Baby Bag

თუ ბავშვმა ცუდი ნიშანი მიიღო, თქვენ სრული უფლება გაქვთ გამოხატოთ წყენა, მაგრამ გამოიყენეთ სიტყვა „არაუშავს“ - მზიკო დალაქიშვილის რეკომენდაცია

თუ ბავშვმა ცუდი ნიშანი მიიღო, თქვენ სრული უფლება გაქვთ გამოხატოთ წყენა, მაგრამ გამოიყენეთ სიტყვა „არაუშავს“ - მზიკო დალაქიშვილის რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა ბავშვებში ტყუილის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებთან საუბრისას სიფრთხილე გამოიჩინონ:

„მესმის ყველა მშობლის, რომელსაც უნდა, რომ ბავშვთან არ დასჭირდეს იმ ლექციის წაკითხვა, რომ მე შენ ყველაფერს გაგიგებ, არ მითხრა ტყუილი, ყველაფერს გაგიგებ, რაც უნდა მწარე იყოს სიმართლე. სიმართლის სიმწარე ბავშვებს უკვე ძალიან აშინებთ, როდესაც დედის ემოცია შეიძლება იყოს საშიში. მშობლებო, ეცადეთ, ამ ემოციას, რომელიც გეუფლებათ რაღაც ფაქტის დროს, გამოხატვის სწორი ფორმა შეუსაბამოთ.

ვთქვათ ბავშვმა ცუდი ნიშანი მიიღო. თქვენ სრული უფლება გაქვთ გამოხატოთ წყენა, უთხრათ: „მეწყინა, მერჩივნა უკეთესი ნიშანი მიგეღო, იმიტომ, რომ მგონია, კარგად იმეცადინე, თუმცა არაუშავს.“ ისევ და ისევ გამოიყენეთ სიტყვა „არაუშავს.“ თუ თქვენ გადახვალთ შეურაცხყოფასა და დამცირებაზე, ის დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს. ბავშვს უჩნდება სირცხვილის, დანაშაულის გრძნობა. ეს იმდენად უსუსურს და სუსტს ხდის, რომ თუ კიდევ ერთხელ მოხდა მსგავსი შემთხვევა და ცუდი ნიშანი მიიღო, ის აუცილებლად მოგატყუებთ. შეიძლება მან საერთოდ სწავლაზეც თქვას უარი. ამიტომაც, გამოიყენეთ სიტყვა არაუშავს. ზუსტად იმ მომენტში, სადაც ბავშვს სჭირდებით და სუსტად გრძნობს თავს, თქვენი მხარდაჭერით, სანდოობით შეძლებთ, რომ ეს მდგომარეობა შეცვალოთ,“-აღნიშნულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დარიჩინს სუპერ სანელებელს უწოდებენ, რადგან ის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა თავისი სასარგებლო თვისებებით,“- ლევან რატიანი

„დარიჩინს სუპერ სანელებელს უწოდებენ, რადგან ის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა თავისი სასარგებლო თვისებებით,“- ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა პასკაში შემავალი ინგრედიენტების სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა:

„დარიჩინის ჩხირი მიიღება დარიჩინის ხისგან. შემდეგ ამ ჩხირს ფქვავენ და წარმოიქმნება დარიჩინის ფქვილი. დარიჩინის ფქვილი გამოიყენება საკვებ პროდუქტებში როგორც სანელებელი. ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ანტიოქსიდანტები. სწორედ ანტიოქსიდანტური თვისების გამო ის მონელების პროცესს უწყობს ხელს. ის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა თავისი სასარგებლო თვისებებით. ამიტომაც უწოდებენ მას სუპერ სანელებელს.

მუსკატის კაკალი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, მაგნიუმს, კალციუმს. მუსკატს ახასიათებს ანტისპაზმური, ანტიდეპრესიული და შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ძველ ინდოეთში ვისაც ჰქონდა უძილობა და შფოთვა, მუსკატის ფხვნილს მოუფრქვევდნენ ხოლმე ბალიშზე.

ქიშმიში შეიცავს მიკროელემენტებს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რკინას, B ჯგუფის ვიტამინებსა და E ვიტამინს,“- აღნიშნულ თემაზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად