Baby Bag

„ვიღაცა ვიღაცას რომ გაჰყვა ცოლად, ეს არის მათი პირადი საქმე და ამის გარჩევაც კი უზნეობაა,“- ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

„ვიღაცა ვიღაცას რომ გაჰყვა ცოლად, ეს არის მათი პირადი საქმე და ამის გარჩევაც კი უზნეობაა,“- ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ საქართველოში ადამიანის პირად ცხოვრებაში საზოგადოების ზედმეტი ჩართულობის პრობლემაზე ისაუბრა:

„საზოგადოება ამ საკითხებში ერევა ძალიან ცუდად. დღეს ვნახე კომენტარები, რომ ვიღაცას ვიღაც მოეწონა. რას ლანძღავენ ადამიანები წყვილს: ფულისთვის გაყევიო, აბა მაგ მახინჯს რატომ გაყვაო? ჯერ ერთი, შენ ვინ ხარ საერთოდ?! პოლიტიკური პოსტი რომ იყოს, იფიქრებდი, რომ გადაუხადეს. აქ ხომ არავის გადაუხდია, ასე თქვიო. ეს ხალხის მოსაზრებებია. ისეთი საზიზღრობები წერია... რა შენი საქმეა?! რატომ უნდა წერო ეს? ვიღაცა ვიღაცას გაჰყვა ცოლად, რატომ წერ, რომ ფულის გამო გაჰყვა? რატომ არის ის კაცი მახინჯი? რეებს წერ? რა შენი საქმეა? საიდან იცი. ეს არის ბოღმა და შური.

ვოლტერს უწერია, რომ გომბეშოსთვის ყველაზე ლამაზი არის გომბეშო. როდესაც გიყვარს ადამიანი, ის შენთვის არის ლამაზი. ვიღაც გიყვარს და მე გეუბნები: რამ შეგაყვარა? რა არის ახლა ეს?! არის პირადი საქმე, ეს არის პირადი საქმე და ამის გარჩევაც კი უზნეობაა. საზოგადოება ყოფს ცხვირს იქ, სადაც საერთოდ არ ესაქმება. საზოგადოებაში უნდა მოიქცე, როგორც საზოგადოებას ეკადრება იმ კონტექსტში. მე არ უნდა ვიყო უზრდელი, მაგრამ საზოგადოება არ უნდა შემომიძვრეს ჩემს პირად საქმეებში. უნდა ვიცოდეთ პიროვნების ადგილი სად არის და საზოგადოების ადგილი სად არის. ჩვენთან ეს არეულია. გამოვდივარ ტელევიზიით და დედას ვიგინები. ეს არ უნდა გავაკეთო, იმიტომ, რომ საზოგადოებას უნდა ვცე პატივი. შენ რომ მოდიხარ და მეუბნები: „შენ ვინც აირჩიე, რას ჰგავს, შე ფულის მონა,“ ეს არ არის შენი საქმე,“- აღნიშნა ზურაბ მხეიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად