Baby Bag

ყველაზე ცუდია, როდესაც დედის ავტორიტეტი ნულზე დადის და აღზრდა არათანმიმდევრულია,“ - ფსიქოლოგი მარი გოგიაშვილი

ყველაზე ცუდია, როდესაც დედის ავტორიტეტი ნულზე დადის და აღზრდა არათანმიმდევრულია,“ - ფსიქოლოგი მარი გოგიაშვილი

ფსიქოლოგმა მარი გოგიაშვილმა ბავშვის ქცევის მართვისთვის თანმიმდევრული აღზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ შეცდომებს გაუსვა ხაზი, რომელსაც ოჯახის ზრდასრული წევრები ამ დროს უშვებენ:

„ხშირ შემთხვევაში დედა იბრძვის. ამ დროს ოჯახის წევრები მას არ მიჰყვებიან. შეიძლება ეს არ იყოს მამა, იყოს დიდი ოჯახი და ეს იყოს ბებია და ბაბუა. იყოს არათანმიმდევრული აღზრდის სტილი, სადაც დედის ავტორიტეტი ნულზე დადის. თუ დედას აქვს სწორად შემუშავებული დასჯა-წახალისების მეთოდი, ამ დროს ბებია, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია, იმის გამო, რომ თვლის ბავშვი უსამართლოდ დაისაჯა, ეხუტება და ეუბნება: „არაუშავს.“ ეს ყველაზე ცუდია. ყველაზე დამაზიანებელი არის ბავშვისთვის ის, რასაც უფროსები ვაკეთებთ. ზიანდება ბავშვი და მეტი არავინ. ბავშვი უჭკვიანესი, უგონიერესი ადამიანია და ხვდება, როგორ წაიყვანოს ყველაფერი. ძალიან საშიშია მანიპულატორი ბავშვი, იმიტომ, რომ ის რისკებს ვერ ზომავს სათანადოდ.“

მარი გოგიაშვილის თქმით, ბავშვს ღირებულებები ოჯახში უყალიბდება. თუ მშობელი მატერიალისტია, ბავშვიც ადამიანების შეფასებას მათი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე იწყებს. თუ მოზარდი მშობლისგან გამუდმებით ძვირფასი ნივთების შეძენას ითხოვს, ამ პრობლემის საფუძვლებიც ადრეულ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ.

„რა არის ღირებულება და სად ყალიბდება? პირველი წყარო არის ოჯახი. თუ დედაჩემისთვის მიღებულია ქურდობა, მაშინ ეს ჩემთვისაც იგივე ღირებულება იქნება. ოჯახი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ჩამოყალიბებაზე. რაც შეეხება მატერიალისტ ადამიანებს, რომლისთვისაც ღირებული არის უფრო ტექნიკა, ჩასაცმელი და ამით აფასებს ადამიანს, ბავშვის შერჩევის კრიტერიუმი გახდება ეს აუცილებლად. მას ძალიან გაუჭირდება, თუ გადაწყვეტს, რომ ნამდვილი მეგობარი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აცვია ბრენდული ტანსაცმელი და აქვს ბოლო მოდელის ტელეფონი. როდესაც ბავშვს პატარა ასაკიდან დედა თვითონ ევაჭრება, ეს დასწავლილი ქცევა გადადის მოზარდობაში. მოზარდმა არ იცის სხვანაირად როგორ ითხოვოს, როგორ გაითვალისწინოს ოჯახის მდგომარეობა. მშობლებმა ეს უნდა იცოდნენ. საიდან იწყება ვაჭრობა? კარგად მოიქეცი და კანფეტს გიყიდი. აქედან იწყება. პირობის გარეშე იყიდე კანფეტი. არა იმის გამო, რომ კარგად იქცევა ბავშვი,“- აღნიშნულ საკითხზე მარი გოგიაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“