Baby Bag

რა განსხვავებაა ცელქ და ჰიპერაქტიურ ბავშვს შორის? - ნევროლოგ გვანცა არველაძის განმარტება

რა განსხვავებაა ცელქ და ჰიპერაქტიურ ბავშვს შორის? - ნევროლოგ გვანცა არველაძის განმარტება

ბავშვთა ნევროლოგმა გვანცა არველაძემ ბავშვის სიცელქესა და ჰიპერაქტივობის სინდრომს შორის არსებული განსხვავებების შესახებ ისაუბრა:

„ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი გახლავთ განვითარების აშლილობა. ის ქცევის დარღვევით ვლინდება. ეს სინდრომი დაახლოებით 3-დან 9%-მდე ბავშვებში არის გამოხატული. პროცენტი საკმაოდ მაღალია. მნიშვნელოვანია მოვახდინოთ დიფერენცირება, არის ეს სიცელქე თუ საქმე გვაქვს სინდრომთან, რომელსაც სჭირდება სპეციალისტის ჩარევა. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? აუცილებელია, რომ ეს ნიშნები გამოხატული იყოს ორ გარემოში. თუ ბავშვი სახლში არაადეკვატურად იქცევა და სკოლაში მას არ აქვს არანაირი პრობლემა, ე.ი. ეს არ არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

სპეციალისტისთვის ძალიან ადვილად გასარჩევია, სიცელქე რა არის და რა არის ჰიპერაქტივობა. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდომის მქონე ბავშვს არ შეუძლია მოსვენება, ვერ ჩერდება გაკვეთილზე. პირველი, რასაც მშობელს ვეკითხებით: „დადის გაკვეთილზე? აქვს ეს ჩივილი?“ ხშირად ბავშვი დგება გაკვეთილზე, გადის. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მას ასე უნდა, ის ამას ვერ აკონტროლებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ თავის ტვინში არის გარკვეული უბნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ყურადღების კონცენტრაციაზე, კონტროლზე, რეაქციაზე, სტიმულზე. მათი არასრულფასოვანი განვითარება იწვევს ამ ნიშნებს ბავშვებში.

ადრეულ ასაკში ჰიპერაქტივობის სინდრომის გამოვლინებაა, რომ მოტორული აქტივობა არის საკმაოდ მკვეთრი, ვერ ხდება ბავშვის გაჩერება, მშობელს არ შეუძლია კონტროლი, არის მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეები. ასეთი ბავშვი გაუჩერებლად ლაპარაკობს, სვამს კითხვებს, ძალიან კომუნიკაბელურები არიან, მათ ძალიან მაღალი მოსწრების უნარიც აქვთ. ეს არ არის სიცელქე. ეს უკონტროლო მოტორული აქტივობაა, რომელიც შემაწუხებელია მშობლისთვის. ბაღში ბავშვს არ შეუძლია აქტივობებში ჩართვა, ინსტრუქციის დამახსოვრება. ამით მშობელი უნდა მიხვდეს, რომ მიმართოს სპეციალისტს. დიაგნოზი უნდა დაისვას მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით. პირველი რგოლი არის პედიატრი, შემდეგ - ნევროლოგი, შეიძლება დაგვჭირდეს მეტყველების სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი. რამოდენიმე ხნის დაკვირვების შემდეგ უნდა დაისვას დიაგნოზი,“- აღნიშნულ საკითხზე გვანცა არველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს პოსტი უშუალოდ ბატონ ღოღობერიძეს ეხება! მიხედეთ USML ტრენინგებს და ონკოლოგიას,“ - გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს

„ეს პოსტი უშუალოდ ბატონ ღოღობერიძეს ეხება! მიხედეთ USML ტრენინგებს და ონკოლოგიას,“ - გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს

პროფესორ გიორგი ფხაკაძესა და ექიმ გიორგი ღოღობერიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება. გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი ღოღობერიძეს მიმართავს:

„ეს პოსტი უშუალოდ ბატონ ღოღობერიძეს ეხება!

ამ ბოლო დროს ექიმებიც იქცევიან, როგორც პოლიტიკოსები. ხალხს ექცევიან, როგორც ელექტორატს...ამბობენ იმას, რაც უმრავლესობას მოსწონსდა არა იმას, რაც სწორია ...ჰიპოკრატეს ფიცი სადაა?

მე რასაც ვსაუბრობ, არის კონკრეტულ ფაქტებზე (იხილეთ ჩემი პოსტები პირველადი წყაროებით) დაფუძნებული. ყველა ჩემი პოსტი, რეკომენდაცია ეფუძნება უშუალოდ კონკრეტულ მტკიცებულებებს, ასევე მას ემატება ჩემი 25-წლიანი გამოცდილება. სად და როგორ ვმუშაობდი, იხილეთ საიტზე.

როგორც ახალგაზრდა ონკოლოგს, წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ რაც შეეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, თქვენ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეთ საქართველოს. კონკრეტულად, თქვენი რამდენიმე პოსტი და სატელევიზიო გამოსვლა ვნახე, სადაც კოვიდზე საუბრობთ და ვაქცინის მნიშვნელობაზე ლაპარაკობთ ისე, როგორც ანტივაქსერი. ანუ ან არ ახსენებთ, ან „როგორც გინდათ, ისე მოიქეცითო” და ბოლო გამოსვლებმა ხომ საერთოდ... -ის, რომ თითქოს „ომიკრონი” ჩვეულებრივი სეზონური გრიპივით არის, ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. თქვენ გგონიათ, გარედან არ ჩანს, რომ თქვენ ცდილობთ ანტივაქსერების გულების მოგებას?!

და ბოლოს, უშუალოდ პოსტკოვიდზე… არ იცით, კოვიდი რას უშვრება ორგანიზმს?! არ იცით, რომ კოვიდი სეზონური გრიპი არ არის?! არ იცით, რომ კოვიდგადატანილი ადამიანების დაახლოებით 60% სხვადასხვა პოსტკოვიდური გართულება ემართაბათ და დიახ, კოვიდგადატანილ მამაკეცების დაახლოებით 37%-ში სპერმის „ხარისხი” ქვეითდება.

საჯარო პოსტების წერა და ასე შეურაცხყოფაზე გადასვლა ახალგაზრდა ექიმს ნამდვილად არ შეეფერება.

თქვენგან განსხვავებით, მე ლაიქები, ფოლოვერები და რეიტინგები არ მაინტერესებს. თქვენგან განსხვავებით, მე ჩემს „სერვისებს” არ ვყიდი არც ტელევიზიებში, არც სხვაგან.პატარა ბავშვები არ ვართ.

დრო გადის, მე რასაც ვამბობ, ზუსტად ხდება. ისე. მე ვაკრიტიკებ კოლეგებს და ვიღებ კრიტიკას, ეს არის ნორმალური პროცესი და პირადში სულ ვსაუბრობთ. ერთი პატარა რჩევა, რეიტინგები პოპულარობა დღეს გაქვს და ხვალ -არა, მაგრამ დაუსაბუთებელი კრიტიკა და, მით უმეტეს, შეურაცხყოფა ეს თქვენს ბიოგრაფიაზე დიდი ლაქაა.

მიხედეთ USML ტრენინგებს და ონკოლოგიას. ონკოლოგები ქვეყანას სჭირდება.

დიდი იმედგაცრუება, დიდი …“ - წერს გიორგი ფხაკაძე.

წაიკითხეთ სრულად