Baby Bag

„მინდა, მამებს ვუთხრა, რომ ზრუნვა არ არის მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით ზრუნვა, ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„მინდა, მამებს ვუთხრა, რომ ზრუნვა არ არის მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით ზრუნვა, ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ სასკოლო ასაკის ბავშვთან ურთიერთობის წესების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ბავშვის მიმართ სკოლისთვის მოსამზადებლად განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატონ:

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამები, ის, თუ რას ეუბნება მამა ბავშვს ამ შემთხვევაში. ერთია, რომ ბავშვი ფიზიკურად უნდა მიუახლოვდეს სკოლას, მეორეა, რომ მშობლებმა თავიანთი გამოცდილება პოზიტიურად წარადგინონ ბავშვისთვის. ამავე დროს, წიგნები, რომლითაც ბავშვები იხელმძღვანელებენ, სასკოლო ნივთები, მათთან შემხებლობა უნდა ჰქონდეს ბავშვს. მშობლებმა უნდა წაიყვანონ ბავშვი, თავად აარჩევინონ სასკოლო ნივთები, ხელჩანთა, სამოსი, რომ ბავშვი იყოს ჩართული მზადებაში. ასეთ შემთხვევაში პირველი გაკვეთილი და სკოლასთან პირველი შეხება იქნება ჩვეულებრივი პროცესის ერთი ნაწილი.“

„მე მინდა, მამებს ვუთხრა, რომ ზრუნვა არ არის მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით ზრუნვა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იგრძნოს მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა უნდა იყოს ემოციური დონის, განცდიდან უნდა იყოს. როდესაც ბავშვს მამა ხელს მოჰკიდებს და ასე მიდიან სკოლაში, ეს ბავშვში უსაფრთხოების განცდას ბადებს. ბავშვი, რომელიც უსაფრთხოდ გრძნობს თავს, მას საკუთარი თავის მნიშვნელობა ეძლევა აქედან. ბავშვისთვის უსაფრთხოების განცდა მოდის პირდაპირ იქიდან, თუ რამდენად გამოხატავენ სიყვარულს მშობლები. მამებს ძალიან დიდი გულისყური სჭირდებათ ბავშვის სასკოლო პროცესთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იქნება, თუ დედა და მამა ერთდროულად იქნებიან ამ პროცესში ჩართული. განსაკუთრებით პირველად რომ მიდის ბავშვი სკოლაში, განსაკუთრებით სასურველია, რომ მშობლები ერთად მონაწილეობდნენ ამ დღეს პროცესში,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ბებიასა და ყველა პაპას ვურჩევ, რომ არ მისცენ შენიშვნები შვილიშვილს,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბებიებსა და ბაბუებს ურჩია, რომ შვილიშველბს შენიშვნები არ მისცენ და მათში კარგის დანახვაზე იყვნენ ორიენტირებულები. შალვა ამონაშვილის თქმით, ასეთ დროს ბავშვს გულში მაინც აწუხებს ის, რომ ის დაჩაგრეს და მას უსაყვედურეს:

„ყველა ბებიასა და ყველა პაპას ვურჩევ, რომ არ მისცენ შენიშვნები შვილიშვილს. ვინც შენიშვნას აძლევს შვილიშვილს, თვითონ არის შენიშვნის ღირსი, რომ რატომ აკეთებ ამასო. ბავშვი რაც გამოსდის, იმას აკეთებს. ჩვენ დადებითი ვეძებოთ ბავშვში. იცელქა, რაღაც გაუტყდა, ფეხი წამოკრა, „აი, ხომ გითხარი, ხომ გაგაფრთხილე,“ - თავს გამოიჩენს ბებია და ბაბუა.“

​არ უნდა ეს გაფრთხილებები. ბავშვი არ ფრთხილდება ასეთი შენიშვნებით. ბავშვს გულში რაღაც აწუხებს, ეთანაღრება, რომ შენიშვნებით დამჩაგრესო. არ სჯობს, ერთმანეთს ვუყუროთ სიკეთით. სიკეთე და სილამაზე დავინახოთ და იმას დავემყაროთ. შენიშვნებს რა გამოლევს ჩვენს ცხოვრებაში. იმას თუ გამოვეკიდეთ, წარსულში დავრჩებით, მატარებელი კი წინ მიდის,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად