Baby Bag

8 ფრაზა, რომელიც მშობლებმა თავიანთი ლექსიკონიდან უნდა ამოიღონ

8 ფრაზა, რომელიც მშობლებმა თავიანთი ლექსიკონიდან უნდა ამოიღონ

დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები არამხოლოდ პატარებს, დიდებსაც ხშირად უდიდეს ტკივილს აყენებს. ბავშვები ცხოვრების შეცნობას იწყებენ, მათ სამყაროზე წარმოდგენები უყალიბდებათ. მათთან საუბრისას მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. ჩვენს სტატიაში იმ 8 დამაზიანებელ ფრაზას გაგაცნობთ, რომელიც მშობლებმა ლექსიკონიდან უნდა ამოიღონ.

1. შენი არ მჯერა!

ბავშვთან გახსნილი ურთიერთობის ჩამოყალიბება ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია. თუ გსურთ, რომ შვილი გენდობოდეთ და მისი პრობლემების საქმის კურსში იყოთ, არასდროს უთხრათ მას, რომ ის მატყუარაა და მისი არ გჯერათ. ეს თქვენსა და ბავშვს შორის ურთიერთობას უდიდეს ზიანს მიაყენებს და ბავშვი თქვენ მიმართ ნდობას დაკარგავს.

2. სახლიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდები!

მუქარა კომუნიკაციის ნეგატიური ფორმაა. თუ ბავშვი ურჩობს და ცუდად იქცევა, ის უკვე სტრესულ მდგომარეობაშია. თუ მას დაემუქრებით, რომ სახლიდან წახვალთ და ვეღარ გნახავთ, ეს კიდევ უფრო დასტრესავს ბავშვს და ის უსაფრთხოების განცდასაც დაკარგავს. თუ შვილთან კამათი მწვავდება და გრძნობთ, რომ ნეგატიური ფრაზების წარმოთქმის სურვილი გიჩნდებათ, სჯობს, გაჩუმდეთ და შვილსაც დამშვიდებისკენ მოუწოდოთ. საუბარი კი სხვა დროისთვის გადადეთ.

3. არასდროს შეიცვლები!

სიტყვები „ყოველთვის“ ან „არასდროს“ თქვენი ლექსიკონიდან ამოიღეთ. მსგავსი სიტყვით დაწყებული ფრაზა ბავშვს უიმედო მდგომარეობაში აგდებს. „ყოველთვის გეშლება!“ „არასდროს შეიცვლები!“ - ბავშვს ნეგატიურ ფსიქოლოგიურ ჩარჩოს უყალიბებს. ის პასიურდება და ბედს ეგუება.

4. იმიტომ, რომ მე ასე ვამბობ!

მშობელი ამ ფრაზით ბავშვს აგრძნობინებს, რომ მისი აზრები და სურვილები უმნიშვნელოა. ბავშვი ვერც ვითარებაში ერკვევა და ვერ იგებს, რატომ უნდა გააკეთოს ან არ გააკეთოს რაღაც. თუ ბავშვები ეზოში ჩაყვანას გთხოვენ, თქვენ კი ჭურჭელი გაქვთ გასარეცხი, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ: „ეზოში არ ჩავალთ, იმიტომ, რომ მე ასე ვამბობ,“ უთხარით, რომ ჭურჭელი გაქვთ დასარეცხი, რის გამოც ვერ ახერხებთ ეზოში მათ ჩაყვანას.

5. თვითონ უნდა იცოდე!

ბავშვისთვის „სულელის“ წოდება მისი უპატივცემულობა და დამცირებაა. როდესაც მის კითხვას დაცინვით პასუხობთ და უმტკიცებთ, რომ მან პასუხი თავად უნდა იცოდეს, ეს ბავშვს სასოწარკვეთაში აგდებს. ის თქვენს სიტყვებს მეტისმეტი სერიოზულობით იღებს და თვლის, რომ უფროსებმა ყველაფერი ზუსტად იციან.

6. წვნიანს თუ შეჭამ, დესერტს მიიღებ

ეს ფრაზა ბავშვს არწმუნებს, რომ დესერტი ყველაზე კარგი და სასურველი საკვებია. თუ გსურთ, რომ ბავშვს მავნე კვებითი ჩვევები არ ჩამოუყალიბდეს, დესერტი ჯილდოს სახით არასდროს გამოიყენოთ.

7. დარწმუნებული ხარ, რომ შეგიძლია?

ჰიპერმზრუნველი მშობლები შვილების შესაძლებლობებს ყოველთვის ეჭვით უყურებენ და ნებისმიერი ინიციატივისგან მათ დაცვას ცდილობენ. ამ მიზნით ისინი ხშირად ბავშვებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას უკრძალავენ. ეს ბავშვის თავდაჯერებულობაზე ძალიან ნეგატიურად აისახება. ბავშვს მომავალში საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება გაუჭირდება.

8. მძულს ჩემი სამსახური

სამსახურში ცუდი დღეები ყველას აქვს. შესაძლოა, სახლში დაბრუნებულმა მეუღლეს შესჩივლოთ, რომ თქვენი სამსახური გძულთ. თქვენმა ფრაზამ, შესაძლოა, ბავშვი დაარწმუნოს, რომ სამსახური საშინელი რამ არის. თუ ბავშვი ამ ფრაზას ხშირად ისმენს, მას მომავალში პროფესიის არჩევა გაუჭირდება.

წყარო: ​brightside.me 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩახუტება, ერთმანეთის მოკითხვა უფრო კარგი და სწორი მიდგომაა, რათა ბავშვმა ინტერაქცია დაიწყოს" - ფსიქოლოგი

,,ჩახუტება, ერთმანეთის მოკითხვა უფრო კარგი და სწორი მიდგომაა, რათა ბავშვმა ინტერაქცია დაიწყოს" - ფსიქოლოგი

,,​ყველაზე კარგი არის ბავშვისთვის ჩვენი მაგალითის ჩვენება, მაგალითად, იმის თქმა, რომ დღეს მე გახარებული ვარ და მიხარია შენთან კომუნიკაცია", - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ქეთი დალინკევიჩმა გადაცემაში ,,შუადღე" საუბრისას აღნიშნა.

,,ხშირად ვურჩევ მშობლებს, როდესაც სკოლაში ან ბაღში აკითხავენ შვილებს, ნუ ჰკითხავთ, აბა, რა ხდებოდა დღეს, მომიყევი რა ხდება ბაღში თუ სკოლაში, რადგან ეს ბავშვისთვის აღიქმება, როგორც აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ,,დღეს რა დააშავე", ,,ცუდი რა მოხდა", ,,კარგი რა მოხდა", მაგრამ ფორმა მაინც არის უხეში. ამ დროს ბავშვები უფრო მეტად იკეტებიან. 

მაგალითად, შვილისთვის ამის თქმა - მიხარია შენი ნახვა დღის ბოლოს, ჩახუტება, ერთმანეთის მოკითხვა უფრო კარგი და სწორი მიდგომაა, რათა ინტერაქცია დაიწყოს და ბავშვსაც გაუჩნდეს სურვილი, რომ დაიწყოს ჩვენთან საუბარი, ვიდრე ის, რომ დავუსვათ ინტერაქტიული შეკითხვები", - განმარტა ფსიქოლოგმა.

წყარო: ,,​შუადღე"

წაიკითხეთ სრულად