„განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს,“- ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებული უფსკრულის შესახებ ისაუბრა:

„უზნაძემ თქვა, რომ არსებობს უფსკრული ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის. ზრდასრულ ადამიანს, აღმზრდელს, მასწავლებელს ამოძრავებს შესანიშნავი მიზნები. მას სურს ბავშვისგან მიიღოს საუკეთესო, რაც კი შესაძლებელია. მასწავლებელი როგორ შედის საკლასო ოთახში? ის შედის თავისი გეგმებით. კარგი მასწავლებელი შედის ძალიან გრანდიოზული გეგმებით, რომ მიაღწიოს შედეგებს, ბავშვებს უნარები ჩამოუყალიბოს, ცოდნა შესძინოს.“

„არის ადამიანი, რომელიც უფსკრულის მეორე ნაპირზე დგას. განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირიქით, პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, რომ ასეთი მოტივირებული არასდროს არ არის. გთხოვს, რომ უფრო რთული ამოცანა მისცე, ინგლისური სიტყვები შეეკითხო. რას ამბობს უზნაძე? ის ამბობს, რომ ბავშვი არის აწმყოს სუბიექტი და მასწავლებელი ხელმძღვანელობს მომავლით. აცდენილია დროში ეს ორი სუბიექტი. ერთი ელაპარაკება, ვინ მინდა, რომ შენგან 20 წლის შემდეგ მივიღო. მინდა, არაჩვეულებრივი გამოხვიდე, ჭკვიანი, დამოუკიდებელი. არსებობს გამონათქვამი, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კარგი განზრახვებით არის მიმოფანტული. ბავშვი აწმყოს სუბიექტია. იმას იმ მომენტში სულ სხვა რაღაც უნდა. ორი მოტივი არის სრულიად აცდენილი ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი თავისი მიზნებით და ბავშვი თავისი სურვილებით დგანან ორ განსხვავებულ პოლუსზე,“- აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო:​ აზროვნების აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შეიძლება მუდმივად ერთი საქმის კეთება! გადართვა არის აუცილებელი,“- ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე

ფსიქოთერაპევტმა ლალი ბადრიძემ ადამიანისთვის დასვენებისა და ძალების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„შრომის განწყობაზე რომ ვიყოთ, უნდა დავისვენოთ. როდესაც სულ მუდამ იმ რეჟიმში ხარ, რომ მუშაობ, დაკავებული ხარ და დღე და ღამე გასწორებული გაქვს, შრომის უნარიანობა ძალიან იკლებს. თუ ჩვენს უფროსებს გავაგებინებთ, რომ აუცილებლად გვჭირდება დასვენება იმისთვის, რომ ჩვენი შრომისუნარიანობა უფრო მაღალი იყოს, მაშინ, ალბათ, მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ დავისვენოთ. შაბათ-კვირა ხომ გვაქვს, არა? ის შაბათი და კვირა გამოვიყენოთ დასვენებისთვის. არსებობს აქტიური და პასიური დასვენება. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა. უნდა შეგვეძლოს ჩვენი სხეულის მოსმენა. ზოგჯერ მინდა, რომ დავწვე და არაფერი არ ვაკეთო, ზოგჯერ მინდა, რომ კლუბში წავიდე, გავისეირნო. მოვუსმინოთ საკუთარ თავს და დავისვენოთ ისე, როგორც ჩვენ მოგვწონს.

ძალიან სწორია, რომ მუშაობის პროცესში ზოგჯერ ტელეფონში იყურება ადამიანი. არ შეიძლება მუდმივად ერთი საქმის კეთება. გადართვა არის აუცილებელი. ერთი საათი მუშაობ და 5 წუთი გადაერთვები სადღაც. ასე შრომის ნაყოფიერება უფრო მაღალია და მეც უფრო ვისვენებ. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „მე არ ვიღლები, სულ ენერგიული ვარ, სულ შემიძლია.“ სინამდვილეში აჟიტირებულია ეს ადამიანი. ბავშვებზე იციან ხოლმე, დაჰყავთ ინგლისურზე, ფრანგულზე, ხატვაზე, ცეკვაზე და არ იღლებაო, შეუძლიაო ბავშვს, ამბობენ. განა არ იღლება ბავშვი, აჟიტირებულია უბრალოდ. ამ დროს დასვენება გჭირდებათ აუცილებლად. როგორი ფორმით, ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ,“- მოცემულ საკითხზე ლალი ბადრიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო:​ „პოსტ ალიონი“

წაიკითხეთ სრულად