Baby Bag

„განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებული უფსკრულის შესახებ ისაუბრა:

„უზნაძემ თქვა, რომ არსებობს უფსკრული ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის. ზრდასრულ ადამიანს, აღმზრდელს, მასწავლებელს ამოძრავებს შესანიშნავი მიზნები. მას სურს ბავშვისგან მიიღოს საუკეთესო, რაც კი შესაძლებელია. მასწავლებელი როგორ შედის საკლასო ოთახში? ის შედის თავისი გეგმებით. კარგი მასწავლებელი შედის ძალიან გრანდიოზული გეგმებით, რომ მიაღწიოს შედეგებს, ბავშვებს უნარები ჩამოუყალიბოს, ცოდნა შესძინოს.“

„არის ადამიანი, რომელიც უფსკრულის მეორე ნაპირზე დგას. განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირიქით, პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, რომ ასეთი მოტივირებული არასდროს არ არის. გთხოვს, რომ უფრო რთული ამოცანა მისცე, ინგლისური სიტყვები შეეკითხო. რას ამბობს უზნაძე? ის ამბობს, რომ ბავშვი არის აწმყოს სუბიექტი და მასწავლებელი ხელმძღვანელობს მომავლით. აცდენილია დროში ეს ორი სუბიექტი. ერთი ელაპარაკება, ვინ მინდა, რომ შენგან 20 წლის შემდეგ მივიღო. მინდა, არაჩვეულებრივი გამოხვიდე, ჭკვიანი, დამოუკიდებელი. არსებობს გამონათქვამი, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კარგი განზრახვებით არის მიმოფანტული. ბავშვი აწმყოს სუბიექტია. იმას იმ მომენტში სულ სხვა რაღაც უნდა. ორი მოტივი არის სრულიად აცდენილი ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი თავისი მიზნებით და ბავშვი თავისი სურვილებით დგანან ორ განსხვავებულ პოლუსზე,“ - აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო:​ აზროვნების აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვილის აღზრდას რა უნდა?! სამი წლის ბავშვსაც მოუვლი ადვილად, ექვსისასაც მოუვლი, მაგრამ როგორ გართულდება აღზრდა, როდესაც ბავშვი მოწიფულობაში შედის,“ - შალვა ამონაშვილი

„ჩვილის აღზრდას რა უნდა?! სამი წლის ბავშვსაც მოუვლი ადვილად, ექვსისასაც მოუვლი, მაგრამ როგორ გართულდება აღზრდა, როდესაც ბავშვი მოწიფულობაში შედის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც შვილის აღზრდისას ვუშვებთ და თანამედროვე სამყაროში მშობლების წინაშე არსებულ სირთულეებს გაუსვა ხაზი:

„ჩვენ არ ვიცით ცხოვრება საით მიაქანებს ჩვენს შვილს. არასოდეს არ ყოფილა იმდენი ნარკომანი მსოფლიოში, რამდენიც ახლაა. არასოდეს არ ყოფილა იმდენი მწეველი, რამდენიც ახლაა. სუიციდები, რაც ახლა არის არასდროს არ ყოფილა მსოფლიოში და საქართველოში მით უმეტეს. რატომ გამრავლდა ეს ყველაფერი?! ბავშვები გახდნენ ასეთები? გარემო შეიცვალა? დიახ, შეიცვალა, მაგრამ​ ჩვენ არ შევიცვალეთ, ავტორიტარები დავრჩით ავტორიტარებად.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვი მშობლების ტყვეობაში იმყოფება და გარკვეულ ასაკში ამ ტყვეობისგან გათავისუფლებას ცდილობს:

„გამოდის, რომ ბავშვი იმპერიალისტთა ტყვეობაში იმყოფება. ეს იმპერიალისტები ჩვენ ვართ, მშობლები. ​ამ ტყვეობას ბავშვი გაუძლებს, ვიდრე ხუთი წლისაა, შვიდი წლისაა, მაგრამ ვეღარ გაუძლებს, როდესაც ცხრა და თორმეტი წლის გახდება. იქ იწყება ჩვენი აღზრდის პრობლემებიც.“

„ჩვილის აღზრდას რა უნდა?! სამი წლის ბავშვსაც მოუვლი ადვილად, ექვსისასაც მოუვლი, მაგრამ როგორ გართულდება აღზრდა, როდესაც ბავშვი მოწიფულობაში შედის. ერთი მეთოდი არის, რომ ვიმეგობროთ ბავშვთან. უნდა უთხრა შვილს: „შვილო, ჩემს სამსახურში იცი რა ხდება, კაცო? ასეთ გაჭირვებაში ვარ. არ ვიცი რა ვქნა, იქნებ შენ მიშველო...“ ბავშვს უნდა დაანახო, რომ ის შენი მეგობარია და იმის რჩევა გჭირდება,"- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად