენ სიცოცხლე წაგვართვან.

დღეს დილის 5 საათზე ძლიერი სროლის ხმამ გამაღვიძა. ომი, ძმური სიყვარული და დენაციფიკაცია ახლა სინონიმებია. ყველას დიდი მადლობა, ვინც მომწერა. რუსეთიდან 300-მდე წერილი მივიღე და ეს მაძლევს იმედს, რომ გაიღვიძებთ!“ - წერს ევგენი კომაროვსკი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად