Baby Bag

„ჰუმანური პედაგოგიკა არანაირად არ არის დაუსჯელობის, „რაც გინდა ქენის“ და „თავზე დამაჯექის“ პედაგოგიკა,“ - პაატა ამონაშვილი

„ჰუმანური პედაგოგიკა არანაირად არ არის დაუსჯელობის, „რაც გინდა ქენის“ და „თავზე დამაჯექის“ პედაგოგიკა,“ - პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ჰუმანურ პედაგოგიკაში დასჯის მეთოდებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ჰუმანური პედაგოგიკა არანაირად არ არის დაუსჯელობის, „რაც გინდა ქენის“ და „თავზე დამაჯექის“ პედაგოგიკა. ჰუმანური პედაგოგიკა არ გულისხმობს, რომ თავდაყირა იარე და მე მოგეფერები. ჰუმანურ პედაგოგიკაში, რა თქმა უნდა, არის დასჯა, მაგრამ ის ძირეულად განსხვავდება ავტორიტარული პედაგოგიკის დასჯისგან. მბრძანებლურ პედაგოგიკაში დასჯაში აქვს გარეგნული სახე, მაგალითად, „წადი კუთხეში,“- თავისუფლება მოვაკელით. თუ წამოარტყამს ვინმე ბავშვს, მაშინ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ჰუმანურ პედაგოგიკაში დასჯას აქვს სინდისის გახსნის ხასიათი. აქ ისეთი ფორმაა დასჯის, როდესაც ბავშვში იხსნება სინდისი. ის თვითონ გრძნობს ხოლმე თავის დანაშაულს. ის თვითონ წუხს ჩადენილის გამო. გარეგნულად შეიძლება საყვედური არავინ არ უთხრას.

ერთხელ მე სახლიდან დაუკითხავად რაღაც ფული ავიღე, იმიტომ, რომ შატალოზე მივდიოდით. 5 მანეთი მოვიპარე. იმ ფულით ნახევარმა კლასმა ვისეირნეთ. ყველა დავპატიჟე კარუსელებზე, ნაყინებზე. სახლში რომ მოვედი, რა თქმა უნდა, დაინახეს, რომ ჩემი აღებული იყო ეს ფული, მაგრამ არც შემარცხვინეს, არც თავში ჩამარტყეს. უბრალოდ საღამოს დედაჩემმა თქვა, დილით რძეზე ვარ წასასვლელი და შენ ხომ არ წახვალო? მე ვუთხარი, წავალ-თქო. მან მითხრა, მაშინ იქ გუშინ დადებული 5 მანეთი დევს და ის აიღეო. აქ დაიწყო ჩემი ტანჯვა. ის 5 მანეთი უკვე დახარჯული მქონდა. მე ვუთხარი, რომ აღარ იდო იქ ფული, მაგრამ არ ვთქვი, რომ მე ავიღე. არავინ არ შემარცხვინა მაინც. ყველამ ერთხმად დაიწყო იმ 5 მანეთის ძებნა. ეძებდნენ უჯრებში და ყველგან. უსინდისოდ მეც ვეძებდი მათთან ერთად, ვითომც არაფერი. ძებნისას შინაგანად ძალიან ვიტანჯებოდი. მოგვიანებით ამ ვითარებას რომ ვაანალიზებდი, ვფიქრობდი, რა იქნებოდა, რომ დავესაჯე სიტყვიერად, გაველანძღე. ბავშვი როდესაც ასე ისჯება, ცხადია, იწყებს თავის მართლებას. არავინ არაფერი მითხრა და ვის შევეწინააღმდეგებოდი? ერთადერთი სინდისი იღვიძებს და სინდისს ხომ ვერ დაემალები? ბოლოს დედაჩემმა თქვა, არაუშავს, მეორე 5 მანეთიც მაქვს, დაანებეთ თავი, ქარის მოტანილს ქარი წაიღებს, ქვიშაა ეგ ფული, სხვა არაფერიო და დადო მეორე 5 მანეთი, ეს აიღეო. იმის მერე ფული რომ დევს, ხელი აღარ გამირბის. ეს არის დასჯის ფორმა. საუკეთესო დასჯა არის დასჯა ბრჭყალებში. დასჯის საუკეთესო ფორმა არის, როდესაც ბრძენი აღმზრდელი კარგ განსჯას ჩაუდებს თავის აღსაზრდელს."

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყოველდღიურად თმის აქტიურად დაბანა არ არის რეკომენდებული, რადგან კანის დამცავი ბაირერი ირღვევა,“ - დერმატო-ვენეროლოგი ნინო ცისკარიშვილი

„ყოველდღიურად თმის აქტიურად დაბანა არ არის რეკომენდებული, რადგან კანის დამცავი ბაირერი ირღვევა,“ - დერმატო-ვენეროლოგი ნინო ცისკარიშვილი

დერმატო-ვენეროლიგიმა, პროფესორმა ნინო ცისკარიშვილმა თმის მოვლის წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად თმის აქტიურად დაბანა რეკომენდებული არ არის:

„ყოველდღიურად თმის აქტიურად დაბანა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან თვითონ კანის დამცავი ბარიერი ყოვედღიური დაბანის შედეგად ირღვევა. თუ პაციენტს აქვს მკვეთრად გამოხატული ცხიმიანი თმა და თუ ყოველდღიურად არ დაიბანს, ეს მისთვის ფსიქოლოგიური პრობლემის შემქმნელი იქნება, რა თქმა უნდა, უნდა დაიბანოს. რეკომენდაციით კვირაში 2-3-ჯერ დაბანა არის რეკომენდებული.“

„ძალიან კარგია B ჯგუფის ვიტამინების ჩამატება აბუსალათინის ზეთთან ერთად. ეს არის გამაჯანსაღებელი ნიღაბი და თმის ზრდას უწყობს ხელს. ასევე კარგია C ვიტამინის მიღება, A ვიტამინის, თაფლის დამატება. ასევე ძალიან კარგია ჯანჯაფილის გამოყენება. თაფლს ცალსახად რეკომენდაციას გავუწევდი, რაც შეეხება უმ კვერცხს უფრო გულს იყენებენ ხშირად და ამას უფრო კარგი ეფექტი აქვს. მხოლოდ გული რომ გამოვყოთ და სხვადასხვა კომპონენტს შევურიოთ, მას ნამდვილად აქვს კარგი ეფექტი,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო ცისკარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად