Baby Bag

„უპირობო სიყვარული უსასრულოდ არ არის საჭირო, ის უნდა დავლექოთ ადრეულ ბავშვობაში,“- ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

„უპირობო სიყვარული უსასრულოდ არ არის საჭირო, ის უნდა დავლექოთ ადრეულ ბავშვობაში,“- ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ქართველი დედის ჰიპერმზრუნველობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედების მსგავსი დამოკიდებულება ქართველი მამების პასიურობითაც არის გამოწვეული:

„ჰიპერმზრუნველობით ცნობილები არიან ებრაელი დედებიც, ქართველებზე უფრო მეტად. არ ვიცი აქ რატომ ჩამოყალიბდა ასე. უპირობო სიყვარული უსასრულოდ არ არის საჭირო. არსებობს უპირობო და განპირობებული სიყვარული. უპირობო სიყვარულს უწოდებენ დედობრივ სიყვარულს. მე მიყვარს იმიტომ, რომ ჩემი შვილია. რაც ჩემი შვილისთვის საჭიროა, ყველაფერზე ვარ წამსვლელი. მამის სიყვარული არის აბსოლუტური. ის გეუბნება, რომ შენ მიიღებ რაღაცას იმ შემთხვევაში, თუ რაღაცას გააკეთებ. ასეთი ტიპის სიყვარული 11-12 წლის ასაკიდან ბავშვისთვის აუცილებელია, რომ მასში პასუხისმგებლობის გრძნობა ჩამოყალიბდეს. პასუხისმგებლობის შეთავაზება მშობლის მხრიდან, იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს ზრდასრული, არის აუცილებელი.

„დედა გენაცვალოს,“- ეს დარჩება ყოველთვის დედას, მაგრამ ან დედა უნდა გადაეწყოს ახალ ნიადაგზე, ან ვიღაც უნდა არსებობდეს, რომელიც ბავშვს პასუხს მოსთხოვს თავის საქციელზე, რომ ის პასუხისმგებელი გახდეს ქცევაზე. რატომ მოხდა საქართველოში ასე, რომ დედა ჰიპერმზრუნველია? მამებმა გადაწყვიტეს, რომ შვილი უნდა გაზარდოს მარტო დედამ. „შენი ბრალი იქნება, თუ შვილი კარგი არ გამოვიდა, მეტი რა საქმე გაქვს? სხვა რა გევალება?! შენ შვილი უნდა გაზარდო!“ - აქ ეს დამოკიდებულება იყო. ამის ბრალია, რომ დედებმა ზედმეტი აიღეს თავიანთ თავზე. დედა ნებისმიერ ასაკში მზად არის, რომ შვილისთვის ყველაფერი გააკეთოს.

მე მოხარული ვარ, რომ ახალ თაობაში მამები გააქტიურდნენ. მამა უნდა ჩაერთოს ბავშვის განათლებაში თავისი მამობრივი სიყვარულით. მამობრივი სიყვარული გახლავთ განპირობებული, პასუხისმგებლობაზე დამყარებული. დედობრივი სიყვარული გახლავთ უპირობო. უპირობო სიყვარული უნდა დავლექოთ ადრეულ ბავშვობაში, მაგრამ თანდათანობით როგორც ზრდასრულს, პასუხი უნდა მოვთხოვოთ ქცევაზე. ნელ-ნელა ეს ცოდნა შემოდის ჩვენთან,“- აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო:​ „ათონის დარბაზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად