Baby Bag

„ბავშვთან ჩუმად არასდროს არ იყოთ! ბავშვი ლაპარაკში იზრდება,“- შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

„ბავშვთან ჩუმად არასდროს არ იყოთ! ბავშვი ლაპარაკში იზრდება,“- შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ბავშვთან ურთიერთობაში მეტი სიახლოვის დამყარება და შვილთან ხშირი საუბარი ურჩია:

„როდესაც ბავშვი სადმე მიგყავთ, ჩუმად არ ატაროთ ბავშვი ორი წლისა, ხუთი წლისა, შვიდი წლისა. მუჭებით არ ათრიოთ, აბა ჩქარა წამოდი, ჩქარა, ჩქარა. რაღაც ელაპარაკე. ბავშვი ლაპარაკში იზრდება. ლაპარაკში ხატები ჩნდება. ლაპარაკში წარმოდგენები აშენდება. ამის გარეშე აღზრდა არ მოხდება. გააგრძელე გუშინდელი ზღაპარი, უამბე შენს თავზე რაღაც. რაღაცაზე ილაპარაკეთ. ნუთუ დავმუნჯდით და სალაპარაკო არაფერი გვაქვს?! ბავშვთან ჩუმად არასდროს არ იყოთ!

ერთხელ პაატამ რაღაც აწყენინა დედას ცუდი სიტყვით. ჩემი მეუღლე მართლა ნაწყენი წავიდა, დაჯდა და ტიროდა. მე არ ჩავერიე ამ საქმეში. რომ ჩავრეულიყავი, ვეტყოდი: „როგორ არ გრცხვენია?! მიდი ახლა, ბოდიში მოუხადე!“ მოვახდევინებდი ბოდიშს, მაგრამ მე უკვე ვიცოდი, რომ აღზრდა არ შედგება ამით. როდესაც რამე ხდება ასეთი რთული, არ ეცადოთ, რომ ემოციის ფონზე იქვე გადაწყვიტოთ ამოცანა. გადადეთ ერთი კვირით, ათი დღით. მოიფიქრეთ, როგორ უნდა ამოხსნათ ეს ამოცანა. ბავშვის აღზრდა მრავალუცნობიანი ამოცანაა. ერთს კი ასწორებ, მაგრამ მეორე რომ ფუჭდება?! სულ ვფიქრობდი, რა ვქნა? რა ვქნა? აი, რა გავაკეთე. ერთ დღეს ვმუშაობდი, მოვიდა, მეხუთე კლასში იყო და რაღაცის გაკეთება უნდოდა. ვის უნდა ეს ყველაფერი-მეთქი? მასწავლებელს უნდაო. ვუთხარი, წამოდი, რაღაც მაქვს-მეთქი შენთან სალაპარაკო. რა გაქვს სათქმელიო? აქ არ შეიძლება თქმა, საიდუმლოა-მეთქი. გარეთ გავიპარეთ. ბაღისკენ ჩუმად წავედით. ხმას არ ვიღებდი. ეს ჩვენი წესი არ იყო. პაატა ჩაფიქრდა უკვე. დავსხედით ბაღში. მას ვუთხარი, ეს არის მამაკაცური საუბარი-მეთქი. რამდენი წლის ხარ-მეთქი? 12 წლისა გავხდიო. ეს მეფური ასაკია-მეთქი. რატომო? იმიტომ, რომ ერეკლე მეფე 12 წლისა აკურთხეს მეფედ, ჯარს გაუძღვა წინ-მეთქი. რაც უნდა გითხრა, ამას როგორც მეფე გამიგებ-მეთქი. რჩევა მინდა გკითხო-მეთქი. ერთ დროს გოგო შემიყვარდა ძალიან და ვუთხარი: ოღონდ ცოლად გამომყევი და შენს თავს არავის გავაბრაზებინებ-მეთქი არასდროს. დამთანხმდა და ცოლად გამომყვა-მეთქი. მე ეს პირობა მივეცი ჩემს საყვარელ ქალს, მაგრამ ამ ქალს უკვე აწყენინეს, ვინც აწყენინა ჩემი შვილია, რა ვქნა არ ვიცი და მირჩიე, რა გავაკეთო-მეთქი. დამსაჯეო, პაატამ მითხრა. მე ვუთხარი: დასჯა რომ მდომებოდა, დაგსჯიდი. აქამდე ერთი კაცი ვიყავი სახლში, არ დადგა დრო, რომ ორნი ვიყოთ-მეთქი? ეს იყო მამაკაცის საუბარი მამაკაცთან,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი სახლში რაღაცას გააფუჭებს? - ფსიქოლოგი ცირა ბარქაია

ფსიქოლოგმა ცირა ბარქაიამ ბავშვის მიერ რაიმე ნივთის დაზიანების შემთხვევაში მასთან კომუნიკაციის სწორ მეთოდებზე ისაუბრა:

„ბავშვმა რაღაც გააფუჭა, „შემოეფუჭა,“ ის ამასთან დაკავშირებით იღებს ძალიან უარყოფით რეაქციებს. ადრეული ასაკის ბავშვებში, ჩვენი ერთი შეფასებით შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ბავშვმა დაამტვრია ან გატეხა სათამაშო, შეიძლება გამოვართვათ, ვთქვათ: „შენ არაფრის ღირსი არ ხარ, მოგიტანე და გააფუჭე.“ სინამდვილეში, როდესაც ბავშვი რაღაცის აღმოჩენას აკეთებს, თვალიერების პროცესში შეიძლება დაინტერესდეს, როგორია ეს ნივთი შიგნიდან და ამ ჩხირკედელაობაში გაფუჭდეს ეს ნივთი. ეს მნიშვნელოვანია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. ამით ისინი სწავლობენ და ვითარდებიან.

შესაძლოა, ბავშვმა დააზიანოს ისეთი ნივთი, რომელიც მშობლისთვის არის ღირებული. რატომ გატეხე ნივთი? რა პასუხი უნდა მიიღონ ამ დროს ორი წლის ბავშვისგან ან სამი წლის ბავშვისგან? მოდი, ასე შევხედოთ: რა არის უფრო მნიშვნელოვანი? ის პიროვნება, რომელიც ჩვენ წინ დგას თუ ნივთი, რომელიც ღირებული იყო, მაგრამ ნივთი იყო?! თუ ბავშვს შემთხვევით გაუტყდა ჭიქა და გაოგნებული, შეშფოთებული სახით იყურება, მნიშვნელოვანია, ვუთხრათ: „არაუშავს, ვიცი, რომ შემთხვევით გაგიტყდა, მეც დამმართნია. მოდი, მომეხმარე.“ უსაფრთხოების წესების დაცვით, შესაძლებელია, ბავშვის ჩართვა პროცესებში. ბავშვი გრძნობს, რომ მას რაღაც მოუხდა, მაგრამ მშობელი მასთანაა. ის გრძნობს: „ის დისკომფორტი, რაც მე შევქმენი ჭიქის გატეხვით, დავაკომპენსირე იმით, რომ მშობელს დავეხმარე პრობლემის მოგვარებაში.“

მესმის, რომ მშობელს შეიძლება ეწყინოს, გაბრაზდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ემოციურად დაცული და უსაფრთხო უკუკავშირი მიიღოს. ეს არ იყოს გალანძღვა, დადანაშაულება. ბავშვს გავუზიაროთ ჩვენი ემოციები, ვუთხრათ: „მე მეწყინა, რომ ეს ჭიქა გატყდა. არაუშავს, ხდება ხოლმე, მაგრამ შემდეგისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო ფრთხილად იყო. მე მითხარი, რა ნივთი დაგაინტერესებს და მე შენ ამ ნივთს აუცილებლად მოგცემ!“ ბავშვი ასეთ სიტუაციებში ემოციურად დაცულად უნდა გრძნობდეს თავს და არ უნდა იყოს დასჯის, განკითხვისა და გაკიცხვის ობიექტი,“ - მოცემულ საკითხზე ცირა ბარქაიამ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

წაიკითხეთ სრულად